Home » საზოგადოება » ლევან კობერიძე – „ნაცმოძრაობასთან“ ერთად „ოცნებას“ ვერ მოუგებ, თუ მოუგებ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოიყვან ხელისუფლებაში

ლევან კობერიძე – „ნაცმოძრაობასთან“ ერთად „ოცნებას“ ვერ მოუგებ, თუ მოუგებ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოიყვან ხელისუფლებაში

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად „ოცნებას“ ვერ მოუგებ, ან თუ მოუგებ, მოიყვან „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, ლევან კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სურდა, ოპოზიციურ სპექტრს საარჩევნოდ ხმების გადათვლა მოეთხოვა.

„მე საკითხს ვაყენებდი, მათ შორის პარტიის შიგნითაც, რომ მოდით, ჩვენი ოპოზიციური ერთობა გამოვიყენოთ და სასწრაფოდ მოვითხოვოთ ხმების გადათვლა, ოღონდ საპარლამენტო კომისიის, ან ნებისმიერ სხვა ფორმატში და აქედან დავიწყოთ ეს პოლიტიკური პროცესი – მეთქი. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც ჩვენს გვერდით იქნებოდნენ, რადგან ჩვენ სამართლებრივ გზას გავყვებოდით“, – განაცხადა კობერიძემ.

მან აღნიშნა, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო დროებითი საგამოძიებო კომისია ან ნებისმიერი სხვა ფორმატი.

„ეს შანსი უკვე გაშვებულია, ახლა ჩვენ წარსულზე ვსაუბრობთ. ეს მაშინ იყო, ახლა იმ პარლამენტში შესვლა-გამოსვლასაც აზრი არ აქვს სიმართლე გითხრათ. მეორე თემა ისაა, რომ ბევრ ასეთ საკითხში გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ეს თემები უფრო მეტად გამოჩნდა, როდესაც პოსტსაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ერთმანეთს პოზიციას ვუზიარებდით. მე მაგალითად ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, „ქართულ ოცნებას“ ვერასდროს გაუშვებ ხელისუფლებიდან.

ანუ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად „ოცნებას“ ვერ მოუგებ, ან თუ მოუგებ, მოიყვან „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში. თუ ვინმეს მიაჩნია, ეს ორი მონსტრი ერთ მონსტრს დაიხმარს იმისთვის, რომ მეორეს მოუგოს და მერე თვითონ მოვა ხელისუფლებაში, ძალიან ცდება. არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვინმეს დაუთმონ ეს პოზიცია“, – განაცხადა კობერიძემ.

Share