Home » საზოგადოება » მამუკა ხაზარაძე – ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომ ბიზნესომბუდსმენის შერჩევის უფლება ბიზნესს ჰქონდეს

მამუკა ხაზარაძე – ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომ ბიზნესომბუდსმენის შერჩევის უფლება ბიზნესს ჰქონდეს

ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომ ბიზნესომბუდსმენის შერჩევის უფლება ბიზნესს ჰქონდეს, – ამის შესახებ „ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” და სექტორულ ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ქვეყანას სჭირდება ისეთი ბიზნესომბუდსმენი, რომელსაც ექნება „რეალური ძალა დაიცვას ბიზნესი განურჩევლად ზომისა და სექტორისა“

„დღეს ბიზნესომბუდსმენს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, რაც აბსურდი და ინტერესთა კონფლიქტია. ქვეყანას სჭირდება ისეთი ბიზნესომბუდსმენი, რომელსაც ექნება რეალური ძალა დაიცვას ბიზნესი განურჩევლად ზომისა და სექტორისა, ასევე, ლეგიტიმაცია, რომელსაც ზურგს გაუმაგრებს ბიზნეს-სექტორი.

ამიტომ, ჩვენ სულ მალე დავარეგისტრირებთ შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას, თუმცა მანამდე გვაინტერესებს თავად ბიზნესსექტორის მოსაზრებები. გვინდა ამაზე იყოს სრული კონსენსუსი“,- აღნიშნავს ხაზარაძე.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” სექტორულ ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებს შორის საუბარი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და იმ საკითხებს შეეხო, რომლებიც დღეს ბიზნესს აწუხებს.

„დეპუტატებმა სტუმრებს გააცნეს ის ინიციატივები, რომლებზეც ფრაქცია მუშაობს. მათ შორის არის ბიზნესომბუდსმენის არჩევის საკითხი, რასაც ასოციაციების წარმომადგენლებიც იზიარებენ და მზად არიან კანონპროექტის მომზადებაში მიიღონ მონაწილეობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Share