Home » ფინანსები » მერაბ კაკულია: დროა, ჩამოყალიბდეს ფინანსური ჰოლდინგების ეფექტიანი ზედამხედველობის მექანიზმი
მერაბ კაკულია: დროა, ჩამოყალიბდეს ფინანსური ჰოლდინგების ეფექტიანი ზედამხედველობის მექანიზმი

მერაბ კაკულია: დროა, ჩამოყალიბდეს ფინანსური ჰოლდინგების ეფექტიანი ზედამხედველობის მექანიზმი

„თუ ჩვენ შევხედავთ იმ მსხვილი კომერციული ბანკების ბალანსებს, რომლებიც არაპროფილური აქტივების ფაქტობრივ ფლობასა და მართვაშია „ეჭვმიტანილი”, ვნახავთ, რომ ასეთი აქტივები უკვე კარგა ხანია ბანკებისგან გამოცალკევდა და ფინანსურ ჰოლდინგებს გადაეცა…. ემპირიულ დონეზე საკმაოდ ძნელია ერთ ჰოლდინგში შემავალ ბანკებსა და არასაბანკო კომპანიებს შორის რაიმე ექსკლუზიური ურთიერთობის (აფილირების) გამოვლენა, რაც აღნიშნულ კომპანიებს არსებით კონკურენტულ უპირატესობებს მიანიჭებდა, თუმცა სხვადასხვა ფორმით აფილირების დანახვა მაინც შეიძლება”- განაცხადა რადიო „კომერსანტის” გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად” საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზდენტმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მერაბ კაკულიამ. გადაცემაში თემა იყო საბანკო და არასაბანკო ზედამხედველობა, პრობლემები და გამოწვევები.  თავაზობთ გადაცემის შემოკლებულ ვერსიას:

 


– საქართველოს პრალამენტმა განიხილა და კენჭი უყარა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით საქართველოს ეროვნული ბანკის წიაღს დაუბრუნდება საფინანსო ზედამხედველობის სამსახური. რამ განაპირობა ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ ძალიან მნიშნელოვანი სტრუქტურის მოძრაობა აქეთ-იქით ორჯერ მოხდა?

 
– დავიწყოთ იმით, თუ რამ გამოიწვია თავის დროზე ცენტრალური ბანკებიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის გლობალური ტრენდის ჩამოყალიბება, რა იყო ამის მიზეზი? ეს ტენდენცია განსაკუთრებით 90-იანი წლებში გამოიკვეთა, როდესაც როგორც პრაქტიკულ, ისე აკადემიურ დონეზე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მონეტარული პოლიტიკის გატარების და საბანკო ზედამხედველობის ფუნქციების თავმოყრა ცენტრალურ ბანკში იწვევს ინტერესთა კონფლიქტს, რომელიც მონეტარული პოლიტიკისა და საბანკო ზედამხედველობის მიზნებს შორის წარმოიშვება.

 
მოგეხსენებათ, რომ მონეტარული პოლიტიკის მიზანია ფასების სტაბილურობა, ანუ ინფლაციის ზომიერი და პროგნოზირებადი ტემპის მიღწევა და შენარჩუნება; საბანკო ზედამხედველობის მიზანი კი არის ფინანსური სტაბილურობა ანუ ფინანსური სექტორის, უპირველეს ყოვლისა ბანკების, ფინანსური სიჯანსაღის უზრუნველყოფა, რაც მათ მიერ გაწეული რისკების რეგულირებით ხორციელდება.

 
გარდა ამისა, ბოლო 25 წლის განმავლობაში მოხდა ფინანსური საქმიანობის ძირითად სახეობებს – საბანკო, სადაზღვევო და ფასიანი ქაღალდებით ოპერაციებს შორის საზღვრების წაშლა, რაც ცენტრალური ბანკის ფარგლებს გარეთ მათზე კონსოლიდირებული ზედამხედველობის შექმნის მნიშვნელოვან არგუმენტად ჩაითვალა. განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში, განსაკუთრებით ანგლოსაქსური მოდელის მქონე ქვეყნებში, ეს მართლაც ასეა; მაგალითად, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში რთულია ზღვარის გავლება, სად მთავრდება საბანკო საქმიანობა და სად იწყება სადაზღვევო საქმინობა თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრებთან დაკავშირებული ოპერაციები.

 
ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ფინანსური სექტორის დამოუკიდებელი მეგარეგულატორი შექმნა დიდი ბრიტანეთი იყო. მას შემდეგ არა ერთმა ქვეყანამ გაიზიარა ეს მოდელი. 2008 წელს საქართველოს ეროვნული ბანკიდან აღნიშნული ფუნქციის პირველად გამოყოფა და ფინანსური ზედამხედველობის დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა ასე თუ ისე ჯდებოდა გლობალურ ტრენდში, თუმცა სპეციალიტებს ეს გადაწყვეტილება მაშინაც უსაფუძვლოდ და ნაადრევად მიაჩნდათ.

