Home » საზოგადოება » მათე გაბიცინაშვილი – საქართველოში “ფორსირებულმა ნეოლიბერალიზმმა” ამოწურა საკუთარი თავი
მათე გაბიცინაშვილი - საქართველოში "ფორსირებულმა ნეოლიბერალიზმმა" ამოწურა საკუთარი თავი

მათე გაბიცინაშვილი – საქართველოში “ფორსირებულმა ნეოლიბერალიზმმა” ამოწურა საკუთარი თავი

“საქართველოში, ბენდუქიძის დროს დაჩქარებული ‘ფორსირებული ნეოლიბერალიზმი’ ეყრდნობოდა 3 ძირითად სვეტს, დღეს ყველა სვეტმა ამოწურა საკუთარი თავი”,  – ამის შესახებ ანალიტიკოსი, მათე გაბიცინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“საქართველოში, ბენდუქიძის დროს დაჩქარებული ‘ფორსირებული ნეოლიბერალიზმი’ ეყრდნობოდა 3 ძირითად სვეტს:

1. ეკონომიკური

ა) საჯარო სფეროს სწრაფი პრივატიზაცია, ბ) კორპორატიული სექტორის სრული დერეგულაცია, გ) გადასახადების შემცირება, რათა მთავრობის ხარჯების შემცირებით, გაიზრდებოდა ბაზრის მიერ კეთილდღეობის შექმნის დონე – სამივე ეს პუნქტი გამოიხატება “მცირე მთავრობის” კონცეფციაში. ამ კონცეფციის ქვეშ განვითარებამ წარმოქმნა მონოპოლიები, გახლიჩა საზოგადოება, სადაც ერთეულები “მოგებულები”, ხოლო მასები “წაგებულები დარჩნენ”. გააქრო სახელმწიფოსადმი და შენი ერისადმი პატივისცემის სტიმულები. არ შეიძლება ნაქურდალზე გამდიდრებულების მიმართ, გაგიჩნდეს პატივისცემის ნატამალი.

2. რეპრესიული

ამ პოლიტიკების გატარებას დასჭირდა რეპრესიული აპარატი, რადგან როგორც ლათინურ ამერიკაში, ისევე აქაც, ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაზე სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობის სრულად მოხსნამ, შედეგად გაზარდა უთანასწორობა, უფრო მეტად გაზარდა სიღარიბე, რამაც გაზარდა სოციალური მღელვარების ხარისხი, რომლის ჩასახშობადაც მმართველი ელიტა იძულებული გახდა გაეზარდა საპოლიციო კონტროლის ხარისხი, გაემკაცრებინა რეპრესიული აპარატი და ასე გადაიქცა სრულმასშტაბიან ავტორიტარულ პოლიტიკურ ელიტად, რომელმაც თავისი პოლიტიკის მიერ შექმნილი წესრიგის დასაცავად, სრულიად ფეხქვეშ გათელა ადამიანის უფლებები და ღირსება. – შედეგად მივიღეთ “მცირე მთავრობის” გადაქცევა “მონსტრ მთავრობად”, რომელიც იდგა რეპრესიულ აპარატზე.

3. პროპაგანდისტული

ქართული ნეოლიბერალიზმის მესამე ძირითადი სვეტი იყო “იმედის მომენტი”. აი დღეს უნდა გავიჭირვოთ, რომ ხვალ მივიღოთ შედეგი. დღეს თუ მოვითმენთ, ხვალ გვექნება კეთილდღეობა. ამ იმედს, ასევე გვერდს უმაგრებდა სრულმასშტაბიანი მედია პროპაგანდა, ანტიმეცნიერული მსჯელობა ეკონომიკაზე და საზოგადოებაზე ზოგადად. ადამიანები გააბრუეს, დააჩლუნგეს, გაზარდეს ახალი თაობა, რომელშიც ყველაზე მეტად დაინახავთ ამ პროპაგანდის მიერ დასმულ დაღს. პროპაგანდის შედეგად, შეიქმნა სიმბოლოები, რომელიც გეუბნება, რომ არაა ფიქრი და ანალიზი საჭირო, ესაა მტერი, ისაა მოყვარე. ესაა დამნაშავე, ისაა მსხვერპლი. ესაა სწორი, ისაა არასწორი. ფიქრი, ანალიზი, სხვადასხვა პერსპექტივები, თვითკრიტიკულობა – ყველაფერი ის, რაც რაციონალური საზოგადოების მახასიათებელი უნდა იყოს, სრულიად გამქრალია.

