Home » ბიზნესი » ლომინაძე: სტუდენტებს დავუფინანსებთ განათლებას, რათა ხეობას დაუბრუნდნენ

ლომინაძე: სტუდენტებს დავუფინანსებთ განათლებას, რათა ხეობას დაუბრუნდნენ

“ჩვენ გვინდა, რომ დღესვე დავუფინანსოთ აბიტურიენტებს, სტუდენტებს განათლება, რათა ისინი დაბრუნდნენ ხეობაში”, – თქვა ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ენკას დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

ლომინაძის თქმით, ნამახვანჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი 6.2 ცენტი იქნება, რაც ნაკლებია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფზე, რომელიც 7-დან 13 ცენტამდეა პიკის საათებში.

“ნამახვანჰესის საბაზისო ტარიფი იქნება 6.2 ცენტი, პიკურ საათებში იმპორტირებული ენერგიის ფასი კი არის 7-დან 13 ცენტამდე. აქედან გამომდინარე, მესამე კლასის მათემატიკაა, რომ იმპორტირებული ენერგიის საშუალო შეწონილი 9.5 არის მეტი 6.2-ზე.

მთელი რიონის ხეობა თურქებზე არ გაყიდულა, ამ პროექტს გადაეცა მხოლოდ 2.9% ხეობისა და მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს არის ქართული პროექტი, რომელიც მოემსახურება ამ ქვეყანას. არავითარ ექსპორტზე არ არის საუბარი 15 წლის შემდეგ თუ სხვა პერიოდში, როდესაც ქვეყანაში იქნება დეფიციტი”, – აღნიშნა ლომინაძემ.

ლომინაძის თანახმად, კომპანია აპირებს, აბიტურიენტებს და სტუდენტებს განათლება დაუფინანსოს, რათა მომავალში ისინი ხეობაში დაბრუნდნენ, გარდა ამისა, კვლევებით დასტურდება, რომ ტვიშის მიკროკლიმატზე გავლენა ჰესს არ ექნება.

“2006, 2007, 2011, 2012 წელს სხვადასხვა საერთაშორისო საკონსულტაციო-საინჟინრო კომპანიების მხრიდან მოხდა ამ პროექტის რევიზია. დღეს, მათივე შეფასებიდან გამომდინარე, 3 კაშხლის ნაცვლად პროექტი ითვალისწინებს 2 კაშხლის აშენებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ნაკლები ზეგავლენა მოახდინოს გარემოზე. ეს დასკვნები უკვე დევს ჩვენს საიტზე, მიწოდებულია ეკონომიკის სამინისტროსთვის და მათ აქვთ სპეციალურად შექმნილი პლატფორმა, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, ეს გამოითხოვოს.

როდესაც საუბარია მსგავსი სახის პროექტებზე, შეუძლებელია, ვინმემ თქვას, რომ გარემოზე ზეგავლენა არ ექნება, თუმცა აქვე ვიტყვი კატეგორიულად და ერთმნიშვნელოვნად, რომ ტვიშის მიკროზონის შენარჩუნება მოხდება, ტვიში არ დაკარგავს თავის თვისებებს, ეს ჩვენ გვიდასტურდება შესაბამისი დასკვნებით, რომელიც მივიღეთ ჩვენი ევროპელი კონსულტანტებისგან.

ჩვენ უპირატესობა გვაქვს მინიჭებული ხეობაში მცხოვრები პირებისათვის, თუმცა ხელშეკრულების მიხედვით ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ დასაქმებულთა 80% იქნება ადგილობრივი მოსახლეობა. ჩვენ არამხოლოდ მუშახელის დატრენინგება გვაქვს დაგეგმილი, როდესაც ექსპლუატაციაში გაეშვება ეს ობიექტი, არამედ ჩვენ გვინდა, რომ დღესვე დავუფინანსოთ აბიტურიენტებს, სტუდენტებს განათლება, რათა ისინი დაბრუნდნენ ხეობაში”. – თქვა ლომინაძემ.

Share