Home » მსოფლიო » „ლუკაშენკომ სამართალდამცავი ორგანოების რეზერვის ჩამოყალიბება მთხოვა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ბელარუსის ხელისუფლებას დაეხმარება“

„ლუკაშენკომ სამართალდამცავი ორგანოების რეზერვის ჩამოყალიბება მთხოვა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ბელარუსის ხელისუფლებას დაეხმარება“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ მას სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების რეზერვის ჩამოყალიბება სთხოვა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ბელარუსის ხელისუფლებას დაეხმარებოდა.

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია „რასია 1-ის“ ეთერში ინტერვიუს დროს განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სამოკავშირეო და კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებები წევრი ქვეყნების სუვერენიტეტის, საზღვრებისა და სტაბილურობის დასაცავად დახმარებას ითვალისწინებს.

„ალექსანდრ ლუკაშენკომ დააყენა საკითხი, რომ ჩვენ აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ. ვთქვი, რომ რუსეთი შეასრულებს თავის ყველა ვალდებულებას.

ალექსანდრ გრიგორიჩმა მთხოვა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისგან ჩამომეყალიბებინა გარკვეული რეზერვი და მე ეს გავაკეთე.

თუმცა, ჩვენ შევთანხმდით ასევე, რომ ის არ იქნება გამოყენებული, ვიდრე სიტუაცია კონტროლიდან არ გავა და ვიდრე პოლიტიკურ ლოზუნგებს ამოფარებული ექსტრემისტული ელემენტები არ გადავლენ გარკვეულ ზღვარს და არ შეუდგებიან ნგრევას, არ დაიწყებენ მანქანების, შენობების ბანკების დაწვას, არ ეცდებიან ადმინისტრაციული შენობების დაკავებას და ა.შ.

ალექსანდრ გრიგორიჩთან საუბრისას ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ასეთი საჭიროება დღეს არ არის და ვიმედოვნებ, არც იქნება. ამიტომ, ამ რეზერვს ჩვენ არ ვიყენებთ“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

1tv.ge

Share