Home » საზოგადოება » ლიეტუვის დედაქალაქში „ქართველების ქუჩა“ გაიხსნა
ლიეტუვის დედაქალაქში „ქართველების ქუჩა“ გაიხსნა

ლიეტუვის დედაქალაქში „ქართველების ქუჩა“ გაიხსნა

ვილნიუსში მიმდინარე კულტურის დღეების ფარგლებში ლიეტუვაში „ქართველების ქუჩა“ (Kartvelų gatvė) გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვაში საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ანსამბლ „სულიკოს“ მომღერლებმა.

2018 წლის მაისში ლიეტუვამ საქართველოს აუთენტური დასახელების, Sakartvelo-ს ლიეტუვურ ენაში დამკვიდრების გადაწყვეტილება მიიღო. ეს აქტი ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავს მიეძღვნა. შესაბამისად, ვილნიუსში ახლად გახსნილ ქუჩას Kartvelų gatvė ეწოდა, რაც „ქართველების ქუჩას“ ნიშნავს.

ცნობილია, რომ თბილისი და ვილნიუსი დამეგობრებული დედაქალაქების ფარგლებში წელს 10 წლისთავს აღნიშნავენ. საიუბილეო თარიღს  მიეძღვნა ანსამბლ „სულიკოს“ საჯარო კონცერტი ვილნიუსში, რომელიც თბილისის სახელობის სკვერში გაიმართა.

ვილნიუსში კულტურის დღეები „საქართველოს კულტურის გაზაფხული ლიეტუვაში 2019“ რამდენიმე დღეს ტარდება.

Share