Home » ფინანსები » მერაბ კაკულია: „ლარის კურსის გაუფასურება 2016 წელსაც გაგრძელდება“
მერაბ კაკულია: „ლარის კურსის გაუფასურება 2016 წელსაც გაგრძელდება“

მერაბ კაკულია: „ლარის კურსის გაუფასურება 2016 წელსაც გაგრძელდება“

„პოზიტიური მოლოდინების საფუძველი დღესდღეობით არ გვაქვს“

„ლარის დევალვაცია დაიწყო 2014 წლის ნოემბერში. იქიდან მოყოლებული ლარი თანმიმდევრულად ეცემოდა, მიუხედავად ამისა ფასების ზრდის ტემპი იყო ძალიან დაბალი. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ენერგო რესურსებზე და კერძოდ ნავთობპროდუქტებზე, და არა მარტო პროდეუქტებზეც მნიშვნელოვანი ფასის დაცემას ჰქონდა ადგილი. იმ პერიოდში სწორედ ამან დააკომპენსირა დევალვაციის შესაძლო უარყოფითი გავლენა ფასებზე. ეს მუშაობს და ამას არავინ არ უარყოფს. მათ შორის გასული წლის დეკემბერშიც მუშაობდა და განაგრძობს ეს თემა პოზიტიურ ზემოქმედებას 2016 წელსაც, მაგრამ თუ წელს ლარის დევალვაცია გაგრძელდა და ჩემი აზრით ის გაგრძელდება, ძნელია საუბარი რა ტემპით და რა მასშტაბით, მაგრამ მინიმუმ მცოცავი დევალვაცია გაგრძელდება. მცოცავი ნიშნავს შედარებით ნელი ტემპით სვლას.

ლარის გაუფასურებას ექსპორტისთვის ხელი უნდა შეეწყო და იმპორტი მკვეთრად უნდა შეეზღუდა, მაგრამ ჩვენთან რა მოხდა – იმპორტი კი შეიზღუდა და ის 10%-ით შემცირდა 2015 წელს, მაგრამ ექსპორტი შემცირდა 23%-ით. იმიტომ რომ საგარეო მოთხოვნა შესუსტდა, გლობალურ ეკონომიკაში არის ცუდად საქმე და ამან გამოიწვია ექსპორტის შემცირება. ჩვენ ფუნდამენტური პრობლემებისგან თავი ჯერ არ დაგვიღწევია. იგივე ფულადი გზავნილების თემა, 2015 წელს 25%-ით შემცირდა 2014 წელთან შედარებით. გამომდინარე აქედან პოზიტიური მოლოდინების საფუძველი დღესდღეობით არ გვაქვს.

ლარის კურსის სტაბილურობისათვის აუცილებელია, რომ მონეტარული პოლიტიკა იყოს უფრო მოქნილი, ფისკალური და მონეტალური პოლიტიკის ბმა უნდა იყოს უფრო ეფექტიანი. მთავრობის და ცენტრალური ბანკის თანამშრომლობა უფრო ახლო უნდა იყოს ვიდრე აქამდე იყო“ – განაცხადა ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე–პრეზიდენტმა მერაბ კაკულიამ გადაცემა „ბიზნესკონტაქტში“ ლარის კურსზე საუბრისას.

Share