მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ორეტაპიანად გარდაქმნა, მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურის გაზრდას იწვევს. ასევე, იცვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურების განაკვეთები.
შს სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დაშვება ხდება 20 ლარი, ნაცვლად 40 ლარისა. ამასთან, პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი ხდება და თითოეული ეტაპის საფასური დგინდება დამოუკიდებლად.
„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია – 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების – 90 ლარი.
„A“, „C“, „D“ „BE“, „CE“, „DE“ კატეგორიის და „A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების – 150 ლარი.
სტუდენტს შეღავათი ექნება AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებისას. რამდენადაც აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების საჭიროება არ არსებობს, სტუდენტი თავისუფლდება AM კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის საფასურის გადახდისგან.
18 წლამდე ასაკის პირს B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვა აეკრძალება და შესაბამისად, არსებული შეღავათი B კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად 17 წლის ასაკის პირებისთვის უქმდება.
წყარო: guriismoambe.com