Home » ბიზნესი » „ლიბერთი“ – პენსიონერების ძარცვის ხარჯზე „წარმატებულად“ ქცეული ბანკი
„ლიბერთი“ - პენსიონერების ძარცვის ხარჯზე „წარმატებულად“ ქცეული ბანკი

„ლიბერთი“ – პენსიონერების ძარცვის ხარჯზე „წარმატებულად“ ქცეული ბანკი

გააგრძელებს თუ არა ირაკლი რუხაძის მენეჯმენტი გურგენიძის პოლიტიკას

„ბანკები და ფინანსები“ უკვე  წერდა, რომ „ლიბერთი ბანკის“ სამომავლო  ბედი, ბოლოსდაბოლოს, გადაწყდა. ზუსტად ერთ კვირაში,14 აგვისტოს,  ეროვნული ბანკის დასტურის შემდგომ,  „ლიბერთი ბანკს“ პატარკაციშვილების ოჯახი გააკონტროლებს.  ბანკში ირაკლი რუხაძე, გიორგი კალანდარიშვილი და დავით შონია შევლენ,  ხოლო საქართველოს ყოფილი პრემიერი, მანამდე  „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლადო გურგენიძე, ბანკს დატოვებს.

გურგენიძემ გამოსამშვიდობებელი ბრიფინგი გამართა, აქციონერებს წლის პირველი ნახევრის შედეგები წარუდგინა და ბარემ „ლიბერთი ბანკში“ საქმიანობის 8 წელიც მოკლედ შეაფასა.

„ჩვენ ჩავიბარეთ გაკოტრებული, წამგებიანი ბანკი, უარყოფითი საზედამხედველო კაპიტალით, უმნიშვნელო, 15 მილიონი ლარის სააქციო კაპიტალით და ჩვენ ის ვაქციეთ მაღალმომგებიან  ინსტიტუტად, რომლის  ROAE სტაბულურად 20%-ზე მაღალია, აქვს საკმარისად მაღალი კაპიტალი (ივლისში 20 მლნ ლარის დივიდენდების გადახდის შემდეგაც კი), რომლის მოცულობა 170 მლნ ლარს აჭარბებს“, – აცხადებს ლადო გურგენიძე.

„ეს რადიკალური ცვლილებები შესაძლებელი გახდა იმ ნიჭიერი გუნდის დამსახურებით, რომელთან ერთად 2009 წელს ბანკში მოვედი“, – აღნიშნა ლადო გურგენიძემ.

როგორც  მოსალოდნელი იყო, ლადო გურგენიძემ არ ისაუბრა ბანკის საქმიანობის რეალურ შედეგებზე, ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილ მიზერულ წვლილზე, ბანკის მენეჯმენტის საქმიანობის ხარვეზებზე და რასაკვირველია, გამოტოვა სააკაშვილის მიერ მისთვის მიცემული კარტდ-ბლანში და მეთოდები, რომლითაც ამ ვითომდა წარმატებას მიაღწია. ბუნებრივია, არ უსაუბრია ბანკის პრაქტიკულად და არსებითად ერტადერთ შემოსავლის წყაროზე – საპენსიო სესხებზე.

საქმე ის არის, რომ  „ლიბერთი ბანკი“ სახელმწიფოს სოციალური გასაცემლების მომსახურე ერთადერთი ბანკია, რამდენადაც შესაბამის ტენდერებშიც მხოლოდ თავად მონაწილეობს და, ცხადია, მხოლოდ თავადაც იმარჯვებს. ეს ობიექტური ფაქტორია, რადგან „ლიბერთი“ ასევე ერთადერთია, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში ფლობს ფილიალებს და სერვის-ცენტრებს.

მაგრამ ამ ობიექტური ფაქტორის მიღმა დგას საქართველოს პენსიონერებისთვის ხელმისაწვდომი ერთადერთი საკრედიტო პროდუქტი – საპენსიო სესხი. რა თქმა უნდა, ჩვენი პენსიონერების გარკვეულმა ნაწილმა იცის, რომ „ლიბერთის“ ეს სესხი არის საშინლად ძვირი და რომ მისით არ უნდა ისარგებლონ, მაგრამ როდესაც საქმე წნევის და გულის წამალს და ჩაიში ჩასაყრელ შაქარს ეხება, ძნელია ადამიანმა არ ისარგებლო იმით, რასაც შენი ძარცვით გამდიდრებაზე ორიენტირებული ბანკი ბანკომატში ბარათის განთავსებისთანავე მომაბეზრებლად ბევრჯერ გთავაზობს და გაცდუნებს.

მოკლედ:

ლადო გურგენიძის ზეობისას „ლიბერთი ბანკის“ ძირითადი საკრედიტო პროდუქტი იყო და დღემდე არის საპენსიო სესხი.

საპენსიო სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ონლაინ სესხების განაკვეთს უტოლდება და ლამის წლიურ 100%-მდე ადის.

„ლიბერთის“ საკრედიტო პოლიტიკა ორიენტირებულია ფიზიკურ პირებზე. ბიზნესის დაკრედიტება „ლიბერთის“ სტრატეგია არ არის.

აი ეს და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ნიუანსებიც რომ აეხსნა გურგენიძეს საზოგადოებისთვის, მაშინ ის ნამდვილად იქნებოდა ცივსისხლიანი ბანკირი, რომლისთვისაც გარდა მეტი და მეტი მოგებისა (ნებისმიერ ფასად), სხვა ყველაფერი სისულელეა. მაგრამ, როგორც ჩანს, ამას თვით „საქართველოს ბანკის“ „რეანიმატორი“ ლადო გურგენიძის ბანკირული ფსიქიკაც არ ყოფნის.

რაც შეეხება „საქართველოს ბანკს“ და გურგენიძის მიერ იქ მიღწეულ წარმატებას – სამართლიანი იქნება, თუ ამ პერიოდის შეფასებისას გავიხსენებთ, რომ ის სარგებლობდა სააკაშვილის და ბენდუქიძის პირდაპირი კარტ-ბლანშით, მასთან მოიყარა თავი ყველა საბიუჯეტო (მათ შორის დედაქალაქის მერიის) ანგარიშმა. ამასთან, ნებისმიერი სასურველი გარიგება, მისთვის უპრობლემოდ მიღწევადი იყო. ამის გათვალისწინებით, ლადო გურგენიძის „საქართველოს ბანკის“ პერიოდის წარმატებები ძალიან ფერმკრთალდება და ამას თუ დავუმატებთ მის პერიოდს „ლიბერთიში“, ანუ პენსიონერების ძარცვის პოლიტიკით გამდიდრებას, რაღა რჩება წარმატებული ბანკირის რეგალიიდან, ძნელი სათქმელია…

საინტერესო იქნება, რა სტრატეგიით და რა პოლიტიკით მოვა ახალი მფლობელი – პატარკაციშვილების ოჯახი. გააგრძელებენ ისინი 180 ლარიანი პენსიონერების მძარცველური პირობებთ დაკრედიტებას, თუ არა. ამას უახლოესი მომავალი აჩვენებს.

მანამდე კი, „ბანკები და ფინანსები“ შემდგომ ნომრებში დეტალურად და გამოწვლილვით, წლების მიხედვით შემოგთავაზებთ, თუ კონკრეტულად  როგორ მდიდრდებოდა „ლიბერთი ბანკი“ ლადო გურგენიძის მიერ ხელდასმული მენეჯმენტის პირობებში პენსიონერების ძარცვის ხარჯზე.

გიორგი ცაგარეიშვილი

Share