Home » საზოგადოება » „მაესტროს“ 53%–იანი წილი გაიყიდა
„მაესტროს“ 53%–იანი წილი გაიყიდა

„მაესტროს“ 53%–იანი წილი გაიყიდა

ტელეკომპანია „მაესტროს“ 53%–იანი წილი გაიყიდა. შესაბამისად, კოტე გოგელია ტელეკომპანიაზე კონტროლს კარგავს.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, აქციები გაასხვისეს გიორგი გაჩეჩილაძემ და ასევე მამუკა ღლონტთან დაკავშირებულმა პირებმა.

ვინ შეიძინა აღნიშნული პაკეტი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ მისი მფლობელი პატარკაციშვილის ოჯახი ხდება.

მაესტროს წარმომადგენლები – გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე, ბაჩო კიკაბიძე (ტექნიკური დირექტორი), ვახტანგ ჩახნაშვილი (ჰოლდინგის დირექტორი და მაკა ასათიანის წარმომადგენელი) „კომერსანტთან“ ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ამ დრომდე, საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაციით, ბოლო დრომდე შპს „სტუდია მაესტროს” 6 მფლობელი ჰყავს – მამუკა ღლონტი – 15%, ლევან ჩიკვაიძე 15%, ეკატერინე ეკობია 5%, გიორგი ებრალიძე -1 5%, გიორგი გაჩეჩილაძე – 25%, ასევე 25%-ის მფლობელია მაკა ასათიანი, რომლის მეუღლეც ბიზნესმენი კოტე გოგელიაა და რომელსაც ტელეკომპანია მართვაში აქვს აღებული და დიდი ხანია გადაწყვეტილებებს სწორედ ის იღებს.

“მაესტროს” ხელმძღვანელობამ გასული წლის 21 სექტემბერს სასამართლოს მიმართა ტელეკომპანიის გაკოტრებულად გამოცხადების მოთხოვნით. “მაესტროს” დირექტორი ბაია გადაბაძე ტელეკომპანიის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადებას ითხოვდა.

“მაესტროს” ერთერთ დამფუძნებლის გია გაჩეჩილაძის განცხადებით, ერთ-ერთმა მეწილემ მაკა ასათიანმა მისგან აღებული კრედიტების დაუყოვნებლივ დაფარვა მოითხოვა, რის შემდეგაც პარტნიორებმა გადაწყვიტეს, გაკოტრების შესახებ საქმე დაიწყოს.

გაჩეჩილაძის თქმით, ხდება კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრება იმისათვის, რომ ის მოგვიანებით აუქციონზე გაიყიდოს და უცხოელი მფლობელების ხელში აღმოჩნდეს.

„ბოლომდე ვაპირებ ბრძოლას, რომ ეს არ მოხდეს. “მაესტროს” გაკოტრება არ შეიძლება, იმიტომ, რომ ამ ტელევიზიაში სისხლი და ხორცი მაქვს ჩანთხეული. ვერაფრით დავუშვებ, რომ უცხოების ხელში აღმოჩნდეს ტელევიზია,“

– განაცხადა მაშინ გაჩეჩილაძემ.

მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია „მაესტროს” გაკოტრების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა.

გიორგი გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ინფორმაციას გიორგი გაჩეჩილაძის მიერ აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს, რადგან ის ადვოკატია და კონფიდენციალობის პრინციპს ვერ დაარღვევს. კორძახია ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში განცხადებას თავად გიორგი გაჩეჩილაძე გააკეთებს.

რაც შეეხება სამართლებრივ დავას, „მაესტროს“ ხელმძღვანელობამ ხელმეორედ შეიტანა გაკოტრების მოტხოვნით სარჩელი.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ და გვსურს პროცესის შეჩერება. ჩვენ აუდიტორს შევამოწმენიბეთ მაკა ასათიანის და კოტე გოგელიას მოთხოვნა და აღმოჩნდა, რომ დიდი ნაწილი არ არის დასაბუთებული და არ მტკიცდება. ამ დასკვნას წარვადგენთ სასამართლოში. იმედი გვაქვს, რომ მაესტრო არ გაკოტრდება.“

– აცხადებს ადვოკატი.

