Home » ფინანსები » ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობა 80 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება

ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობა 80 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება

ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის, ტარიფის ცვლილებას, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულ ქსელში 1-ელი აპრილიდან ჩაერთვება და 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი იქნება, საკრებულომ მხარი დაუჭირა.

აღნიშნულს “საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის 2021-2023 წლების სამუშაო პროგრამა” ითვალისწინებს.

ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ოთარ გრიგოლიას განცხადებით, გადახდის ინტეგრირებული სქემა კომპანია „სისტრამ” მოამზადა და გულისხმობს, რომ ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათ-ნახევრის განმავლობაში შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა.

მისივე განმარტებით, 1-ელი აპრილიდან ინტეგრირებულ სისტემაში 300 ლურჯი მიკროავტობუსი ჩაერთვება და ტარიფის ცვლილება ძველ, ყვითელ მიკროავტობუსების არ შეეხება.

„მოქალაქეები ისარგებლებენ იმ შეღავათებით, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰქონდა, კერძოდ, საათნახევრის განმავლობაში ისინი ერთი გადახდის შემდეგ უფასოდ იმგზავრებენ როგორც მეტროში, ასევე ავტობუსსა და ლურჯ მიკროავტობუსში. გაერთიანებული ინტეგრირებული სისტემა უფრო მოსახერხებელი და გამარტივებული იქნება”,- განაცხადა გრიგოლიამ.

მერიის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილი და საკრებულოს მიერ მხარდაჭერილი პროგრამა ჯამში 15 პუნქტისგან შედგება.

კერძოდ, სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის ავტობუსებით(მიკროავტობუსებით) მგზავრობის ფასის 50 თეთრის ოდენობით დადგინდა.

მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის (M3 კატეგორიის ავტობუსი და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) უფასო გადაჯდომის არსებულ სისტემაში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის ავტობუსების ჩართვის უზრუნველყოფა.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში (M3 კატეგორიის ავტობუსი და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) არსებული შეღავათიანი მგზავრობის პირობები გავრცელდება სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ M2 კატეგორიის ავტობუსებში (01.04.2021); გამოცხადდება ტენდერი 8-მეტრიანი 180 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის შესყიდვაზე მე-7 და მე-10 პუნქტების გათვალისწინებით (01.05.2021);

მოხდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელების მიერ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ უკვე შესყიდული 300 ერთეული M2 კატეგორიის ავტობუსის გამოსყიდვის უზრუნველყოფა (01.08.2021);

ტენდერი გამოცხადდება 18-მეტრიანი M3 კატეგორიის 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე მე-13 პუნქტის გათვალისწინებით (01.09.2021);

მოხდება 8-მეტრიანი არანაკლებ 50 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის მიღების უზრუნველყოფა (01.01.2022);

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელების მიერ დამატებით 400 ერთეული M2 კატეგორიის ახალი ავტობუსის შესყიდვა და მიღების უზრუნველყოფა მოხდება (01.01.2022);

განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ 300 ერთეული M2 კატეგორიის ახალი ავტობუსის შესყიდვა და მიღების უზრუნველყოფა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელებისთვის გადაცემა (01.01.2022);

ასევე, მოხდება 8-მეტრიანი 130 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის მიღების უზრუნველყოფა (01.06.2022);

განხორციელდება 1 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსების არსებული ავტობაზის რეაბილიტაცია (01.01.2023);

ასევე, 1 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსების ახალი ავტობაზის მშენებლობა (01.07.2023);

მოხდება 18-მეტრიანი M3 კატეგორიის 200 ერთეული ავტობუსის მიღების უზრუნველყოფა (01.07.2023);

დოკუმენტის თანახმად, მგზავრობის ვადიანი აბონემენტების დანერგვა და ამოქმედება 2023 წლის 1-ელ ივლისამდე განხორციელდება. ეს ვადაა დოკუმენტში მითითებული მგზავრთა გადაყვანის ახალი ქსელი სრულად ამოქმედებისთვისაც.

საკრებულომ აღნიშნულ პროგრამას მხარი დაუჭირა. სხდომას ოპოზიცია არ დასწრებია.

Share