Home » საზოგადოება » მეთიუ ბრაიზა – ევროპა და ამერიკა უკვე დაღლილები არიან, ისინი აღარ ჩაერევიან საქართველოს შიდა დაპირისპირებებში, რომელიც ძალიან შემაწუხებელია

მეთიუ ბრაიზა – ევროპა და ამერიკა უკვე დაღლილები არიან, ისინი აღარ ჩაერევიან საქართველოს შიდა დაპირისპირებებში, რომელიც ძალიან შემაწუხებელია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, მეთიუ ბრაიზას განცხადებით, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ საკააშვილის დაბრუნებამ ქვეყანაში არსებული კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა.

მეორე მხრივ, როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რა სამართლებრივი პროცესებია მის წინააღმდეგ აღძრული.

ამასთან, როგორც ბრაიზამ აღნიშნა, როდესაც ოპოზიციის ლიდერი და ამავდროულად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია, ეს თავისთავად წარმოქმნის პრობლემას და მსოფლიოს თვალში ჩანს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება.

„ჩემი აზრით, საქართველოში ამჟამად ძალიან დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობაა, რაც ჩემს იმედგაცრუებას იწვევს. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში კვლავ პოლიტიკური დაძაბულობაა. ამას ემატება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 19 აპრილს მიღწეული, შარლ მიშელის შეთანხმების გაუქმება.

საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ საკააშვილის დაბრუნებამ კი კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა. საქართველოს მეგობრები ვაშინტონსა და ევროპაში დაღლილები არიან და ამ ყველაფერს უკვე დიდ ყურადღებას აღარ უთმობენ. მსოფლიოში ყველა პოლიტიკური ლიდერი პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებებზე. ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა იცოდა, რომ ეს იყო ძალიან სარისკო გადაწყვეტილება.

მან იცოდა, რომ შეიძლებოდა დაეკავებინათ, თუმცა მან მაინც ჩათვალა, რომ საქართველოში დაბრუნება სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. ვფიქრობ, ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი. არ აქვს მნიშვნელობა, რა სამართლებრივი პროცესებია მის წინააღმდეგ აღძრული. როდესაც ოპოზიციის ლიდერი და ამავდროულად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია, ეს თავისთავად წარმოქმნის პრობლემას და მსოფლიოს თვალში ჩანს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება. ეს ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის მთავრობას და ქვეყანას კრიზისში ამყოფებს“, – განაცხადა ბრაიზამ.

ამასთან, როგორც ის ამბობს, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილს სჯერა, რომ სააკაშვილის დაბრუნებამ არჩევნების შედეგებზე იქონია გავლენა.

„პოლიტიკოსებს და ექსპერტებს, რომლებსაც მე ვესაუბრე, სჯერათ, რომ სააკაშვილის დაბრუნებამ არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონია. ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ სააკაშვილის პარტიის რეიტინგი გაიზარდა, თუმცა ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ამან პირიქით გაზარდა „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა, თუმცა როგორც აშშ-ის არჩევნების პრაქტიკამ აჩვენა, წინასწარი გამოკითხვები და არჩევნების შედეგები ხშირად განსხვავდება. სამეცნიერო და ემპირიული პერსპექტივიდან ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, როგორი იქნებოდა შედეგები სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო. რაც შეეხება სამართლიან სასამართლოს, საქართველოში დამოუკიდებელი სამამართლოს მიმართ ბევრი კითხვაა ამერიკის მთავრობისგან, ვენეციის კომისიისგან და დამკვირვებლების მხრიდან. თუ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სამართლიანად ჩაივლის, დამატებითი კითხვები არცერთ მხარეს არ ექნება…

ვფიქრობ, ევროპა და ამერიკა უკვე დაღლილები არიან. ისინი აღარ ჩაერევიან ქვეყნის შიდა დაპირისპირებებში, რომელიც ძალიან შემაწუხებელია,“ – განაცხადა ბრაიზამ.

ინტერვიუს სრული ვიდეოვერსია იხილეთ 17:00 საათზე, “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში.

ipn.ge

Share