Home » ბიზნესი » „ლილო მოლი” ონლაინ მაღაზიას ზაფხულისთვის აამოქმედებს
„ლილო მოლი" ონლაინ მაღაზიას ზაფხულისთვის აამოქმედებს

„ლილო მოლი” ონლაინ მაღაზიას ზაფხულისთვის აამოქმედებს

სავაჭრო ცენტრი „ლილო მოლი” ონლაინ საიტ amazon-ის და ebay-ის ანალოგს ზაფხულისთვის აამოქმედებს. როგორც კომპანიის პრეზიდენტი ლევან გაგუა განმარტავს, ელექტრონული გაყიდვების სისტემაზე მუშაობა მიმდინარეობს და ის მალე დასრულდება.

მისი განმარტებით, პროცესი ადვილი არ არის, ამიტომ საიტის გამართვა და ზოგადად, პროექტის გაშვება დიდ დროს მოითხოვს. როგორც გაგუა აცხადებს, ნაყიდია კონტენტი და ახლა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. გაგუას ინფორმაციით, კომპანია შეეცდება სავაჭრო ცენტრი, პავილიონები ინტერნეტ სივრცეში გადაიტანოს. მისი თქმით, ნავიგაციის მეშვეობით სავაჭრო ცენტრში მისვლამდე შესაძლებელი იქნება პროდუქციის ასორტიმენტის დათვალიერება, შერჩევა და პოტენციურ გამყიდველთან დაკავშირება.

„გვეყოლება კურიერებიც. საიტზე პროდუქტის შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებითაც. ეს გათვლილია მომხმრებლის იმ სეგმენტზე, რომელიც ჩვენთან ნაკლებად არის კონტაქტში. ასევე ჩვენი სეგმენტი იქნება საბითუმო, კორპორაციული მიმართულება. ეს ეხება სასტუმროებს, რესტორნებს, რომლებიც ფართომასშტაბიან შესყიდვებს ახდნენ და უჭირთ ამ ყველაფრის სათითაოდ დაკომპლექტება.ეს საიტი ონლაინ საიტ amazon-ის და ebay-ის ანალოგი იქნება “-აცხადებს გაგუა.

მისი ინფორმაციით, „ლილო მოლში” ელექტრონულ შესყიდვებს საწყის ეტაპზე კორპორაციულ მიმართულებაზე დატესტავს, სამომავლოდ კი ახალი კონცეფცია საცალო სეგმენტზეც გავრცელდება.

როგორც გაგუა აცხადებს, საწყის ეტაპზე ონლაინ გაყიდვები მხოლოდ თბილისზე გავრცელდება. თუმცა, მისი თქმით, ამ მიმართულებით რეგიონების ათვისება განვითარების გეგმებშია. „რეგიონებში მიწოდება საწყის ეტაპზე მხოლოდ მსხვილი შესყიდვების შემთხვევაში მოხდება”-აცხადებს გაგუა.

მისი განმარტებით, ახალი კონცეფციის განვითარებისთვის კომპანია „ლილო მოლი” 200 000-250 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს. გაგუა აცხადებს, რომ აღნიშნული სისტემის ამოქმედებით კომპანია გაყიდვების მაჩვენებლის 20-25 პროცენტიან ზრდას ვარაუდობს.

რაც შეეხება გაყიდვების ამჟამინდელ მაჩვენებელს და ტენდენციას, „ლილო მოლის” პრეზიდენტი აცხადებს, რომ გასული წლისგან განსხვავებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია.მისი ინფორმაციით, „ლილო მოლში” ფართების გაქირავების ღირებულება 2006 წლიდან არ შეცვლილა. შესაბამისად, დღეს სავაჭრო ცენტრში 1 კვადრატული ფართის ქირა 7-45 ლარის ფარგლებში მერყეობს.

შეგახსენებთ, „ლილო მოლის” ხელმძღვანელი ლევან გაგუა 2015 წლის ოქტომბერში აცხადებდა, რომ მენეჯმენტი სავაჭრო ცენტრის გადარჩენის გეგმაზე მუშაობდა. კერძოდ, ცენტრს პრობლემები ლარის გაუფასურების შემდეგ გაუჩნდა.

ავტორი: სოფო ქსოვრელი | წყარო: კომერსანტი

Share