Home » საზოგადოება » ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადასარქმევად პლებისციტი დანიშნა
ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადასარქმევად პლებისციტი დანიშნა

ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადასარქმევად პლებისციტი დანიშნა

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადასარქმევად პლებისციტი დანიშნა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, პლებისციტი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დღეს – 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება.

ჯერ კიდევ 2015 წელს თიბილოვმა განაცხადა, რომ სურს ე.წ. რესპუბლიკას „ისტორიული სახელწოდება – ალანია დაუბრუნოს“.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო ლიდერის ე.წ. ბრძანებაში აღნიშნულია კითხვის ფორმულირება, რომელსაც რესპუბლიკის მოსახლეობამ უნდა უპასუხოს: „თანახმა ხართ, თუ არა კონსტიტუციის პირველი თავის პირველ მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანიის სახელმწიფო – სუვერენული, დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა რესპუბლიკის მოსახლეობის თვითგამორკვევის საფუძველზე. სახელწოდება – სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და ალანიის სახელმწიფო ერთი და იგივეა“.

დეფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, „ქვეყანა“ უნდა ატარებდეს მათ სახელს, ვინც ის შექმნა. მისი თქმით, უნდა აღორძინდეს ალანიის ძველი სახელწოდება.

წყარო: ipn.ge

Share