ამ 3 სვეტიდან, დღეს ყველა სვეტმა ამოწურა საკუთარი თავი.

1. გასაყიდი აღარაფერი დარჩა (ეკონომიკის სამინსტრო ხომ საზოგადოების ქონების sales manager-ად გადაიქცა. კაი გაყიდე ეგ 100 საწარმო. მერე? აქამდე რაც გავყიდეთ, ისინი ამუშავებულია? ))

2. რეპრესიული აპარატის შექმნას არც ქართული საზოგადოება დაუშვებს, და აღარც ძველი მასშტაბის რეპრესიის აუცილებლობა აღარაა, რადგან ის ფორსირებული ეკონომიკური რეფორმები, რომელზეც მიშას დროს აღმოცენდა ის ინსტიტუციური რეპრესიული მექანიზმები, უკვე გატარებულია. ანუ, ეკონომიკური ძალაუფლება გადანაწილებული და საზოგადოებრივი იერარქიები უკვე ჩამოყალიბებულია.

3. ბოლო ერთადერთი, რაც ამ ნეოლიბერალურ ინერციას ზურგს უმაგრებდა, იყო იმედი. მუდმივი დაპირებები, რომ აი დღეს თუ არა ხვალ. აი ხვალ თუ არა ზეგ.

გუშინ, მესამე სვეტიც საბოლოოდ მოინგრა. ნეოლიბერალური ინერცია ლოგიკურ რიტორიკულ დასასრულამდე მივიდა.

გუშინ, 20 წლიანი ფორსირებული ქართული ნეოლიბერალური თავგადასავლის ლოგიკური შედეგი დაიდო: “ძიძებად გადაგამზადებთ 2-3 თვიანი კურსებით და გაგიშვებთ მიუნხენში, სხვა რა გიყოთ”.

იდეოლოგია სრულ კრახს და ფიასკოს განიცდის მაშინ, როდესაც მას წარმოსახვითი კრიზისი ეწყება.

გუშინ ეს იდეოლოგია საბოლოოდ მოკვდა.

ან თეორიული ალტერნატივის შეთავაზებას მოახდენს საზოგადოება, ან ამ მომაკვდავ განვითარებასთან ერთად ჩაიხრჩობა უმოძრაობაში.

ფაქტი ერთია, პოლიტიკურ ელიტას სრული კრიზისი აქვს.

წარმოსახვითი კრიზისი მისი ბოლო ფაზაა.

ერთმა ჭკვიანმა გერმანელმა ეკონომისტმა ასეთი რამ თქვა:

„როდესაც უსამართლობას უჩივის არა მხოლოდ ღარიბი და დაჩაგრული, არამედ ყველა, ვისაც საკუთარი თავი მდიდრად არ მიაჩნია, მაშინ საფრთხეა მოსალოდნელი. ასეთ მდგომარეობას დიდხანს ვერცერთი საზოგადოება ვერ შეეგუება. მაშასადამე, სოციალური სამართლიანობა არის არა სოციალური რომანტიკით გატაცება, არამედ საკვანძო პოლიტიკური ამოცანა.“

იმედის გაქრობა, ამ პოლიტიკურ ამოცანაზე უარის თქმაა. რაც კარგად არსად არ დამთავრებულა.

და ცხადია, არც საქართველო იქნება გამონაკლისი”, – წერს გაბიცინაშვილი.

Share