Home » ეკონომიკა » ლევან დავითაშვილი – ქვეყანაში ხორბლის 2 თვეზე მეტის მარაგი გვაქვს

ლევან დავითაშვილი – ქვეყანაში ხორბლის 2 თვეზე მეტის მარაგი გვაქვს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სამინისტრო იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყანაში ხორბლის უწყვეტი მარაგი იყოს.

როგორც ლევან დავითაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, სამინისტროში არსებობს სურსათის უზრუნველყოფის, უსაფრთხოების მართვის გეგმა, რომელიც ხორბლის მარაგების აღრიცხვას აწარმოებს. მინისტრი აცხადებს, ქვეყანას ხორბლის 2 თვეზე მეტი მარაგი გააჩნია.

„ჩვენ დროის ყოველ მომენტში ვიცით, რა მარაგი გვაქვს და რა შემოდინება არის მოსალოდნელი. ასე რომ, ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს იმაზე, რომ ყველანაირი გაუთვალისწინებელი ვითარების მიუხედავად ქვეყანაში ხორბლით მომარაგება უწყვეტი იყოს, არ შეიქმნას დეფიციტი და მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა. ეს სამინისტროს პასუხისმგებლობაა. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ განმიცხადებია და ამ პასუხისმგებლობას სამინისტრო თავს, მე მგონი, ძალიან კარგად ართმევს და თავს გაართმევს მომავალშიც.

ქვეყანაში 2 თვეზე მეტის მარაგი გვაქვს. მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ ეს მარაგები გავზარდეთ ზუსტად იმის გამო, რომ არაორდინარული სიტუაციაა მსოფლიოში, არამხოლოდ სამეზობლოში, არამედ გლობალურადაც. პანდემიიდან გამომდინარე, მათ შორის, იმპორტიორი ქვეყნების ქცევა შეცვლილია, ასევე მოსახლეობის.

ამიტომ, ზოგადად მსოფლიო თვალსაზრისით სურსათზე დიდი წნეხია, ხშირ შემთხვევაში არარაციონალური და ასეთ არარაციონალურ გადაწყვეტილებებს სამწუხაროდ იღებენ ქვეყნები. ხშირ შემთხვევაში, ზუსტად ეს იწვევს ფასების ზრდას და იმის გამო, რომ ჩვენ დავაზღვიოთ, გვიწევს გაზრდილი მარაგებით ოპერირება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

Share