Home » ფინანსები » “ლარის კურსი გაუფასურდება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონში”
“ლარის კურსი გაუფასურდება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონში”“ლარის კურსი გაუფასურდება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონში”

“ლარის კურსი გაუფასურდება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონში”

 ინტერვიუ  ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისო საბჭოს  თავმჯდომარესთან ირაკლი თედორაძესთან

 

– უკანასკნელ პერიოდში პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა. მათ შორისაა მოგების გადასახადის გაუქმება რეინვესტირების შემთხვევაში და ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცი, როგორ შეაფასებდით ამ ინიციატივას?

– პრემიერის ინიციატივებს შეიძლება მხარი დავუჭიროთ, ოღონდ გარკვეული ასპექტების გათვალისწინების შემთხვევაში. მოგების გადასახადის რეინვესტირება ზრდის ბიზნესსა და წარმოებას, მაგრამ ეკონომიკის დღევანდელი სიტუაციისთვის არ არის ადეკვატური; ვინაიდან ბევრ ადამიანსა თუ ბიზნესს აქვს ვალი, რომელიც ჯერ კიდევ დასაფარია. ვფიქრობ, კარგი იქნება ამას დაემატოს საშემოსავლო გადასახადის 2–3%-ით დაკლება და დღგ-ის შემცირებაც. პრემიერის ინიციატივებში, როგორც მახსოვს, იყო ონლაინ კაზინოების აკრძალვაც, საიდანაც მოგების დიდი ნაწილითა და  საგადასახადო განაკვეთით ბიუჯეტი ივსება. ბიუჯეტისთვის მოგების გადასახადის გაუქმება საკმაო დანაკლისი იქნება. ვფიქრობ, რეინვესტირება უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა.

რაც შეეხება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. როდესაც ახალი მთავრობა მოვიდა, ველოდი რომ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამდნენ. მოხარული ვარ, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა ეს გააკეთა. თუმცა, აქაც საჭიროა გარკვეული სამართლებრივი დამუშავება. არ შეიძლება საგადასახადო დანაშაული სრულად იყოს დეკრიმინალიზებული. აქ უნდა დაწესდეს მარჟა, ან/და განისაზღვროს, რა სიმძიმის დანაშაულთან გვაქვს საქმე. მაგალითად, თუ ესაა უბრალოდ ბუღალტრული შეცდომა, რომელიც გარკვეულ თანხას არ აღემატება, შესაძლებელია პირი არ მიეცეს პასუხისგებაში. მაგრამ თუ ადამიანი სახელმწიფოს ატყუებს და უმალავს მილიონობით ლარის შემოსავალს, რა მოხდება მაშინ? არც მაშინ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე? ასეთი სახის დიფერენცირება საჭიროა და მე იმედი მაქვს, პრემიერი არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან ერთად, საუკეთესო შედეგს დადებს; ხოლო ნორმები, რომლებსაც ის დადებს, იქნება დახვეწილი და იმპლემენტირებული.

– პრემიერმა ეკონომიკისა სამინისტროს დაავალა საქართველოს მასშტაბით სასტუმროების ქსელის განვითარებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების პაკეტის მომზადება. რა პერსპექტივები აქვს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და რამდენად სწორად მიგაჩნიათ ქვეყნის ეკონომიკისთვის ტურიზმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განხილვა?

– ტურიზმი აუცილებლად უნდა იყოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რადგან საქართველო მდიდარია საკურორტო ადგილების მრავალფეროვნებით, მაგრამ აქაც რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. საქართველოში არ დგას მხოლოდ მიწის პრობლემა, აქ ასევე პრობლემატურია სერვისთან და უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებული საკითხებიც. ეს საკითხები კი მოგვარებას მოითხოვს. ჩვენ, სამწუხაროდ, გვქონდა მაგალითები, როდესაც ზამთრის კურორტზე დაიღუპნენ ახალგაზრდები. იმის გამო, რომ უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული.

თუ დაიდება უსაფრთხოებისა და სერვისის სტანდარტების მემორანდუმი, ეს იქნება ძალიან კარგი ინიციატივა, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებსაც. დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ხელშეკრულებებში, რომელთა გაფორმებასაც პრემიერი აპირებს, ერთ-ერთი პირობა იქნება ადგილობრივი მუშახელის დასაქმება. შეიძლება ტოპ-მენეჯმენტის სფეროში ვერ მოიძებნოს ბევრი ქართველი, რომელთა კვალიფიკაციაც ინვესტორთა მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მაგრამ საშუალო და დაბალი რგოლის თანამშრომლები, ვიმედოვნებ, ქართველები იქნებიან. ამით შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი, რაც შემდგომ უკვე სოციალური ფონს გააუმჯობესებს და უფრო სასარგებლოს გახდის ქართული მხარისთვის.

– ლარი კიდევ უფრო უფასურდება. ამის მიზეზად, ხელისუფლების წარმომადგენლები, რეგიონში მიმდინარე პროცესებს ასახელებენ და ამბობენ, რომ ამ ფაქტორის გარდა ლარის კურსის დევალვაციას სხვა აღარაფერი განაპირობებს. რამდენად დამაჯერებლად მიიჩნევთ ამგვარ მოსაზრებას?

