Home » ეკონომიკა » ლევან ვეფხვაძე: საქართველოს არანაირი რესურსი არ აქვს, რომ ეკონომიკის ჩაკეტვას გაუძლოს

ლევან ვეფხვაძე: საქართველოს არანაირი რესურსი არ აქვს, რომ ეკონომიკის ჩაკეტვას გაუძლოს

როგორც ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა  ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, საქართველოს არანაირი რესურსი არ აქვს, რომ ეკონომიკის ჩაკეტვას გაუძლოს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი რეგულაციების დაცვა და ვირუსთან თანაცხოვრებაა, რაც მოქალაქეებმა და ბიზნესმაც უნდა ისწავლონ.

„ჩვენ ვართ მძიმე არჩევანის წინაშე. გასაგებია, რომ გვაქვს მესამე ტალღა, რასაც ნეგატიური ეფექტი აქვს, მაგრამ ვერ გავაჩერებთ ეკონომიკას, რადგან რესურსი აღარ არის. რა დახმარებასაც გასცემენ ევროპულ ქვეყნებში, მათგან ჩვენ ძალიან შორს ვართ.

განვითარებულ სახელმწიფოებში შესაძლებლობა გაცილებით მეტია თუნდაც ის, რომ ემისიური ფულით მოხდეს დახმარებების გაცემა. ჩვენ დამატებითი მოცულობით ლარს ვერ დავბეჭდავთ იმის შიშით, რომ უფრო მეტად არ გაუფასურდეს.

ეკონომიკის გაჩერება ვერაფრით მოხდება, რადგან კომპენსირება დღეს შეუძლებელია იმ მინიმალური მოცემულობითაც კი, რაც ეპიდემიის პირველი და მეორე ტალღების მიმდინარეობისას გავწიეთ. აქედან გამომდინარე, მოგვიწევს რამენაირად შეთავსება და პანდემიის პირობებში გაუჩერებლად მუშაობა.

ახლა არ ვართ იმ მდგომარეობაში, როგორშიც აღმოვჩნდით 2020 წლის დასაწყისში, როცა არ ვიცოდით, როგორ გვემართა პანდემია. გამოცდილება უკვე არსებობს და, შესაბამისად, ჩაკეტვის აუცილებლობა არ დგას. რა აზრი აქვს,  კოვიდით დავიხოცებით თუ შიმშილით?

მთავარია, სახეზე პირბადე გაიკეთო, ხელები დაიმუშაო, ამას ჩვენ მაგივრად ვერავინ გააკეთებს. რეგულაციებს თუ დავიცავთ და არ გადავყვებით ქეიფებსა და ერთმანეთის ჩახუტებას, ეკონომიკის ჩაკეტვის საფრთხე შეიძლება, საერთოდ მოიხსნას“, – განუცხადა „რეზონანსს“ ლევან ვეფხვაძემ.

Share