Home » ეკონომიკა » ლარს ტურისტული ბუმი დააბალანსებს?!
ლარს ტურისტული სეზონი დააბალანსებს?!

ლარს ტურისტული ბუმი დააბალანსებს?!

წელს, როგორც არასდროს საქართველო ისე ელოდება ტურისტული ნაკადების ზრდას, რადგან როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ლარის სიმყარეში ტურისტების მიერ შემოტანილმა ვაალუტამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, ოფიციალური მონაცემებით,  საქართველოში ტურისტთა ნაკადის ზრდა დაიწყო. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015 წლის ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს 496 758 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 9,3 %-ით მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელი ამ თვალსაზრისით გარკვეულწილად პესიმისტურად დაიწყო და წლის პირველ თვეებში ტურისტების რაოდენობაში კლება იყო, წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, შედარებით უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ზრდა შეინიშნება.

6 თვის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორების ჯამურმა რაოდენობამ ამ პერიოდში 2 მილიონ 332 303 შეადგინა, ზრდამ კი – 3,5 %. 6 თვის მონაცემებით, ზრდის კუთხით გამოირჩევა: ბელორუსი (+47%), ყაზახეთი (+32 %), ლიტვა (+27 %), გაერთიანებული სამეფო (+22 %) და გერმანია (+18 %). აქვე აღსანიშნავია ზრდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან (+12%).

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ ივნისის თვეში ტურისტთა რაოდენობაზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ მოახდინა. ამას სამსახური თავის მიერ გაწეულ სამუშაოებს, მათ შორის, სარეკლამო სამუშაოებსაც უკავშირებს – 2014 წელს ქვეყნის რეკლამირებისთვის 4,4 მილიონი ლარი დაიხარჯა, რამაც 5,5 მილიონი ტურისტის შემოსვლას შეუწყო ხელი. 2015-ში ეს რიცხვი 7,8 მილიონს მიაღწევს.

კიდევ უფრო ოპტიმისტურია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემები – მისი სტატისტიკის თანახმად, ივლისის თვე ტურისტთა რაოდენობის ზრდით მიმდინარე წელს ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებელს აღწევს.

აჭარის მასშტაბით რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მონაცემების მიხედვით, ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.8 %-იანი ზრდა დაფიქსირდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკით, განთავსების ობიექტებში 2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში (7თვე) გასულ წელთან შედარებით, ტურისტების 3,40%-იანი ზრდა შეინიშნება.

ლიდერებს შორის არიან: – თურქეთი (+3,2%), აზერბაიჯანი (+1,5%), რუსეთი (+3,7%), უკრაინა (+3,5%), სომხეთი (+0,8%), პოლონეთი (+3,7%), ისრაელი (+4,6%), ბელორუსია (+6,8%), ყაზახეთი (+11%), ლიტვა (+5,5%).

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ივლისის თვეში 6,10%-იანი ზრდა დაფიქსირდა ასევე, აჭარაში არსებულ სასაზღვრო პუნქტებში. კერძოდ, სარფის საბაჟოს, აეროპორტსა და ბათუმის პორტში. სასაზღვრო მონაცემების მიხედვით, 9,16%-ითაა გაზრდილი უცხოელი ტურისტების, ხოლო 3%-ით საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 737 ათასზე მეტმა უცხოელმა გადმოკვეთა, რაც წინა წლის მონაცემებს 9,5 პროცენტით აღემატება. საქართველოში დასასვენებლად კი 336 ათასზე მეტი ტურისტი ჩამოვიდა, რაც 2014 წელთან შედარებით, 2,2% პროცენტით მეტია.

იმის მიუხედავად, რომ სტატისტიკა ტურისტთა რაოდენობის ზრდაზე მიუთითებს, ეროვნული ვალუტის კურსი გაუფასურებას განაგრძობს და ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ექსპერტი საუბრობს ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკაზე – ისინი ეჭვობენ, რომ ეს პრობლემა საქართველოს ხელოვნურად შეექმნა.

Share