Home » ფინანსები » მეხანძრის ინოვაციური უნიფორმა – ELVEN TECHNOLOGIES-მა $160 000-ის ინვესტიცია მოიზიდა

მეხანძრის ინოვაციური უნიფორმა – ELVEN TECHNOLOGIES-მა $160 000-ის ინვესტიცია მოიზიდა

Elven Technologies-ის გუნდმა $160 000 მოიზიდა.

Elven Technologies-ი მეხანძრის მაღალტექნოლოგიურ უნიფორმას ქმნის და პირველ საინვესტიციო რაუნდში მოზიდული თანხა უნიფორმის გატესტვა-გაუმჯობესებას მოხმარდება.

კომპანიის თანადამფუძნებლის ვამეხ ხერხეულიძის თქმით, ინვესტიციების მოზიდვის პროცესი საკმაოდ ქაოტური იყო.

“თანხის მოზიდვა 2020 წლის დასაწყისში დავიწყეთ, შემდეგ დაემთხვა პანდემიის პერიოდიც, რომელიც კარგად გამოვიყენეთ და ონლაინ რეჟიმში ყველგან ვცდილობდით ჩვენი პროდუქტის გაცნობას საზოგადოებისთვის. სოციალურ ქსელებში ყველა დაინტერესებულ ადამიანს ვესაუბრებოდით. საბოლოოდ ამან ჩვენი ცნობადობა გაზარდა და საქართვლოში გამოჩნდა 8 ადამიანი, რომლებმაც 5–10 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელეს ჩვენს პროექტში. მათ შორის ყველაზე მსხვილი ინვესტორი ამერიკული ვენჩურული სტუდიო Technovate-ია, რომელსაც აზერბაიჯანელი დამფუძნებლები ჰყავს,” – ამბობს Elven Technologies -ის თანადამფუძნებელი.

მეხანძრის მაღალტექნოლოგიური უნიფორმის ინოვაციურობას ძირითადად ორი ფაქტორი განაპირობებს. ბაზარზე არსებული უნიფორმები მაქსიმუმ 8–10 წამის განმავლობაში იცავს ადამიანს ცეცხლისგან და 15 კილოგრამს იწონის, Elven Technologies-ის უნიფორმას 60–80 წამის განმავლობაში შეუძლია დაცვა და 7კილოგრამს იწონის.

„ჩვენი შემდეგი ნაბიჯები არის უნიფორმაში ტექნოლოგიების ჩაქსოვა, მაგალითად, გაგრილების სისტემის და ა.შ. ამ ეტაპზე, მოზიდული ინვესტიციით შევძლებთ სრული უნიფორმის გატესტვას და გაუმჯობესებას, ასევე იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რომელიც შეიძლება გამოჩდეს ამ პროცესში. პირველი ტესტირება იანვრის ბოლოს ჩატარდება. რთულია დანამდვილებით ვთქვა რამდენია საჭირო, რომ პროდუქტი მივიდეს საბოლოო ვერსიამდე. საჭიროა პატენტის შექმნა, ლიცენზია, რასაც თანხებთან ერთად ბევრი დროც სჭირდება. 2021 წლის ბოლოსთვის გვინდა მოზიდულო ინვესტიციის რაოდენობა 1 მილიონ დოლარამდე გავზარდოთ, 2022 წლის ბლოსთვის კი წესით ბაზარზე უნდა გამოჩნდეს ჩვენი პროდუქტი,“– განაცხადა ვამეხ ხერხეულიძემ „ბიზნესპარტნიორთან“.

Technovate–ის გრანტამდე, სტარტაპზე დახარჯულია 200 000 ლარი, აქედან GITA–ს გრანტი იყო 100 000 ლარი და ევროსაბჭოს ერთ–ერთი პროექტის გრანტი 30 000 ევრო. სტარტაპის დამფუძნებლები არიან ვამეხ ხერხეულიძე, ალექსანდრე ჩუბინიძე, გიორგი გაბარაშვილი და ბელა ბუცხრიკიძე.

„ბაზარი მზად არის ასეთი ინოვაციისთვის, რადგან მეხანძრეები ყოველდღიურად დიდი რისკის ქვეშ არიან. ჩვენი უნიფორმა 5-ჯერ აუმჯობესებს ბაზარზე არსებულს და ფასში დიდი სხვაობაც არაა. ეს იქნება ყველაზე მაღალი დაცვის მქონე უნიფორმა მსოფლიოში.

ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა მსოფლიოს მოცვაა. სტარტაპისთვის მნიშვნელოვანია მივყვეთ ბიზნესისთვის საუკეთესო, გამოსადექ გზას, დიდი იმედი გვაქვს ეს საქართველო იქნება, თუმცა დარმუნებულები არ ვართ,“– აღნიშნა სტარტაპის თანადამფუძნებელმა.

წყარო: business-partner.ge

Share