Home » ფინანსები » მაისში ვადაგადაცილებული სესხები 6.1 მლნ ლარით გაიზარდა და 361.3 მლნ ლარს გაუტოლდა
მაისში ვადაგადაცილებული სესხები 6.1 მლნ ლარით გაიზარდა და 361.3 მლნ ლარს გაუტოლდა

მაისში ვადაგადაცილებული სესხები 6.1 მლნ ლარით გაიზარდა და 361.3 მლნ ლარს გაუტოლდა

მაისში ვადაგადაცილებული სესხები 6.1 მლნ ლარით გაიზარდა და 361.3 მლნ ლარს გაუტოლდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მაისის ”თვის მიმოხილვაშია” ნათქვამი.

როგორც ”თვის მიმოხილვაშია” აღნიშნული, 2016 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 280.1 მლნ ლარით შემცირდა და 14.83 მლრდ ლარს გაუტოლდა.

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 2.34 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 7.3 პროცენტი იყო.

სებ-ის ინფორმაციით, საკრედიტო პორტფელის კლება გამოწვეულია უცხოური ვალუტით გამოსახული სესხების კლებით, სადაც კლება განპირობებულია ლარის გაცვლითი კურსის გამყარების შედეგად უცხოური ვალუტის სესხების გადაფასებით.

მაისის ბოლოსთვის საკრედიტო პორტფელის 79.5 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა. რომლის 69.0 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 41.9 პროცენტს შეადგენდა.

საანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 23.2 მლნ ლარით (0.4 პროცენტით) გაიზარდა და 5.43 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა მაისში 41.0 მლნ აშშ დოლარით (0.9 პროცენტით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 4.52 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 60.0 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 83.8 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა ძირითადად გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდით არის გამოწვეული.

მაისში ვადაგადაცილებული სესხები 6.1 მლნ ლარით გაიზარდა და 361.3 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.4 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 42.1 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 63.0 პროცენტს გაუტოლდა.

Share