Home » საზოგადოება » ლაშა ხუციშვილი – აშშ-სთან დღეს ხელმოწერილი საგრანტო შეთანხმება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისკენ მიიმართება

ლაშა ხუციშვილი – აშშ-სთან დღეს ხელმოწერილი საგრანტო შეთანხმება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისკენ მიიმართება

ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღეს ხელმოწერილი საგრანტო შეთანხმება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისკენ მიიმართება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ საგრანტო შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან გაფორმებული დოკუმენტი მოიცავს პრაქტიკულად ყველა სფეროსა და სექტორს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ესაა მიზნობრივი საგრანტო დახმარება, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისათვის და პრაქტიკულად, მოიცავს ყველა სფეროსა და სექტორს. საგრანტო ხელშეკრულების ჯამური მოცულობა 330 მლნ აშშ დოლარია, რომელიც 5 წლის განმავლობაში იქნება გამოყოფილი. პირველ ეტაპზე, თანხის ოდენობა, რომელსაც საქართველო მიიღებს 67 მლნ აშშ დოლარია.

მნიშვნელოვანია, ის კომპონენტები, რომელსაც საგრანტო ხელშეკრულება მოიცავს. ეს არის სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვის მიმართულება, ასევე, ის ეკონომიკური რეფორმები, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. აღნიშნული თანხები გადანაწილდება ქვეყნის მმართველობითი სისტემის გაძლიერებაზე და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე. დახმარებების დიდი ნაწილი სწორად პოსტპანდემიურ პერიოდში იქნება გამოყოფილი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული საგრანტო პროგრამა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას ქვეყანაში და მათ შორის, იმ სამუშაო ადგილების აღდგენას, რომელიც სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდში იქნა შეჩერებული ან/და დაკარგული.

„თუმცა დარწმუნებული ვარ, პოსპანდემიურ პერიოდში უმუშევრობის ის ზრდა, რომელიც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში იქნა დაფიქსირებული, უკვე მეორე კვარტალში უმუშევრობის შემცირებით შეიცვლება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

Share