 
სიტუაცია არსებითად შეიცვალა 2008-2009 გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, როდესაც გამოვლინდა, რომ დამოუკიდებელმა და უნივერსალურმა ფინანსურმა რეგულატორებმა ვერ შეძლეს ფინანსური სექტორის სისტემური რისკების განეიტრალება. გარდა ამისა, მათ ხელთ არ აღმოაჩნდათ ფინანსური ინსტიტუტების ქმედითი დახმარების ინსტრუმენტები. მხედველობაში გვაქვს მაგალითად, ე.წ. ბოლო ინსტანციის კრედიტორის ფუნქცია (როდესაც ცენტრალური ბანკი კრედიტს აძლევს ფინანსურად გაჭირვებაში მყოფ ბანკებს), რომელიც ისევ ცენტრალური ბანკების ხელში დარჩა. ერთი სიტყვით, კრიზისმა აჩვენა, რომ ასეთი გამოცალკევება ნაკლებად ეფექტიანია, ამიტომ დაიწყო საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის კვლავ ცენტრალურ ბანკეში რეინტეგრაციის პროცესი. ამ ფონზე, 2009 წელს ფინანსური ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში დაბრუნებას პროფესიულ წრეებში ცალსახად დადებითი შეფასება მიეცა, თუმცა ნათელი იყო, რომ ეს ფაქტი უფრო ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნასთან იყო დაკავშირებული, ვიდრე გლობალური ტენდენციების და ქვეყნის შიდა რეალობის რაციონალურ გააზრებასთან.

 
თქვენ ეს ყველაფერი ერთი მხრივ სამართლებრივი კუთხით, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკურად მისი ადგილი და როლი ახსენით. მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენთან უფრო პოლიტიკური მოტივები იყო ყველაფრის განმსაზღვრელი და სწორედ ამან გამოიწვია აჟიოტაჟი…

 
შორს რომ არ წავიდეთ, სავალუტო ფონდმა პროგრამის განუახლებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად 2016 წელს ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის კიდევ ერთხელ გამოყოფა დაასახელა. ანუ ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ფინანსურმა ორგანიზაციამ, ისე როგორც ქართველ პროფესიონალ ექსპერტთა დიდმა უმრავლესობამ ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუმართლებლად მიიჩნია; მით უმეტეს, რომ ბოლო წლებში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გაძლიერდა ფინანსური ზედამხედველობის ცენტრალურ ბანკებში დაბრუნების გლობალური ტენდენცია. იგივე დიდ ბრიტანეთშიც აღნიშნული ფუნქცია ცენტრალურ ბანკში დაბრუნდა.  ამ საკითხის გარშემო საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე ცხადია, სხვას ვერაფერს იფიქრებ, თუ არა პოლიტიკურ მოტივებთან კავშირს. მოტივი კი იყო ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური უნდობლობა. 

 

 

– მომდევნო თემა კომერციული ბანკების არაპროფილური აქტივებია. საზოგადოება თუ ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მთავარ პრობლემას კონკურენტული გარემოს დარღვევაში ხედავს. თქვენ როგორ ხედავთ ამ რელობას?

 
– რეალობა ასეთია – თუ ჩვენ შევხედავთ იმ მსხვილი კომერციული ბანკების ბალანსებს, რომლებიც არაპროფილური აქტივების ფაქტობრივ ფლობასა და მართვაშია „ეჭვმიტანილი”, ვნახავთ, რომ უშუალოდ ამ ბანკების საკუთრებაში ასეთი აქტივები უკვე კარგა ხანია აღარ არის. ისინი ბანკებისგან ინსტიტუციურად გამოცალკევდა და გადაეცა ფინანსურ ჰოლდინგებს, რომელთა შემადგენლობაშიც მათთან ერთად თვითონ ბანკებიც შევიდნენ. უფრო მეტიც, ემპირიულ დონეზე საკმაოდ ძნელია ჰოლდინგში შემავალი ბანკებსა და არასაბანკო კომპანიებს შორის რაიმე ექსკლუზიური ურთიერთობის (აფილირების) გამოვლენა, რაც აღნიშნულ კომპანიებს არსებით კონკურენტულ უპირატესობებს მიანიჭებდა. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ფორმით აფილირების დანახვა მაინც შეიძლება. მაგალითად, ვთქვათ მოცემული ბანკი უშუალოდ არ აკრედიტებს იმავე ჰოლდინგში შემავალ დეველოპერულ კომპანიას, თუმცა შეუძლია თავის კლიენტს შესთავაზოს აღნიშნული დეველიოერული კომპანიის ფასიანი ქაღალდი ან(და) სხვა რაღაც პროდუქტი.

 
აფილირების გამოსავლენად უფრო ჩაღრმავებული კვლევაა საჭირო, რისთვისაც მასალების მოძიება ადვილი არ იქნება, რადგან ბანკები და არასაბანკო პროფილის კომპანიები კომერციული საიდუმლოების დაცვის მოტივით შეეცდებიან, რომ ეს ინფორმაცია დამოუკიდებელი ანალიტიკოსებისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი. ამიტომ, საჭიროდ მიგვაჩნია ფინანსური ჰოლდინგების რეგულირებისა და ზედამხედველობის პრაქტიკის დამკვიდრება, რაც, ცხადია, ეროვნულმა ბანკმა უნდა განახორციელოს. არსებობს ამგვარი რეგულირების საერთაშორისო გამოცდილება, აუცილებელია მისი შესწავლა და ჩვენი ქვეყნის სპეციფიკაზე მორგება.

 

წყარო: commersant.ge

Share