Home » მსოფლიო » მარტში ევროს ახალი სტიმულაცია ელის
მარტში ევროს ახალი სტიმულაცია ელის

მარტში ევროს ახალი სტიმულაცია ელის

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და მისმა პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ კიდევ ერთხელ შეიკავეს თავი ევროს სტიმულაციის ინტენსიურობის გაზრდისგან. რაოდენობრივი შემსუბუქების (QE) მოცულობა უცვლელი დარჩა – თვეში 60 მილიარდი ევროს ოდენობით. რა თქმა უნდა, არც ევროზე საპროცენტო განაკვეთი შეცვლილა (0.05%) და არც სადეპოზიტო განაკვეთი, რომელიც ისედაც მინუსებშია (-0.30%). და ეს მოსალოდნელიც იყო.

მაგრამ ფინანსური ბაზრისთვის ყველაზე საინტერესო, ECB-ს შეხვედრის შემდგომ, მისი პრეზიდენტის გამოსვლა იყო. და აქ დრაგიმ აშკარა მინიშნება გააკეთა იმისა, რომ მონეტარული სტიმულირების ახალ დოზას, მარტის შეხვედრის შემდგომ უნდა ველოდოთ. სავარაუდოდ, ეს არ იქნება არც საპროცენტო განაკვეთის განულება და არც ისედაც უარყოფითი სადეპოზიტო განაკვეთის კიდევ უფრო შემცირება.

საერთო ჯამში, პრეზიდენტ დრაგის „მტრედული“ გამოსვლა ჰქონდა, რაც წინასწარვე იყო მოსალოდნელი. ასეთი მოლოდინის საფუძველს, ნავთობის ფასის სწრაფი შემცირება (რაც ინფლაციის დაწევას უწყობს ხელს) და მსოფლიოს (განსაკუთრებით ჩინეთის) საფონდო ბაზრებზე არსებული მძიმე მდგომარეობა იძლეოდა. როგორც წესი, დრაგი წინასწარ არაფერს ამბობს ხოლმე და ყოველთვის დიდი მოთმინებით გამოირჩევა. ძალიან რთულ სიტუაციებშიც კი, ის ხშირად მოცდას და შემდგომ მოქმედებას ამჯობინებს. მაგრამ ამჯერად თვენახევრით ადრე გამოაცხადა, თუ რის გაკეთებას აპირებს.

რა თქმა უნდა, მისი მინიშნება არაა იმის გარანტია, რომ ECB მარტიდან ევროს სტიმულირების ახალ რეცეპტს დაუნიშნავს. ბევრი რამ იმ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც ევროპის ცენტრალური ბანკის შემდგომ შეხვედრამდე გამოვა. ისინი ევროპის მონტარული პოლიტიკის გამტარებლებს უკეთ ეტყვიან, გაიარა კრიზისმა ფსკერი, თუ იქამდე ჯერაც არ მიუღწევია.

მანამდე კი სავალუტო ბაზარი, ECB-ს მარტის შეხვედრის მოლოდინით იცხოვრებს – ევროპიდან წამოსული ყოველი დადებითი სტატისტიკა ევროს გაძლიერებას გამოიწვევს, უარყოფითი კი – პირიქით. ყველაზე მეტად, დაკვირვების ქვეშ ისევ ინფლაციის დონე იქნება, რომელიც კვლავ დეფლაციურ ზღვართან საშიშ სიახლოვესაა.

დრაგიმ ყურადღება სწორედ იმაზე გაამახვილა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროზონისთვის დეფლაციის ასარიდებლად. ამით კი აშკარად მიანიშნა, რომ ECB-ს ზოგიერთი წევრის ოპტიმიზმის მიუხედავად, ამის რეალური საშიშროება არსებობს. სხვათა შორის, დრაგისგან მსგავს გამოსვლას ბაზარი დეკემბერშიც ელოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და რეაქციაც შესაბამისი მივიღეთ – ევრო/დოლარის ფასი 463 პუნქტით (!) გაიზარდა. ამ თვენახევარში, დრაგის და ECB-ს მომლოდინე პოზიციამ გამოავლინა, რომ დეფლაციასთან საბრძოლველად, მხოლოდ QE-ს სამოქმედო პერიოდის ექვსი თვით გაზრდა არაა საკმარისი და ამ პრობლემასთან უფრო ინტენსიური ბრძოლაა საჭირო.

Share