Home » ეკონომიკა » მამუკა ხაზარაძე: ანაკლიის პორტის მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება
მამუკა ხაზარაძე: ანაკლიის პორტის მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება

მამუკა ხაზარაძე: ანაკლიის პორტის მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება

ანაკლიის პორტის მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც ამერიკული კომპანია SSA Marine-თან შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა და აღნიშნული კომპანია ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი გახდა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ეს არის ძალიან მსხვილი ამერიკული კორპორაცია, რომელთან ერთად ანაკლიის პორტის ოპერირება განხორციელდება.

ამასთან, მამუკა ხაზარაძის თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” იმ გრაფიკს მიჰყვება, რომელიც სახელმწიფოსთან შეთანხმდა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს წინაკვლევითი სამუშაოები, რომლის ძირითადი ნაწილი – 80% დასრულების ფაზაშია.

„წლის ბოლოს დაიწყება ამ გრანდიოზული, საუკუნის პროექტად წოდებული – ანაკლიის პორტის მშენებლობა. მთავრობასთან, კერძო ინვესტორებთან ერთად ჩვენ მოვახდენთ საკმაოდ დიდ გარღვევას, კონკრეტულად ანაკლიას გავხდით დამაკავშირებელ კარიბჭეს აღმოსავლეთსა და ევროპას შორის, აღმოსავლეთსა და აშშ-ს შორის. ამერიკული კომპანიის ამ პროექტში მონაწილეობა სწორედ ამაზე მეტყველებს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და მის გუნდს. „საკმაოდ რთული პროცესი იყო ამ პროექტის აქამდე მოყვანა. წინ მეტი გასაკეთებელი გველოდება, თუმცა მინდა ყველა დავარწმუნო, რომ პროექტი სრული სვლით მიდის და ჩვენ ძალიან მალე მომსწრეები ვიქნებით იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან ერთად იწყება „ანაკლია სითის“ მშენებლობა, რომელიც იქნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.

„ჩვენ ვართ ახლა იმ პროცესში, რომ ამ თავისუფალი ინდუსტრიული ზონისთვის შემოვიყვანთ ძალიან მსხვილ ოპერატორს. მიდის მოლაპარაკება საკმაოდ მსხვილ ჩინურ კომპანიებთან და ამის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით, როგორც კი კონკრეტული შედეგები გვექნება“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

Share