Home » საზოგადოება » „მედიასაშუალებებში პოზიტივი არამოდურია, სამწუხაროდ, ყოველთვის ნეგატივზე კეთდება აქცენტი“
„მედიასაშუალებებში პოზიტივი არამოდურია, სამწუხაროდ, ყოველთვის ნეგატივზე კეთდება აქცენტი“

„მედიასაშუალებებში პოზიტივი არამოდურია, სამწუხაროდ, ყოველთვის ნეგატივზე კეთდება აქცენტი“

მედიასაშუალებებში პოზიტივი არამოდურია, სამწუხაროდ, ყოველთვის ნეგატივზე კეთდება აქცენტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა თითოეული თქვენგანის წვლილს და გთხოვოთ, მაქსიმალური გახსნილობით შევუდგეთ კიდევ უფრო ძლიერი საქართველოს მშენებლობას. დღეს, მოგეხსენებათ, მედიასაშუალებებში პოზიტივი არის არამოდური. სამწუხაროდ, ყოველთვის ნეგატივზე კეთდება აქცენტი, თუმცა, როდესაც თვალს გადავავლებთ რა გაკეთდა, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩვენგანს აქვს საამაყო გაკეთებული საქმეების გამო“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამ კონტექსტში პრემიერმა იმერეთში მიმდინარე და დეგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. „სწორედ აქ გაივლის აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური შემაერთებელი მაგისტრალები, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის რეგიონებს შორის მიმოსვლა გაცილებით მარტივი გახდება. ინფრასტრუქტურის განვითარებით ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. იცით, რომ ჩვენ ვგეგმავთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კიდევ უფრო გაფართოებას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. იმერეთში ძალიან მზარდი ტენდენციაა ტურისტების შემოდინების კუთხით. მხოლოდ გასულ წელს იმერეთში შემოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 600 000-მდე გაიზარდა, რაც წელიწადში 25%-იან ზრდას ნიშნავს. ქუთაისის საერთაშორისო ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია – განახლებული ტერმინალი, 2019 წლის დასაწყისში, აეროპორტის სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გაიხსნება და ერთდროულად სამჯერ მეტ მგზავრს მიიღებს. 2019 წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტთან, ტრასიდან 700 მეტრის მოშორებით სარკინიგზო სადგურის მშენებლობა, რომელსაც აეროპორტთან დააკავშირებს გადახურული ესკალატორის სისტემა. ამ არეალში აშენდება ტურისტული ცენტრი, სადაც იქნება 2 და 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების მთელი ქსელი, ტურისტების საინფორმაციო ცენტრი და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ასევე რიკოთის უღელტეხილის საგზაო მონაკვეთის მოდერნიზება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ მონაკვეთების მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობის ზრდას, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას, სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეამცირებს მგზავრობის დროს“, – განაცახდა პრემიერმა.

მისი თქმით, უშუალოდ იმერეთის რეგიონში, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში 322 მილიონი ლარი დაიხარჯა, მათ შორის, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურის ობიექტებს, ასევე, საზოგადოებრივი ცენტრებს; ამასთან, გაზიფიცირდა 113 სოფელი და დამატებით 50 000-მდე ოჯახს მიეცა ბუნებრივი აირით სარგებლობის საშუალება; მაღალმთიანი დასახლების სტატუსი იმერეთში მინიჭებული აქვს 52 სოფელს, რომლის მოსახლეობაც სახელმწიფოს მიერ დაწესებული მთელი რიგი შეღავათებით სარგებლობს, რაც პარლამენტის მიერ მთის კანონის მიღების შედეგია.

რაც შეეხება იმერეთში მეწარმეობის, სოფლის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებს, კვირიკაშვილის თქმით, წარმატებით ხორციელდება სახელმწიფო პროგრამები: „აწარმოე საქართველოში“, ,,დანერგე მომავალი”, „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროგრამა“ და „ახალგაზრდა მეწარმე“.

Share