Home » საზოგადოება » მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე სასტუმრო აშენდება
მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე სასტუმრო აშენდება

მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე სასტუმრო აშენდება

მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე სასტუმროს აშენება იგეგმება. ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავჯომარემ, ზურაბ პატარაძემ, “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა.

-მახუნცეთის ჩანჩქერი ერთ-ერთი უნიკალური და ულამაზესი ადგილია, ახლაც რომ მივიდეთ, უამრავი ტურისტი დაგვხვდება. ჩვენ ვმუშაობთ გენ განვითარების გეგმაზე, იქ რამდენიმე სასტუმროს აშენების მსურველიცაა. საპარტნიორო ფონდთან ერთად ვიმყოფებოდით მახუნცეთის ჩანჩქერთან. უკვე დაიგეგმა კონკრეტული პროექტი და დაკვეთილი იქნება გენ განვითარების გეგმაც. ჩვენც მზად ვართ და საპარტნიორო ფონდიც მზად არის მიიღოს მონაწილეობა, თანადაფინანსებით შემოვიდეს და იქ აშენდეს უნიკალური, ულამაზესი დასასვენებელი კომპლექსი.

ვფიქრობ, ამ ლოკაციას ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. ეს უკვე ფაქტობრივად უახლოეს პერიოდში განხორციელდება, ეს არ არის კონცეფციის დონეზე, უკვე მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა ამასთან დაკავშირებით.

უკრაინიდან ჩამოსულ ინვესტორებს უკვე დაწყებული აქვთ სასტუმროს მშენებლობა, საუბარია ამ პროექტის გაფართოებაზე და შესაბამისად, ირგვლივ ტერიტორიის მოწესრიგებაზე. ტენდერი მუნიციპალიტეტს უკვე გამოცხადებული აქვს და დასრულებულია ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკები. ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მაღალმთიანში გაჩნდეს ისეთი ტურისტული, ლამაზი კერები, სასტუმრო კომპლექსები, სადაც ადამიანს ვინც ტრანზიტული გზით მიემართება სხვა რეგიონებში საშუალება ჰქონდეს გაჩერდეს და ულამაზეს ბუნებაში დაისვენოს – განაცხადა პატარაძემ.

Share