Home » მსოფლიო » მარიხუანას მოხმარება 45 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანებში ინფარქტის რისკს ზრდის – კვლევა

მარიხუანას მოხმარება 45 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანებში ინფარქტის რისკს ზრდის – კვლევა

კანადაში მდებარე ტორონტოს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მარიხუანას მოხმარება 45 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანებში ინფარქტის რისკს ზრდის. ამის შესახებ მათი ახალი ნაშრომი გამოცემაში Canadian Medical Association Journal გამოქვეყნდა.

სპეციალისტებმა კვლევის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში 2017 და 2018 წლებში წარმოებული გამოკითხვის შედეგები შეაჯერეს, რომლებიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ქცევით რისკ-ფაქტორებს მოიცავდა. მათ საერთო ჯამში 18-დან 44 წლამდე ასაკის 33,173 ზრდასრული ადამიანის მონაცემები გააანალიზეს. აქედან 17.5 პროცენტს მარიხუანა ახალი მიღებული ჰქონდა და მას თვეში მინიმუმ 4-ჯერ მოიხმარდა.

აღმოჩნდა, რომ მიოკარდიუმის ინფარქტი იმ პირების 1.3 პროცენტს დაუფიქსირდა, რომლებსაც ამ ფსიქოაქტიურ ნარკოტიკთან შეხება ახლო წარსულში ჰქონდათ, დანარჩენ 0.8 პროცენტს კი ის საერთოდ არ გამოუყენებია.

ფოტო: American Heart Association

მეცნიერთა განცხადებით, ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კანაფის ნებისმიერი სახით მიღების ფონზე გამოვლინდა. მათ შორისაა მოწევა, ორთქლის შესუნთქვა და საკვების სახით მირთმევა. ამის მიუხედავად, სტატისტიკურად ყველაზე ხშირად გულის შეტევა სწორედ მარიხუანას მოწევას მოჰყვებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ინფარქტის რისკი ბევრად მცირე იყო იმ ადამიანებში, რომლებიც ზემოხსენებულ ნარკოტიკს თვეში 4-ზე ნაკლებჯერ მოიხმარდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ საფრთხის წინაშე უფრო მეტად მისი მუდმივი მომხმარებლები არიან. ნაშრომის ავტორები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ მათ ანალიზს ამ ყველაფრის უკან არსებული ბიოლოგიური მექანიზმები არ გამოუაშკარავებია. მათი თქმით, ამისთვის დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.

წყარო: on.ge

Share