Home » ფინანსები » ლარის გაუფასურების 4 მიზეზი

ლარის გაუფასურების 4 მიზეზი

პროფესორი ლადო პაპავა  ლარის გაუფასურების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში მხედველობაში მისაღებია როგორც საგარეო ფაქტორები, ისე ქვეყნის შიგნით არსებული სირთულეები.

„საგარეო ფაქტორებიდან გამოვყოფ  ერთ-ერთ პირველს – მთელ მსოფლიოში აშშ დოლარმა გამყარება დაიწყო. ეს გლობალური პრობლემაა. მეორე ფაქტორია ის ნახტომისებური გაუფასურება, რაც  თურქეთში არცთუ დიდი ხნის წინათ მოხდა. აღნიშნულ ქვეყანაში ძალიან რთული სიტუაციაა ამ მხრივ, მათი ლირა არასტაბილურია, ამას შეეწირა თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელიც. თურქეთი კი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ეს ფაქტი  ლარის გაცვლით კურსზე უარყოფითად აისახა“-აცხადებს ლადო პაპავა.

რაც შეეხება შიგა ფაქტორებს, ამ შემთხვევაშიც ორი მომენტის გამოყოფაა შესაძლებელი. როგორც  პაპავა განმარტავს, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ რთულად წარიმართა. მზაობა მოსახლეობის მხრიდან აცრაზე არცთუ ისეთი მაღალია.

„ამის გამო ქვეყანაში ოპტიმისტური განცდა, რომ პანდემია მალე დასრულდება, ჯერ ვერ ჩამოყალიბდა, ქვეყანაში არ არის პოზიტიური მოლოდინები. ამას ემატება პოლიტიკური არასტაბილურობა. თქვენ იცით, რომ  შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციასა შორის დადებითი შედეგით ვერ დასრულდა. ეს ყველაფერი კი ლარის არასტაბილურობაზე აისახება.

ეს არის ის ყველაფერი, რაც სჭირს ჩვენს ლარს. რა თქმა უნდა, ჩვენ საგარეო ფაქტორებზე ზეგავლენა არ გვაქვს, რაც შეეხება შიგა ფაქტორებს, აქ ისევ და ისევ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის საკითხი რამენაირად დადებითად გადაწყდეს. გარდა ამისა, შენარჩუნებულ იქნეს პოლიტიკური სტაბილურობა. საგარეო ფაქტორების შესუსტების მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეროვნული ბანკის გააზრებულ მოქმედებას, რათა პერიოდული ინტერვენციებით კი არ შეინარჩუნოს გაცვლითი კურსი, არამედ, სტაბილური და არანახტომისებური გახადოს ლარის შესაძლო გაუფასურება“-აცხადებს ლადო პაპავა.

მისივე განმარტებით, მოლოდინებზე და პროგნოზებზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია.

„ახლა წერტილოვან შეზღუდვებზეა ისევ საუბარი, ეს თუ გარდაიქმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგულაციებზე, ბუნებრივია,  ისევ უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე.  ყველა ვხედავთ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, ამიტომ, ეს სერიოზული პრობლემაა“-აცხადებს პაპავა.

შეგახსენებთ, ლარი ბოლო პერიოდში უფასურდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.3850-ით დაიწყო, 12:30 საათისთვის 1 დოლარი 3.4542-ის ნიშნულზეა. ოფიციალური კურსი 31 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი 3.4464  ლარი გახდა.

შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.5200 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა – 3.3900 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის  ყიდვა 3.4100 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.4900 ლარად.

წყარო: business-partner.ge

Share