Home » ფინანსები » ლევან დავითაშვილი – გაიცა 150 მლნ ლარზე მეტი აგროკრედიტი და აგროლიზინგი

ლევან დავითაშვილი – გაიცა 150 მლნ ლარზე მეტი აგროკრედიტი და აგროლიზინგი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში გაიცა 150 მლნ ლარზე მეტი აგროკრედიტი და აგროლიზინგი, რომლითაც მოსახლეობამ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა.

ამასთან, როგორც დავითაშვილმა განაცხადა, ყოველ წელს, 2000 ახალი ტექნიკა რეგისტრირდება.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„მოსახლეობისთვის ნათელი უნდა იყოს, თუ რა ხდება დღეს მექანიზაციისა და სასოფლო-სამეურნეო უზრუნველყოფის კუთხით და რა ხდებოდა ჩვენს ხელისუფლებამდე, 2012 წლამდე.

რეალურად, 2010 წლამდე, ქვეყანაში სოფლის მეურნეობა მთლიანად იგნორირებული იყო. 2010 წლიდან, დაიწყო სახელმწიფოს მხრიდან მექანიზაციის სერვისცენტრების განვითარება, თუმცა, 2012 წელს, ჩვენ დაგვხვდა, დაახლოებით, 100 მილიონზე მეტი მაღალპროცენტიანი, კომერციული საბანკო კრედიტი შეძენილი მექანიზაციისთვის და რომელსაც წლების განმავლობაში, შარშანდლამდე იხდიდა სახელმწიფო.

ეს იყო აბსოლუტურად პოპულისტური გადაწყვეტილება. სერვისცენტრები განლაგებული იყო ავტობანის გვერდით, თვალსაჩინო ადგილზე და ტექნიკის ძირითადი პრობლემა, ცვეთა იყო ათეულ და ასეულ კილომეტრებზე ტრაქტორების გადაადგილებიდან გამომდინარე. ტექნიკას აქვს საკუთარი მუშაობის რადიუსი, სერვისცენტრები უნდა ყოფილიყო სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან.

ჩვენ, ამის სანაცვლოდ, დავიწყეთ პრივატიზება, რათა ტექნიკა ხელმისაწვდომი გაგვეხადა ფერმერებისთვის; დავიწყეთ თანადაფინანსება – გაიცა 150 მლნ ლარზე მეტი აგროკრედიტი და აგროლიზინგი, რომლითაც ჩვენმა მოსახლეობამ შეიძინა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა; ჩვენ ასევე გვაქვს საგრანტო თანადაფინანსება, რომელიც მომავალ წლებშიც გაგრძელდება, მათ შორის, მოსავლის აღების ტექნიკის თანადაფინანსებისთვის.

ყოველ წელს, 2000 ახალი ტექნიკა რეგისტრირდება, ამას აკეთებს კერძო სექტორი და არა სახელმწიფო კომპანია, სახელმწიფო მონოპოლისტი, რომელიც ხელს უშლიდა კერძო სექტორის განვითარებას, რადგან ბაზარი არაპროგნოზირებადი იყო სახელმწიფო მონოპოლიზმის პირობებში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Share