Home » ბიზნესი » მამია სანადირაძე “კავკასუს ონლაინის” კაბელის გამოსყიდვას აპირებს
მამია სანადირაძე "კავკასუს ონლაინის" კაბელის გამოსყიდვას აპირებს

მამია სანადირაძე “კავკასუს ონლაინის” კაბელის გამოსყიდვას აპირებს

მამია სანადირაძემ სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა შეწყვიტა და  საბითუმო სეგმენტის შეძენასთან დაკავშირებით, “კავკასუსის” მოქმედ მფლობელებთან მოლაპარაკება დაიწყო

,,კავკასუს-ონლაინის” დამფუძნებელი კომპანიის საბითუმო სეგმენტის, მათ შორის, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას “კავკასუსის” მოქმედ ხელმძღვანელობასთან მართავს. მამია სანადირაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ხელისუფლებამ მისი საქმე “თაროზე” შემოდო და სამართლიანობის აღდგენაზე, პრაქტიკულად, უარი თქვა. ,,კავკასუს-ონლაინის” საცალო სეგმენტს კი, როგორც ცნობილია, რუსული “ვიმპელკომი” უმიზნებს. მოლაპარაკება დასრულებულია და ოფიციალურ გარიგებასაც ხელი მალე მოეწერება.

,,კავკასუს-ონლაინი” საქართველოს ინტერნეტბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. მისი გაყიდვა დაგროვებული ვალების გამო გახდა აუცილებელი. გარდა ინტერნეტბაზრის სერიოზული წილისა, “კავკასუს ონლაინი” ფლობს შავი ზღვის ფსკერზე გამავალ მაღალი გამტარუნარიანობის 1200 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს. პირდაპირ ევროპიდან ინტერნეტს ამ კავშირით არა მხოლოდ ქართველი, არამედ სომეხი და აზერბაიჯანელი მომხმარებლებიც იღებენ. “კავკასუს ონლაინი” საქართველოში ინტერნეტის მიწოდების 55%-ს, სომხეთში – 85%-ს, ხოლო აზერბაიჯანში 50%-ს უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შეძენით აზერბაიჯანული მხარე ჯერ კიდევ 2007 წელს იყო დაინტერესებული, როცა შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანა მხოლოდ იწყებოდა.

კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ “ვიმპელკომის” განაცხადი კომისიაში მიმდინარე წლის 9 თებერვალს განიხილა და “მობიტელის” აქტივებთან დაკავშირებით დამატებითი საკითხის დაზუსტების მიზნით, მოსმენა ერთი თვით გადადო. მორიგი სხდომა კი უკვე 10 მარტს გაიმართება. კომისიის თავმჯდომარემ ორივე კომპანიისგან გარანტია მოითხოვა, რომ “ვიმპელკომის” ინტერესი მხოლოდ საცალო აქტივებია და არა საქართველო-ბულგარეთის დამაკაშვირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი.

მართალია, საბითუმო სეგმენტის გასხვისებასთან დაკავშირებით “კავკასუს-ონლაინში” განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა, თუმცა არსებული დავალიანების გამო, გამორიცხული არ არის, საცალო სეგმენტის გასხვისების შემდეგ ჯერი საბითუმოზეც მიდგეს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, ის ამ საკითხთან დაკავშირებით “კავკასუსის” მოქმედ მმართველებთან მოლაპარაკებას უკვე მიმართავს. მამია სანადირაძე ამბობს, რომ ამჯერად ყველაფერი “კავკასუსის” მფლობელების “კეთილ ნებაზეა” დამოკიდებული.

სანადირაძე ამბობს, რომ კომპანიის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ხელისუფლებამ მისი საქმე “თაროზე” შემოდო და სამართლიანობის აღდგენაზე უარი თქვა.

“ჩემს საქმეზე სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით ბრძოლას აზრი დაეკარგა. იმისათვის, რომ კომპანიის წართმევა დაამტკიცო, გამოძიების შედეგი უნდა გქონდეს. გამოძიება არ მიდის, საქმე უკვე წლებია თაროზეა შემოდებული. ვინც სამართლიანობისთვის იბრძვის, იმას კლავენ. საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ სამართლიანობა აღდგეს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ საბითუმო სეგმენტის შეძენასთან დაკავშირებით “კავკასუსის” მოქმედ მფლობელებთან მოლაპარაკება დამეწყო.

როგორც ვიცი, კომპანიას აქვს სერიზული დავალიანება კრედიტორების მიმართ. მე კი მსურს, რომ ის საქმე, რაც დავიწყე, ისევ გავაგრძელო. კრედიტორებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მამია სანდირაძეს კომპანია წაართვეს თუ არა, ვალი ვალია და მას გადახდა უნდა. მყავს ინვესტორები და ვცდილობ, საბაზრო ფასში შევიძინო “კავკასუს ონლაინის” საბითუმო სეგმენტი, რათა შემდეგ ისევ გავაძლიერო და გავაფართოვო კომპანია. საქართველო რეგიონში უნდა გახდეს ინტერნეტის მთავარი მიმწოდებელი, თანაც ქვეყანაში ინტერნეტი უნდა იყოს იაფი, რადგან ეკონომიკის განვითარებისთვის ეს აუცილებელია”, – განაცხადა მამია სანადირაძემ.

ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან კომპანიის მოქმედი ხელმძღვანელობა ჯერჯერობით საცალო სეგმენტის გასხვისების საკითხითაა დაკავებული: “ახლა მოლოდინის რეჟიმში ვარ. მპირდებიან, რომ მას შემდეგ, რაც საცალო სეგმენტზეც დაიწყებენ აქტიურ მოლაპარაკებას. ყველაფერი მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული – თუ სურთ მომყიდიან, იმედი მაქვს, ყველაფერი დადებითად გადაწყდება. სანამ საბოლოო ხელშეკრულება არ შედგება, მანამდე ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მაქვს დიდი სურვილი ჩავდო ინვესტიცია და საქართველოში ინტერნეტი გავაძლიერო”, – დასძინა სანადირაძემ.

რა გადაწყვტეილებას მიიღებენ “კავკასუს ონლაინის” ყოფილი და მოქმედი მფლობელები კომპანიის საბითუმო სეგმენტის და მაგისტრალური კაბელის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით, ეს მომავალში გაირკვევა. მანამდე კი “კავკასუსმა” საცალო სეგმენტის გასხვისების საკითხი უნდა მოაგვაროს და “ვიმპელკომთან” (ან სხვასთან) საბოლოო ხელშეკრულება უნდა გააფორმოს. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, თუ ვის დარჩება შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მაგისტრალური ინტერნეტკაბელი – რუსულ “ვიმპელკომს” თუ მას ინვესტორებთან ერთად კომპანიის დამფუძნებელი, მამია სანადირაძე იყიდის, უფრო ზუსტად, გამოისყიდის.

ელზა წიკლაური
გაზეთი “რეზონანსი”

Share