Home » საზოგადოება » “მე მიმაჩნდა, რომ რაც მქონდა უნდა გამეხადა და ქართველებისთვის ჩამეცვა”
"მე მიმაჩნდა, რომ რაც მქონდა უნდა გამეხადა და ქართველებისთვის ჩამეცვა"

“მე მიმაჩნდა, რომ რაც მქონდა უნდა გამეხადა და ქართველებისთვის ჩამეცვა”

მე მიმაჩნდა, რომ რაც მქონდა, უნდა გამეხადა და ქართველებისთვის ჩამეცვა, ამათ უნდათ ბოლო გახადონ უკრაინელებს და ქართველებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ჩართვისას, ბიძინა ივანიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოზე საუბრისას განაცხადა.

„კაცი ვინც იყო ნამდვილად, ვიყავი და ვარ მე. პოროშენკო არის ფულის კაცი, არავის კაცი არ არის. თუ რუსეთში კეთდება ფული, რუსეთში აკეთებს, უკრაინაში ხომ აკეთებს და აკეთებს. საქართველოშიც, ალბათ, ფულზე მოელაპარაკა ივანიშვილს, დარწმუნებული ვარ. ფულის გარეშე არაფერს აკეთებს საერთოდ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, სიტუაცია არის ძალიან მარტივი. ამაში იყო ჩვენს შორის ფუნდამენტური განსხვავება. მე ვიყავი ქვეყნის პრეზიდენტი 9 წელი და არა მხოლოდ მილიარდერი არ გავხდი, ერთი “კაპიკი” არ წამიღია და “კოსტუმებს” მედავებიან. ამას უნდა, რომ რამდენიმე მილიარდი დაამატოს, ისევე, როგორც ივანიშვილი აჯდება – მასობრივად შედის ბიზნესებში, ბანკების უმეტესი ნაწილი წაიღო, ხე-ტყე დიდი ხანია წაღებული აქვს, ურბანისტიკაში შედის. თავის საკუთრებად მიაჩნია ქვეყანა.
მე მიმაჩნდა, რომ რაც მქონდა უნდა გამეხადა და ქართველებისთვის ჩამეცვა, ამათ უნდათ ბოლო გახადონ უკრაინელებს და ქართველებს. ეს არის ჩვენს შორის პრინციპული განსხვავება. ჩემი „დრაივი“ სულ სხვა რაღაცაშია, ჩემი დანიშნულება სულ სხვა რამეა. ამიტომ ისინი შეეცდებიან ჩემს მოტაცებას, ჩატენვას, გადაყვანას, დაპატიმრებას და საბოლოო ჯამში განადგურებას, ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს არის მათი გეგმა, მაგრამ მე არ დავიხევ უკან, მე უკან დასახევი არ მაქვს. მე ვიცავ ჩემს პრინციპებს, ვდგავარ უკრაინელი ხალხის მხარეს, 10 სექტემბერს და ვარ ქართველი ხალხის განუყოფელი ნაწილი. თუ ქართველების ნაწილმა ვერ გაიგო, რა გავაკეთე მე საქართველოსთვის, გავა რამდენიმე წელი და გაიგებს, თუ ქართველები მზად არიან, რომ დაუშვან მათი ხელით ან იქ დასმული პროკურორების, მოსამართლეების, ვიღაცა არარაობების ხელით მათ თვალწინ, ქართული სახელმწიფოს შემქმნელის განადგურება რუსეთის გასახარებლად, ამასაც მივიღებ, რა ვქნა ასეთი ყოფილა ცხოვრება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე განცხადებით, ის მზად არის ყველანაირ გამოწვევას, პროვოკაციას და მუქარას შეხვდეს.
„პოროშენკო დაამთავრებს ძალიან ცუდად, ძალიან სწრაფად. მაგრამ ეს ნაკლებად მადარდებს, მთავარია, ჩვენი ხალხები გამოვიდნენ ამ ჭაობიდან, წუმპიდან. მე საქართველო ამოვიყვანე წუმპიდან, მაგრამ ცოტა დაგვაკლდა და უკან გვექაჩებიან. უკრაინა ბოლომდე ზის ჯერჯერობით ამ წუმპეში. მაგრამ ჩვენ გადავლახავთ ამას. თუ ამას სჭირდება ჩემი მხრიდან მსხვერპლის გაღება, მზად ვარ მსხვერპლი გავიღო. იმიტომ, რომ მე არ შემიქცევია ზურგი მტრისთვის 2008 წელს, როცა ჩვენ გვბომბავდნენ. მე შევხვდი აბსოლუტურად სრული მზადყოფნით ყველანაირ გამოწვევებს, ყველანაირ პროვოკაციას, ყველანაირ მუქარას და ეს მრავალი წელი გრძელდება. საკმარისად გამობრძმედილი ვარ ამ ბრძოლაში და ზუსტად ვიცი, მტერი ჩემს ზურგს ვერ ნახავს; მტერი ჩემს უკან დახევას ვერ ნახავს, მტერი ჩემი გეგმების გადათქმას ვერ ნახავს, ვერც პუტინი და ვერც მასთან სხვადასხვა მოსაზრებით მოქმედი ოლიგარქები“, – განაცხადა სააკაშვილმა.
Share