Home » ეკონომიკა » ლარის კურსის სტაბილურობა ეკონომიკაზე დადებითად აისახება
ლარის კურსის სტაბილურობა ეკონომიკაზე დადებითად აისახება

ლარის კურსის სტაბილურობა ეკონომიკაზე დადებითად აისახება

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმეთა ასოციაცია – აფბას“, ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი,  ეროვნული ვალუტის, ბოლოდროინდელ კურსის ცვალებადობას აფასებს და იმ ძირითად ფაქტორებს ასახელებს, რამაც ბოლო პერიოდში ლარის კურსზე იქონია ზეგავლენა.

„ბოლო ერთ თვიან პერიოდში ეროვნული ვალუტა 3%–ზე მეტით გამყარდა და დღეისთვის ერთი დოლარის ღირებულება 2.28 ლარია. ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი დასტაბილურება გამოწვეულია, იმ რიგი მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებით, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებაზე. ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი, რომელმაც ხელი შეუწყო ლარის დასტაბილურებას, არის ფულადი გზავნილები უცხოეთიდან. წინა წელთან შედარებით ეს პარამეტრი საგრძნობლად არის გაუმჯობესებული. უფრო კონკრეტულად კი, 2016 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 100.7 მლნ დოლარი, ანუ 235.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 10.4 %–ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოური ვალუტის შემოდინების კუთხით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ტრურიზმის სექტორმა. რომლიდანაც, არსებული მონაცემების გათვალისწინებით, შემოსავლები წლის ბოლოსთვის 2 მლრდ დოლარს გადააჭარბებს. უფრო კონკრეტულად კი, თუ საქართველომ პირველ კვარტალში 1,134,436 საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, 7 თვის მონაცემებით ეს ციფრი 3,400,335-მდე გაიზარდა. შვიდი თვის მონაცემებით, ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,6%–ი შეადგინა.”

ანალიტიკოსმა ეროვნული ბანკის ქმედებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ სებ–ის მოქმედებები თანმიმდევრული და ის კურსის სტაბილიზაციისკენ არის მიმართული.

„მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ლარის კურსის სტაბილურობა ცუდია ან დროებითია და მას სებ–ი ხელოვნურად ინარჩუნებს, იმთავითვე მცდარია იმდენად, რამდენადაც ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილებების თავიდან აცილება სებ-ის, ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა, შესაბამისად ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევიდან 22 აგვისტოს 20 მლნ დოლარი ამოიღო, ხოლო ამავე თვის 25 რიცხვში სავალუტო აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა. რაც ნათლად აჩვენებს, რომ სებ–ი თავისი მოქმედებებით, ცდილობს მოახდინოს კურსის სტაბილიზაცია და ის უხეშად არ ერევა მცურავი კურსის ცვალებადობაში. ეს არის სწორედ ის პოლიტიკა რისკენაც “აფბა” ეროვნულ ბანკს ბოლო წლებია მოუწოდებს.

აბსურუდული განცხადებები, რომ თურმე სტაბილური ვალუტის კურსი ცუდია, მომავალში კრახს და სებ-ის რეპუტაციის შელახვას გამოიწვევს, უბრალოდ გაუგებარია. ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარებითვის აუცილებელია ფინანსური სტაბილურობა, ხოლო ეს წამოუდგენელია ეროვნული კურსის სტაბილურობის გარეშე.“ – აღნიშნავს პაატა ბაირახტარი.

 

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმეთა ასოციაცია – აფბა“

Share