Home » მსოფლიო » ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ პუტინის უდიდესი გამარჯვებაა – ეს შეცდომა ძვირი დაგვიჯდება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ პუტინის უდიდესი გამარჯვებაა – ეს შეცდომა ძვირი დაგვიჯდება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე აშშ-ისა და გერმანიის შეთანხმებას შეცდომა უწოდა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, გაზსადენის ფუნქციონირების დაწყების პირობად უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის დასახელება შეიძლებოდა.

„ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა და ეს შეცდომა ძვირი დაგვიჯდება. ამ შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობებს ვხედავ, თუ უკრაინას ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას შესთავაზებდნენ ან თუ გაზსადენის გახსნას გამოიყენებდნენ როგორც ბერკეტს, რათა რუსეთისგან უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა მოეთხოვათ“, – აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ასევე განაცხადა, რომ ახალი გაზსადენი ვლადიმერ პუტინის უდიდესი გამარჯვებაა.

აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს.

აღნიშნული მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უკრაინის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

imedinews.ge

Share