აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ოპერატიული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, აშშ-ის შტატებში დიდი აჯანყება იგეგმება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
ტელეკომპანია ABC News-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ინფორმაცია მიიღო შეიარაღებული ჯგუფის შესახებ, რომელიც 16 იანვარს ვაშინგტონში გამგზავრებას აპირებს.
ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, თუ კონგრესი აშშ-ის პრეზიდენტის 25-ე შესწორებით გადაყენებას შეეცდება, დიდი აჯანყების მოწყობა იგეგემება.
გარდა ამისა, 16 იანვრიდან 20 იანვრამდე აშშ-ის ყველა შტატში შეიარაღებული პროტესტის გამართვა იგეგმება.
ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა. იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი ერთი მუხლისგან შედგება, რომელშიც დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.
ინიციატივის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ დონალდ ტრამპმა თავისი საქციელით აშშ-ის კონგრესთან არეულობა წააქეზა და ცხადყო, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, დემოკრატიასა და კონსტიტუციისთვის საფრთხეს წარმოადგენს, თუ მას თანამდებობაზე დარჩენის საშუალება მიეცემა.
წყარო: imedinews.ge