– რთულია ცალსახად ვთქვათ, რომ მთავრობა ტყუის. ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო დგას ეკონომიკური კრიზისის მესამე ტალღის წინაშე და საქართველო, როდესაც დამოკიდებულია სხვა ქვეყნების ეკონომიკაზე, ვინაიდან ჩვენ ჯერ ვერ ვქმნით ისეთ დოვლათს, რომელიც ეროვნულ ვალუტას გაამყარებს, ნებისმიერი ქარისადმი მგრძნობიარეა. ლარის კურსი გაუფასურდება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონში. მაგრამ მნიშვნელობა მხოლოდ გარე ფაქტორებს არა აქვთ. ციხე შიგნიდან ტყდება და პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბატონი ქადაგიძის მიერ გატარებული მონეტარული და საკრედიტო პოლიტიკა არ იყო ეფექტური და ადეკვატური იმისა, თუ რა ხდებოდა ქვეყნის ეკონომიკაში. მეორე არის ის, რომ საქართველოში ინვესტირება გაჩერებული იყო და ჩვენ ვერ შევძელით დაგვეგროვებინა გარკვეული რეზერვი და ამ სახსრების აკუმულირება ეროვნულ ბანკში, თუნდაც გარკვეული დანაზოგების სახით. ამასთანავე, ჩვენი საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი ნულთან მიახლოებულია, ანუ საქართველო ჯერჯერობით ვერ ახორციელებს ხარისხიან ექსპორტს, რაც ძალიან ცუდია. მოხარული ვარ, რომ ჩვენი სურსათის სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობენ იმისთვის, რომ ევროსტანდარტის მოთხოვნები გააცნონ ქართულ ბიზნესსა და სამეურნეო საქმიანობას. ვთვლი, რომ მომავალში ლარის კურსის გარკვეული სტაბილიზაცია მოხდება. სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა, აქტიური ქმედებები და ინვესტირება კი შექმნის საკმაოდ კარგ ბაზისს საქართველოს განვითარებისთვის.

– ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური თემა საქართველოს მთავრობისა და “გაზპრომის” მოლაპარაკებებია. თქვენ როგორ აფასებთ არსებულ სიტუაციას და რაში ხედავთ გამოსავალს?

– “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს რაც შეეხება, ვფიქრობ,  არავის არ ეპარება ეჭვი, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია და მასთან ცივილიზებული ენით საუბარი ჯერჯერობით ვერ შედგება. ჩვენ მარტივად შეგვიძლია მოდელირება გავაკეთოთ იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ რეალურად გამოსავლის მოძებნა საკმაოდ რთულია, ვინაიდან უშუალოდ არ ვარ ჩართულნი მოლაპარაკებებში. ვთვლი, რომ მთავრობა მაქსიმალურად უნდა ეცადოს, შეინარჩუნოს საქართველოს ტერიტორიაზე გაზის გატარების საფასურის ნატურით მიღების პირობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ წამს, რა წამსაც დაფიქსირდება გარკვეული ფასი კუბურ მეტრ აირზე, რუსეთს შეუძლია ფასით იმანიპულიროს და საქართველოს მთავრობას მიაღებინოს ან დაათმობინოს  მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები. ვინაიდან ზოგიერთი საწარმო არ მუშაობს ნავთობზე და მას სჭირდება ელექტროენერგია ან გაზი, ვფიქრობ “გაზპრომზე” დამოკიდებულება გახდება ერთ-ერთი რისკფაქტორი. საჭიროდ ვთვლი, “გაზპრომთან” მოლაპარაკებების პარალელურად, ველაპარაკოთ ყველა მეზობელ ქვეყანას, რომელსაც შეუძლია რესურსი მოგვაწოდოს. ალბათ, უკეთესი იქნება ამ ქვეყნებთან გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმება, ეს საქართველოს მათთვის მიმზიდველ პარტნიორად აქცევს. პრემიერის მიერ დასახული გეგმების განხორციელების პირობებში, საქართველო ბევრი ინვესტორისთვის გახდება მიმზიდველი ქვეყანა, რომელშიც იქნება სტაბილური გარემო ბიზნესის საწარმოებლად.

ვფიქრობ, სასარგებლო იქნება, რომ მთავრობა არა მხოლოდ ადგილობრივ NGO –ებს ან ექსპერტებს ესაუბროს, არამედ მოიწვიოს უცხოელი ექსპერტები და მათთან გაიაროს კონსულტაციები. მოვუსმინე რამდენიმე გადაცემას, სადაც საუბრობდნენ საერთაშორისო სტანდარტებზე. რუსეთმა ჩვენთან მიმართებით დაარღვია ყველა სტანდარტი. ვერც ერთი ევროპული სახელმწიფო ვერ მოგვთხოვს გამოვიდეთ ანგელოზებად, დავიცვათ ყველა ნორმა და ვიყოთ ადეკვატურები რუსეთის მიმართ. მაშინ მანაც იგივე უნდა გააკეთოს, ეს კი აბსურდია. არსებულ რეალობაში, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მოლაპარაკებები “გაზპრომთან”, რადგან “სოკარს” არ შეუძლია შეგვივსოს ის დანაკლისი, რომელიც ჩვენ გვაქვს. მინისტრ კალაძეს რთული ამოცანა აქვს შესასრულებელი და თუ ის ამას თავს გაართმევს, შესაძლოა მისი დაწინაურებაც კი ვიხილოთ.

ესაუბრა ეკა ტკაჩენკო

Share