Home » საზოგადოება » ლიბერთის გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი: ტექნიკური შესაძლებლობა თუ იქნება, მზად ვართ დღესვე გაწყდეს ეს კონტრაქტი, მაგრამ ამას დრო სჭირდება

ლიბერთის გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი: ტექნიკური შესაძლებლობა თუ იქნება, მზად ვართ დღესვე გაწყდეს ეს კონტრაქტი, მაგრამ ამას დრო სჭირდება

პენსიების დარიგების თაობაზე ახალი ტენდერის საკითხზე პარლამენტში სამუშაო კომისია შეიქმნება, რომელშიც ჩართული იქნებიან პარტია „მოქალაქეები“, უმრავლესობის წევრები, ფინანსთა და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები და „ლიბერთი ბანკი“.

ტენდერში გამარჯვებული ბანკი ხანდაზმულებს უკეთეს სასესხო პირობებს შესთავაზებს. შეხვედრა დღეს საკანონმდებლო ორგანოში „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან გაიმართა.

„ჩვენ დათმობებზე კი არ წავედით, უკვე დიდი ხანია ვლაპარაკობთ იმას, რომ არსებული კონტრაქტის ფარგლებში, თავის დროზე, ჩვენი ინიციატივით, თუმცა მთავრობასთანაც ასევე ვთანამშრომლობდით ადრე, რაც შეგვეძლო, გავაუმჯობესეთ პირობები.

კერძოდ, რაღაც პერიოდი სესხზე 100%-იანი განაკვეთიც იყო, დღეს ის არის 30,5%. ამ ვითარებაში, მაღალი პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენი მომხმარებლის ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე და ჩვენი ოჯახის, ანუ „ლიბერთის“ ინტერესიდან გამომდინარე, ადრეც ვამბობდით და ახლაც საჯაროდ ვაცხადებთ, რომ აუცილებელია ახალი ტენდერის გამოცხადება.

ტექნიკური შესაძლებლობა თუ იქნება, მზად ვართ, დღესვე გაწყდეს ეს კონტრაქტი, მაგრამ ამას დრო სჭირდება. მნიშვნელოვანია, ამ ტენდერის ჩატარების პროცესი იყოს გამჭვირვალე.

ამ პერიოდის განმავლობაში „ლიბერთი“ განიცდის საკმაოდ სერიოზულ წნეხს გარედან, რეპუტაციულ ზიანს იღებს. ეს არ არის მისაღები ამ კომპანიისთვის.

გაგახსენებთ, რომ 5 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს ამ კომპანიაში. ჩვენ კეთილსინდისიერად ვიხდით გადასახადებს და ეს მოცემულობა ჩვენთვის მისაღები არ არის“, – განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

Share