Home » საზოგადოება » ლილუაშვილი – რადიკალიზაციის მსგავსი ხარისხის პირობებში, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ხალხის საჭიროებებს და მიზნებს

ლილუაშვილი – რადიკალიზაციის მსგავსი ხარისხის პირობებში, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ხალხის საჭიროებებს და მიზნებს

საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, რადიკალიზაციის პირობებში, „ქართული ოცნების“, როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი, ამავე ხალხის საჭიროებებს და მიზნებს აღარ შეესაბამება.

როგორც ლილუაშვილმა პარლამენტში განაცხადა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება უალტერნატივოა.

„ვდგავარ ჩემი თანამოაზრეების გვერდით და ჩემთვის, როგორ პარლამენტის წევრისთვის ქართველი ხალხის და სახელმწიფოს წინაშე აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში ეს არის უალტერნატივო გადაწყვეტილება.

ჩვენ რამდენიმე თვეა ვაკვირდებით რადიკალიზაციით გაჯერებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს მას შემდეგ, რაც თითოეული ჩვენგანის, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ენერგია უნდა იყოს მიმართული ჩვენი მოქალაქეების და მათი ოჯახების ყოველდღიურ, ეკონომიკურ, ჯანდაცვის გამოწვევებზე და სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება.

ამ ადამიანებმა აღარ იციან, როგორ მიგვანიშნონ, რომ მათთვის მთავარი პრობლემა არის გაზრდილი სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია და არ აინტერესებთ ძალაუფლების შენარჩუნებისა თუ მოპოვებისთვის გაჩაღებული პოლიტიკური დოღი.

სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ რადიკალიზაციის მსგავსი ხარისხის პირობებში, „ქართული ოცნების“ როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ამავე ხალხის საჭიროებებს და მიზნებს. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო პარტია“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატები გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური მმართველ პარტიას ტოვებენ.

Share