„კომერსანტის“ შეკითხვაზე, რა ინტერესი აქვთ გოგელიასა და ასათიანს დავალიანების „გაბერვით,“ ადვოკატი ამბობს, რომ მათი მიზანია დაესაკუთრონ მაესტროს და გადაიტანონ აქტივები სხვა კომპანიაზე ან გააკეთოს ნებისმიერი რამ, რაც სურთ, რადგან პარტნიორებზე კონტროლი უკვე აღარ ექნებათ.

ირაკლი კორძახიას განმარტებით, დავალიანება არ არის იმდენი, რამდენსაც მოდავე მხარე აცხადებს და თუ ეს დადასტურდება, დავალიანება შემცირდება.

„გია გაჩეჩილაძეს აქვს რესურსი, რომ კომპანია გაიყვანოს მოგებაზე და შეძლოს მიმდინარე დავალიანების გადახდა. მათ შორის გოგელიას დავალიანება, რაც დაზუსტდება მისი ოდენობა,“

– ამბობს ირაკლი კორძახია.

ადვოკატი აცხადებს, რომ გია გაჩეჩილაძეს წესდებით ეკრძალება წილის გაყიდვა გარდა ერთი შემთხვევისა – თუ ის წილს „მაესტროს“ დაუბრუნებს ნომინალურ თანხად.

აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება: ირაკლი კორძახიას ინფორმაციით, მამუკა ღლონტმა და მისმა პატრნიორებმა ერთი კვირის წინ სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, სადაც ითხოვენ გიორგი გაჩეჩილაძის 25%–იანი წილის მათთვის გადაცემას ნომინალურ თანხად. ეს, ადვოკატის შეფასებით, დაუსაბუთებელი მოთხოვნაა.

„თუ კომპანია კოტრდება, გაუგებარია, რაში უნდა ამ კომპანიის წილი. როგორც ჩანს, სურს გია გაჩეჩილაძის მოშორება,“

– აცხადებს კორძახია.

თუმც არსებობს კიდევ ერთი ინფორმაცია, რომლის თანახმად, მამუკა ღლონტი და მის მხარეს მყოფი ადამიანები, მიუხედავად მანამდე არსებული წინააღმდეგობისა, გია გაჩეჩილაძის მხარეს გადავიდნენ და სწორედ ამ გაერთიანების შედეგად მოხდა 53%–იანი წილის გასხვისება და კოტე გოგელიასთვის ტელეკომპანიის მართვაზე ბერკეტების ჩამორთმევა.

როგორც ვხედავთ, აღნიშნულზე საკმაოდ წინააღმდეგობრივი ცნობები არსებობს და ამ დრომდე დაზუსტებული ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია.

როგორც ადვოკატი ირაკლი კორძახია აცხადებს, შესაძლოა უახლოეს მომავალში ამ საკითხე განცხადება თავად გია გაჩეჩილაძემ გააკეთოს.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ხატია ყურაშვილი განმარტავს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ ფლობს ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, შესაბამისად, კომისიაში ამ დრომდე  არანაირი შეტყობინება  შემოსული არ არის.

„საჯარო რეესტრში ცვლილება განხორციელებული არ არის,  კომპანიას იგივე დამფუძნებლები ჰყავს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება განხორციელდებოდა, „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის“ თანახმად, ნებისმიერ მაუწყებელს წილის გასხვისების შემთხვევაში აქვს 1 კვირიანი ვადა იმისთვის, რომ კომისიას ინფორმაცია ოფიციალურად წარმოუდგინოს“

-აცხადებს ყურაშვილი.

Commersant.ge

Share