Home » საზოგადოება » „მესამე ლოქდაუნის შემთხვევაში უმუშევრად დარჩენა, დამატებით 150 000-მდე ადამიანს ემუქრება“

„მესამე ლოქდაუნის შემთხვევაში უმუშევრად დარჩენა, დამატებით 150 000-მდე ადამიანს ემუქრება“

ეკონომისტი, აფბას ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი პანდემიის შედეგად შეზღუდვების  შესაძლო დაწესებაზე და მისგან გამოწვეულ შედეგებზე საუბრობს.

მისი განცხადებით, შეზღუდვების ახალ ტალღაზე საუბარი ბოლო დღეებია საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს.

„ახლა გეტყვით რა მოხდება “ლოქდაუნის” მესამედ გამოცხადების შემთხვევაში.უმუშევრობის დონე, რომელიც ისტორიულად მაღალია და 20.4% შეადგენს, კიდევ გაიზრდება და ახალი “ლოქდაუნის” შემთვევაში უმუშევრად დარჩენა, დამატებით 100 000-150 000 -მდე ადამიანს ემუქრება.

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ ერთ სულზე) დოლარში გამოსახული, კიდევ უფრო შემცირდება და ის 4 000$-ის ფარგლებში იქნება.(დაახლოებით 2011 წლის დონეზე).

ამ გამოწვევებს ხელისუფლება ფისკალური და სოციალური სტიმულების პაკეტებით უპასუხებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ისედაც დიდ ლარის მასას და წნეხს წარმოქმნის ეროვნულ ვალუტაზე. რის შემდეგაც კურსი მნიშვნელოვნად გადაიხრება და დაიწყებს ახალი წონასწორობის ნიშნულის ძებნას.

ამ პროცესს განეიტრალებას ცენტრალური ბანკი სავალუტო ინტერვენციებით შეეცდება. თუმცა, ზემოთ ნახსენები სცენარის შემთხვევაში, სებ-ი ვერ მოახერხებს ბაზარზე ბალანსის შენარჩუნებას და არც გააჩნია ამის რესურსი.

თავის მხრივ ეს პროცესი გამოიწვევს ახალ წნეხს ინფლაციაზე, რომელიც ნომინალური კურსიდან იქნება წამოსული, რასაც ცალსახად ვერ გაუმკლავდება სებ-ის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი, რეფინანსირების განაკვეთის სახით. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ სებ-ს მიწოდების შოკების საწინააღმდეგოდ ბერკეტი პრაქტიკულად არ გააჩნია“, – აცხადებს ბაირახტარი.

Share