Home » საზოგადოება » მერაბ ლომინაძე „ნამახვანჰესზე“ – ყველა იმ მხარესთან მოხდება შეთანხმება, რომელიც მოქმედებს არა ვიღაცის დაკვეთით, არამედ ქვეყნის საკეთილდღეოდ

მერაბ ლომინაძე „ნამახვანჰესზე“ – ყველა იმ მხარესთან მოხდება შეთანხმება, რომელიც მოქმედებს არა ვიღაცის დაკვეთით, არამედ ქვეყნის საკეთილდღეოდ

იყო კომუნიკაციის ნაკლებობა ადგილობრივ მოსახლეობასთან, რამაც გააჩინა არაერთი კითხვა,- ამის შესახებ „ენკას“ აღმასრულებელმა მენეჯერმა მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხეობაში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და მორატორიუმი, რომელიც კაშხლის მშენებლობის შეჩერებას ეხება, მოსამზადებელ სამუშაოებს არ უკავშირდება.

კომპანიის ინფორმაციით, „ნამახვანიჰესის“ მშენებელი კომპანია „ენკა“ მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

მათივე ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელები დამატებითი საინფორმაციო კამპანიის გამართვაზე საუბრობენ. ყველა დაინტერესებულ მხარესთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამენ.

„ჩვენ მზაობას გამოვხატავთ იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნები. ყველა იმ მხარესთან მოხდება შეთანხმება, რომელიც მოქმედებს არა ვიღაცის დაკვეთით, არამედ ქვეყნის საკეთილდღეოდ. ცხადია, რომ იყო კომუნიკაციის ნაკლებობა საზოგადოებასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, რამაც გააჩინა არაერთი კითხვა. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, კომპანია „ენკამ“ და კონსორციუმმა მიიღეს გადაწყვეტილება, ჩაეტარებინათ დამატებით კვლევები. ამხელა მასშტაბის პროექტი არ შეიძლება, რომ ცვლილებების გარეშე განხორციელდეს, უშეცდომო არავინ არ არის. ეს არის დასკვნების ექსპერტიზა“,- განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობასთან არასათანადო კომუნიკაცია შედგა. უახლოეს მომავალში კი დაიწყება დამატებითი კვლევები, რომლებიც უკვე არსებული დასკვნების გამყარებას მიზნად ისახავს.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება, სანამ საზოგადოება პროექტის უსაფრთხოებაში არ დარწმუნდება.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ თვითონ „ენკამაც“ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ის მთავარი კრიტიკული ობიექტის მშენებლობა არ დაიწყება მანამ, სანამ არ დასრულდება ექსპერტიზა და არ დარწმუნდება საზოგადოება, რომ ეს პროექტი არის უსაფრთხო. დამოუკიდებელი ექსპერტები გაივლიან არსებულ პროექტს და შეაფასებენ მის უსაფრთხოებას. თვითონ ინვესტორი და ჩვენც დარწმუნებულნი ვართ, რომ პროექტი არის უსაფრთხო. ამ ექსპერტების დაქირავება ხდება მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ ამაში საზოგადოებაც დარწმუნდეს“,- განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა, რომ ნამახვანი ჰესი მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნისთვის.

დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა ამ პროცესში ნამდვილად გამოიკვეთა.

„ვფიქრობ, ნამდვილად იყო სერიოზული კომუნიკაციის პრობლემა. ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნიკაციის პროცესშია არის ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს, როგორ და ვის მიერ. მე უკვე 3 წელია აქ ვარ, ვაკვირდები მედიას ამ ხნის განმავლობაში, არის დრო, როდესაც ეს დამოკიდებულება თურქოფობიური, ანტითურქული იზრდება, მაგალითად, სოციალურ მედიაში, ხშირად ვხვდებით მსგავსი შინაარსის ქსენოფობიურ კონტენტს. ვფიქრობ, „ნამახვანიჰესის“ პროექტი არის კარგი მაგალითი იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ მსგავს საკითხებზე“,- განაცხადა ელჩმა.

მათივე ინფორმაციით, „ნამახვანიჰესის“ კაშხლის მშენებლობის სამუშაოები 9-დან 12 თვემდე შეჩერდა, რის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კი ჰესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხაზი „ნამახვანი ჰესის“ აშენებაზე გადის. პარალელურად, ჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია 3 თვეზე მეტია, გრძელდება. „რიონის ხეობის მცველებმა“ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციები ქუთაისში გამართეს და დააანონსეს, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პროტესტს თბილისში გააგრძელებენ.

Share