Home » საზოგადოება » მდინარეების გახსნა და „ხრუშჩოვკების“ კომპლექსური რეკონსტრუქცია – რა წერია თბილისის გენგეგმაში
მდინარეების გახსნა და „ხრუშჩოვკების“ კომპლექსური რეკონსტრუქცია - რა წერია თბილისის გენგეგმაში

მდინარეების გახსნა და „ხრუშჩოვკების“ კომპლექსური რეკონსტრუქცია – რა წერია თბილისის გენგეგმაში

თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა დასრულდა და 13 ნოემბერს თბილისის მერიას ჩაბარდება. ამის შემდეგ დოკუმენტი დედაქალაქის საკრებულოს ახალ შემადგენლობას დასამტკიცებლად გადაეგზავნება. ამასთან, დედაქალაქის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე უკვე შეხვდა ჯგუფის წევრებს, მათი ხედვები მოისმინა და სურვილი გამოთქვა, რომ როგორც კი მერის საქმიანობას შეუდგება, შექმნის  ჯგუფს, რომლის წევრები გენგეგმის პროექტს ძირფესვიანად გაეცნობიან.

მერაბ ბოლქვაძის თქმით, მთავარი კონცეფციები, რაც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს ჰქონდა, იგივე დარჩა, მათ შორის, გარე კონტურის შენარჩუნება-დაცვა, კომპაქტურობა, ლანდშაფტური მწვანე სივცრეებისთვის სისტემური ხასიათის მიცემა და განვითარება და ა.შ.

„იყო ექსპერტების, სამინისტროების მოსაზრებები, რომლებიც ჩვენ გავასწორეთ და მხედველობაში მივიღეთ. ზონირების ძირითად რუქაზე მოხდა მცირეოდენი კორექციები, განსაკუთრებით ლანდშაფტურ და მწვანე სივრცეების განვითარების შესახებ. სამი საქალაქო, ოთხი რაიონული და რამდენიმე საუბნო პარკია უკვე შეთავაზებული, რომლებზე პროექტირება და მუშაობა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე, ასეთი საჯარო რეკრეაციული სივრცეები უნდა გაჩნდეს. თბილისს ამისი დიდი ნაკლებობა აქვს. ბოლო წლებში დიდი საპარკო არეალები არ გაშენებულა. ამიტომ ჩვენ დიღმის ჭალებში, ფონიჭალის არეალსა და შავნაბადას მიმართულებით საქალაქო პარკები გაშენება გვაქვს დაგეგმილი“, —  განუცხადა „კომერსანტს“ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი – საქართველოს“ დირექტორმა, არქიტექტორმა მერაბ ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, გენგეგმაში საუბარია მდინარეების გახსნაზეც: „ამ კუთხით ბევრი კონცეფცია დავამუშავეთ. თბილისს აქვს ძალიან ბევრი დახურული მდინარე. სამწუხაროდ, ჩვენ ბუნება ქალაქიდან განვდევნეთ და მისი ქალაქში შემოყვანის  პროცესი უნდა დავიწყოთ. თემქის რაიონული მნიშვნელობის პარკში, მდინარე ხევძმარა ჩამოდის, რომელიც უნდა გაიხსნას. ასევე, დიღმის არეალში არის წოწორას ხევი. იქაც მდინარე მთლიანად გადახურულია. ეს ადრე თუ გვიან ცუდს შედეგებს მოგვცემს, ისევე, როგორც ვერეს ხეობაში მოხდა. მდინარეების გადახურვა სწორი არ არის, ისინი გახსნილი უნდა იყოს. ნაბიჯ-ნაბიჯ ეს უნდა გაკეთდეს. რაც შეეხება კონკრეტულად ვერეს ხეობას, გენგეგმით გაწერილია, რომ მთლიანად რეკრეაციული სივრცე იყოს, სადაც გამწვანების, დასვენებისა და გართობის ობიექტები განთავსდება. აქ სხვა ვარიანტი არ განიხილება“, – აღნიშნა არქიტექტორმა.

რაც შეეხება ე.წ. ხრუშჩოვკების საკითხს, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს ამასთან დაკავშირებით სპეციალური მოსაზრებები აქვს შემუშავებული. მერაბ ბოლქვაძის ინფორმაციით, პირველ რიგში, იმ კორპუსების რეკონსტრუქცია მოხდება, რომლებიც ყველაზე მეტად ავარიულია.

„განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაშია მესამე მასივში ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე ე.წ. ხრუშჩოვკები, რომლებიც დანგრევის პირასაა. ჩვენ გვაქვს შეთავაზება, სასწრაფოდ შედგეს რეგულირების გეგმა, დამუშავდეს, რომ ცალ-ცალკე შენობების დანგრევა-განვითარება არ დაიწყოს. როგორც ვიცი, მერია აპირებს ასეთი პროექტის დამუშავებას, რომ იქ რეკონსტრუქცია და პერსპექტიული განვითარება ერთიანი პროექტით მოხდეს. ხრუშჩოვკები არის ვაჟა-ფშაველას გამზირზე, დიღმის მასივში. უნდა მოხდეს შესწავლა, მომზადდეს სპეციალური პროექტები, მცხოვრებლებთან მოლაპარაკებები გაიმართოს, თუ რა პირობები უნდათ და თანახმა არიან თუ არა. ვისი სახლიც ჯერ ნგრევის პირას არ არის, მათთან სასაუბროა და ვისიც უკვე ავარიულია, სხვა გზა არ რჩება, პროექტები სასწრაფო წესით არის შესადგენი“, – განმარტავს მერაბ ბოლქვაძე.

ამასთან, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენელს ფრანგი ურბანისტის დასკვნის შესახებაც ვკითხეთ, რომელმაც გეგმის პროექტი შეისწავლა. ბოლქვაძის თქმით, მისი შენიშვნები ნაწილობრივ გაითვალისწინეს.

„მისი გარკვეული შენიშვნები მხედველობაში მივიღეთ, თუმცა ზოგიერთი მოსაზრება არ გავიზიარეთ. ვფიქრობ, რომ მას წინა საპროექტო კვლევის მასალები სრულად არ გააცვნეს. ჩვენ ქალაქის გარე განვითარებაზე უარს ვამბობთ. ფრანგმა ურბანისტმა ეჭვი გამოთქვა, რომ იქნებ ამაზე უარის თქმა არ ღირს. თუმცა განვმარტავ, რომ თბილისში არის დაახლოებით შვიდ მილიონამდე მეტრკვადრატის პროექტები შესრულებული. ქალაქს აქვს დიდი რესურსი გაჩერებული წარმოებების სახით. ამის ფონზე კიდევ გარე განვითარებაზე ხელის შეწყობა სწორად არ მიგვაჩნია“, – აცხადებს ბოლქვაძე.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადა, რომელშიც „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გაიმარჯვა. დოკუმენტზე მუშაობა 18 თვე გაგრძელდა.

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წევრების მიერ, უცხოელ და ქართველი პარტნიორებთან თანამშრომლობით მომზადებული მასშტაბური დოკუმენტი, ათასზე მეტ გვერდს, დაახლოებით 100-მდე ძირითად და თემატურ რუკას და სქემას მოიცავს.

წყარო: commersant.ge

Share