Home » ფინანსები » ლაშა ხუციშვილი: 2,75% – ეს არის განაკვეთი, რომელიც აქამდე არასდროს არ დაფიქსირებულა ჩვენს რეგიონში

ლაშა ხუციშვილი: 2,75% – ეს არის განაკვეთი, რომელიც აქამდე არასდროს არ დაფიქსირებულა ჩვენს რეგიონში

საქართველომ წარმატებით განახორციელა 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის 5-წლიანი ევრო ობლიგაციების გამოშვება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

გამოშვების დროს დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან უპრეცედენტოდ მაღალი აქტიურობა – მოთხოვნამ დაახლოებით 4-ჯერ გადააჭარბა გამოცხადებულ თანხას და შედეგად, კუპონის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 2,75%-ით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი ძალიან დიდ ნდობას ნიშნავს.

„ინვესტორები ძირითადად წარმოდგენილები არიან აშშ-დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან. 2,75% – ეს არის განაკვეთი, რომელიც აქამდე არ დაფიქსირებულა არასდროს ჩვენს რეგიონში და ეს ერთხმად აღინიშნა ყველა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის მხრიდან.

ამ ტრანზაქციით და საპროცენტო განაკვეთით ჩვენ შევქმენით ახალი, მართლაც ისტორიული ნიშნული, ე.წ. ბენჩმარკი, რომელიც უმნიშვნელოვანესი იქნება სხვა გამომშვებებისთვის, კერძო კომპანიებისთვის, რომლებსაც მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ და გაუიაფდებათ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა სამინისტრო – 2011 წელს გამოშვებული ევრობონდები უკვე დაიფარა და სამინისტრო ახალი ევროობლიგაციების გამოშვებას გეგმავს

Share