Home » საზოგადოება » მაია ბითაძე – „ენკა”-ს განცხადება უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ ტრაგედია არ არის იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობას ენერგეტიკის განვითარების მყარი ათწლიანი გეგმა აქვს

მაია ბითაძე – „ენკა”-ს განცხადება უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ ტრაგედია არ არის იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობას ენერგეტიკის განვითარების მყარი ათწლიანი გეგმა აქვს

„ენკა”-ს განცხადება უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ ტრაგედია არ არის იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობას ენერგეტიკის განვითარების მყარი ათწლიანი გეგმა აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.

ბითაძის თქმით, სწორედ ეს გეგმა შექმნის იმის საფუძველს, რომ ახალი ინვესტიციები იყოს მოძიებული.

„მთავრობის მიერ განხორციელებულ სამართლებრივ ურთიერთობაზე პოლიტიკური პარტიების რეაქციები არის არაადეკვატური. მათ უნდა გაიაზრონ და პასუხისმგებლობა გაიზიარონ, რასაც მათ მიერ გამოწვეული მუდმივი პოლიტიკური ტურბულენტობა იწვევს.

სასიამოვნო არ არის, როცა ამხელა ინვესტიციის თაობაზე კომპანიის ამგვარ განცხადებას ვისმენთ, მაგრამ სამომავლოდ ყველაფერი გაირკვევა.

ჩვენთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა ცდილობს ეს დამოუკიდებლობა მოიპოვოს. სამომავლოდ, მოსახლეობამ, მთავრობამ და ოპონენტებმა კარგად უნდა გავიაზროთ, გარკვეული თემებით სპეკულირება სახელმწიფოს და მის განვითარებას როგორ ზიანს აყენებს”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანია ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად საკონტრაქტო პირობების დარღვევასა და დიდი ხნის ფორსმაჟორულ სიტუაციას ასახელებს.

Share