Home » ბიზნესი » მეცხრე და მეათე ბლოკის მფლობელები ბეჟუაშვილებთან ერთად ჩინელებიც გახდნენ
მეცხრე და მეათე ბლოკის მფლობელები ბეჟუაშვილებთან ერთად ჩინელებიც გახდნენ

მეცხრე და მეათე ბლოკის მფლობელები ბეჟუაშვილებთან ერთად ჩინელებიც გახდნენ

 

რუსულმა ენერგოჰოლდინგმა “ინტერ რაომ” კომპანია “მტკვარი ენერგეტიკა” აქციების 100% გაყიდა.

შესაბამისი ინფორმაცია ჰოლდინგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ეჭვი, რომ მას “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” პირდაპირი წესით შეიძენდა არ დადასტურდა. მასთან ერთად ჩინელი ინვესტორები გამოჩნდნენ.

“ინტერ რაოს” პრესრელიზის თანახმად, “მტკვარი ენერგეტიკა” ინვესტორთა საერთაშორისო კონსორციუმმა შეიძინა. როგორც “ინტერ რაო”-ს მმართველი საბჭოს წევრმა ილნარ მირსიაპოვმა განაცხადა, ჰოლდინგის გრძელვადიანი სტრატეგია ბიზნესის განვითარებას რუსეთის ტერიტორიაზე ითვალისწინებს, თუმცა კომპანია საქართველოში მუშაობის შეწყვეტას არ გეგმავს.

“ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში აქტიურ მუშაობას როგორც ჰიდროგენერაციის სფეროში, ისე ელექტროენერგიის გადანაწილებისა და გაყიდვის სეგმენტში”, – განაცხადა მირსიაპოვმა.

“ინტერ რაო”-ში აღნიშნავენ, რომ “მტკვარი ენერგეტიკა”-ს მფლობელობაშია თბოელექტროსადგური, რომელიც მდებარეობს ქ. გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 40 კმ-ის მანძილზე და ის შედგება ე.წ. მე-9 და მე-10 ენერგობლოკისაგან. საქართველოში “ინტერ რაო” სტრატეგიულ ობიექტებს, მათ სს “თელასს”, “ხრამჰესი 1” -სა და “ხრამჰესი 2”-ს ფლობს.

პირველად ინფორმაცია გარდაბნის ენერგობლოკების გაყიდვის თაობაზე მიმდინარე წლის მარტის ბოლოს გავრცელდა. მაშინ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები “ინტერ რაოსა” და “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს” შორის მიმდინარეობდა.

“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” ერთ-ერთი დირექტორი გელა ბეჟუაშვილია. იგი 2005–08 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი საქართველოს პირველი სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი იყო. ბეჟუაშვილი 2004–05 წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობდა. მისი ძმა, ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი 1994 წლიდან არის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული ორი კომპანიის – ჩHEMEXIM INთEღNAთIONAL LთD-სა და KEMBLE თღADING LთD-ს პარტნიორი. სწორედ ეს კომაპნიაა “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” მფლობელი.

ინვესტორთა საერთაშორისო კონსორციუმის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში არ იძებნება. სამაგიეროდ, უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” შპს “მტკვარი ენერგეტიკის” ახალ მფლობელთა შორისაა.

ჯგუფის ცნობით, მასთან აფილირებულმა საერთაშორისო კომპანიამ, ინვესტორთა კონსორციუმის ფარგლებში, “მტკვარი ენერგეტიკას” დამფუძნებელი კომპანიის წილი შეიძინა. დაგეგმილია შეძენილი აქტივების გამოყენება, როგორც არსებული დადგმული სიმძლავრეების შენარჩუნებისთვის, ასევე სამომავლო სტრატეგიული პროექტების განხორციელებისთვის “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” ჩინელ პარტნიორებთან ერთად.

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრი თემურ ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ როდესაც რუსული გიგანტი ყიდის თავის აქტივებს ასეთი რამ საქართველოსთვის უცხო რამაა.

“რატომ გაყიდა “ინტერ რაო ეესმა”? აქ ორი მიზეზია – პირველი იმიტომ, რომ მეათე ბლოკი აფეთქებულია და დღემდე არ მუშაობს. მეცხრე ბლოკი საკმაოდ ნორმალურად მუშაობს. შედეგად, ამ აქტივების შეძენა არ არის ცუდი და ისეთს არაფერს არ შეცვლის. ჩემი აზრით, ეს არ იმოქმედებს არც ტარიფზე. “ინტერ რაოს” რომ გაეყიდა სხვა აქტივი, მაგალითად, ხრამჰესები, მაშინ ეს ბევრ კითხვის ნიშანს გააჩენდა”, – განაცხადა თემურ ჭიჭინაძემ.

ვაჩე კრიხული

Share