Home » ბიზნესი » ლიბერთი ბანკი მცირე საოჯახო სახლებისა და თავშესაფრების კომუნალურ ხარჯს ანაზღაურებს, რომელიც წელიწადში დაახლოებით, 0,5 მლნ ლარს შეადგენს

ლიბერთი ბანკი მცირე საოჯახო სახლებისა და თავშესაფრების კომუნალურ ხარჯს ანაზღაურებს, რომელიც წელიწადში დაახლოებით, 0,5 მლნ ლარს შეადგენს

ლიბერთი ბანკი მცირე საოჯახო სახლებისა და თავშესაფრების მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შორის მემორანდუმის გაგრძელებას მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც ბანკი ქვეყნის მასშტაბით არსებულ 54 მცირე საოჯახო ტიპის სახლისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრის კომუნალურ ხარჯებს მთელი წლის განმავლობაში აანაზღაურებს.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა, დახმარების სააგენტოს დირექტორმა მარი მაღლაფერიძემ ბენეფიციარების სახელით ლიბერთი ბანკს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს დახმარება მათთვის ფასდაუდებელია.

მისივე თქმით, ბანკი მათ დაქვემდებარებაში მყოფი ყველა დაწესებულების კომუნალურ ხარჯს ანაზღაურებს, რომელიც წელიწადში დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.

„ასევე ფასდაუდებელი იყო მათი დახმარება პანდემიის პერიოდში. ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ბენეფიციარებთან ერთად კარანტინში იმყოფებოდნენ, საკვები პროდუქტებით, წამლებით თუ სხვა საჭირო ნივთებით დაეხმარნენ“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

თავის მხრივ, ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა აღნიშნა, რომ გასული წელი განსაკუთრებული იყო. მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებში ბანკის თანამშრომლებიც ნებაყოფილობიტ იყვნენ ჩართული და ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა სახის დახმარების გაწევა შეძლეს.

2021 წლის იანვრის მდგომარეობით, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 278 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 56 შშმ პირი. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა და დღის ცენტრებში კი ყოველდღიურ მომსახურებას ქუჩაში მცხოვრები 168 ბავშვი იღებს. ლიბერთი ბანკი უკვე 4 წელზე მეტია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ფინანსურ დამხარებას უწევს, პროექტი კი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში ხორციელდება.

Share