Home » ეკონომიკა » “მართვის ეფექტიანობის თვალსაზრისით, საქართველო ლიდერია რეგიონში და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას უსწრებს”
“მართვის ეფექტიანობის თვალსაზრისით, საქართველო ლიდერია რეგიონში და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას უსწრებს”

“მართვის ეფექტიანობის თვალსაზრისით, საქართველო ლიდერია რეგიონში და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას უსწრებს”

საზოგადოება 20/30–მა საქართველოს ეკონომიკურ მიღწევებსა და გამოწვევებზე ფორუმი გამართა

საზოგადოება 20/30–მა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” საქართველოს ეკონომიკურ მიღწევებსა და გამოწვევებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რიგით მეორე ფორუმი გამართა. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ეკონომიკის ექსპერტებმა და პროფილური არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლება, რომლებმაც ღონისძიებაზე წამოჭრილი საკითხების ირგვლივ დისკუსია გამართეს.

ფორუმს 20/30-ის ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მიხეილ დუნდუა ხელმძღვანელობდა, რომელმაც რამოდენიმე მიმართულებით განავითარა მსჯელობა. კერძოდ მან დისკუსია გახსნა მთავრობის ეფექტურობის შეფასებით –

“მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევის, WGI–ის მიხედვით, რომელსაც მსოფლიო ბანკი აწარმოებს, საქართველოს 2014 წელს, მთავრობის ეფექტიანობის მხრივ, ბოლო 18 წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებელი 2012 წელს 69,9% იყო, ხოლო 2014 წელს – 71,6%-ია. 2012 წელთან შედარებით საქართველომ რეიტინგი 3 პუნქტით გაიუმჯობესა და 2014 წელს მე-60 ადგილი დაიკავა, რითაც გაუსწრო როგორც რეგიონის, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომელთა შორის არიან იტალია, საბერძნეთი, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი სომხეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, რუსეთი, მოლდოვა.

მაკროეკონომიკური გარემოს შესაფასებლად, ქვეყნის საჯარო ინსტიტუტების მდგომარეობის და ტექნოლოგიური მზაობის დონის შესაფასებლად მნიშვნელოვანი ინდიკატორია გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, რომლის მიხედვითაც, 2015-2016 წლებში მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის საქართველო 66-ე პოზიციაზე იმყოფება და უსწრებს სლოვაკეთს, საბერძნეთს, მონტენეგროს, ხორვატიას. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის სიდიდის მიხედვით 2015-2016 წლებში 2011-2012 წლებთან შედარებით საქართველომ პოზიცია 22 ადგილით გაიუმჯობესა და 88-ე ადგილიდან 66-ე ადგილზე გადმოინაცვლა მაშინ, როცა 2011-2012 წლებში 2006-2007 წლებთან შედარებით პოზიცია 1 ადგილით გაიუარესა და 87 ადგილიდან 88 ადგილზე დაქვეითდა. დღეს 2011-2012 წლებთან შედარებით კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით 140 ქვეყანას შორის, საქართველო მსოფლიოში მე-8 ადგილზეა”

– განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მიუხედავად რეიტინგებში არსებული წინსვლისა, ყველა პრობლემა დავაფიქსიროთ, შევკრიბოთ, ავკინძოთ და შემდეგ მივცეთ მსვლელობა საზოგადოება 2030-ის მხრიდან. ჩვენი საზოგადოება სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ბიზნესწრეებში არსებული პრობლემატიკა მოისმინოს, შეაფასოს, შეაჯეროს და შემდგომ მისცეს მსვლელობა ოფიციალურ პირებთან. ამ მიზნით აუცილებელია შეხვედრები, პროაქტიური კომუნიკაცია შესაბამისი მიმართულებით, ეს ეხება როგორც მთავრობას, ისე ეროვნულ ბანკს და ყველა ინსტიტუციას, რომელიც საქართველოშია და პასუხისმგებელია პოლიტიკაზე, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ პოლიტიკაზე. მაგალითად, ეფექტიანობის თვალსაზრისით საქართველო ლიდერია რეგიონში და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას ჯობია. კარგია, რომ ბოლო 14 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და 70%-იანი ეფექტიანობიდან 80%-იან ეფექტიანობაზე გადავიდეთ” – აღნიშნა 20/30-ის ექსპერტმა.

მიხეილ დუნდუამ ფორუმზე საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებულ პარამეტრებზეც გაამახვილა ყურადღება, მისი თქმით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ევროკავშორთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ევროკავშირში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი შემცირდა – “სინამდვილეში ხდება პირიქით 2015 წლის 8 თვე ყველაზე წარმატებულია ევროკავშირთან ვაჭრობის თვალსაზრისით. ამ პერიოდში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში, ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე გაიზარდა 40%-ით წინა წლის ინვარ-აგვისტოსთან შედარებით. მთლიანი ექსპორტის მაჩვენებელში რეექსპორტის კომპონენტის შემცირების მიუხედავად ექსპორტი მაინც გაზრდილია და ხაზს ვუსვამ, მკვეთრად არის გაზრდილი ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი მთელი 40 %-ით”.

მისივე თქმით, რადიკალურად არის გაუმჯობესებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება – “არსებობს ასეთი ვერსია, რომ ლარის გაუფასურება 2013 წლის შემდგომ გაუარესებული საინვესტიციო კლიმატის ბრალია, არა და, 2015 წლის პირველ ნახევარში შემოვიდა 530 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი წლის პირველ ნახევარში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2008 წლის შემდეგ. ბოლო 2 წელიწადნახევარში, წლის პირველი 6 თვე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 6081 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12,3%-ით აღემატება 2009, 2010, 2011, 2012 წლების, ანუ 4 წლიან ჯამურ წლიურ შედეგს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 52,7%-ით აღემატება გასული 8 წლის, 2006-2013 წლების საშუალო მაჩვენებელს”, – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ და იქვე დასძინა, რომ იმ გარდაუვალი დამაბრკოლებელი მოცემულობის არ არსებობის შემთხვევაში, რაც უცხოელი ინვესტორებისადმი წინა წლებში აღებული ვალდებულებების შემცირების მაჩვენებლის გაორმაგებაში გამოიხატა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2013-2014 წლებში და 2015 წლის პირველ ნახევარში მთლიანობაში 1 მილიარდ 500 მილიონით მეტი იქნებოდა.

Share