Home » ფინანსები » ლარის გაუფასურებას ფუნდამენტურ ეკონომიკურ პროცესებთან კავშირი არ აქვს
ლარის გაუფასურებას ფუნდამენტურ ეკონომიკურ პროცესებთან კავშირი არ აქვს

ლარის გაუფასურებას ფუნდამენტურ ეკონომიკურ პროცესებთან კავშირი არ აქვს

ზაფხულის სეზონზე სტაბილურობის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ სექტემბრის დასაწყისიდანვე მერყეობა დაიწყო. ლარი 40-ზე მეტ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა. ყველაზე მნიშვნელოვანი რყევა კი ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში განიცადა და თითქმის 10 პუნქტით გაუფასურდა. ლარის მკვეთრ გაუფასურებას გამოხმაურება მოჰყვა სამთავრობო წრეებშიც. როგორც ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ლარის ბოლოდროინდელი რყევები დროებითი ფაქტორებით იყო განპირობებული და სეზონურ პერიოდს უკავშირდებოდა, ასევე, ფინანსთა მინისტრის შეფასებითვე, მთავრობამ მრავალჯერ ისაუბრა იმაზე, რომ ლარის კურსის ცვლილება, ძირითადად, საქართველოზე არ არის დამოკიდებული, რადგან ქვეყანაში არის ღია ეკონომიკა და, შესაბამისად, მცურავი კურსია.

“ლარის კურსის ცვლილება სეზონური მოვლენაა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელია. ამას ვაფასებ, როგორც ერთჯერად გამოვლინებას, რომელმაც უკვე გადაიარა”, – განუცხადა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ ექსპერტებს, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი სეზონურ ფაქტორებს გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებასთან არანაირ მაკროეკონომიკურ და სეზონურ ფაქტორებს კავშირი არ აქვს.

“გაუგებარია, თუ რატომ უკავშირებენ ლარის ბოლოდროინდელ რყევებს სეზონურ ფაქტორებს. ჩვენი ეკონომიკისთვის ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პერიოდია და საკმაოდ კარგ შემოსავლებს ვიღებთ ტურიზმიდან. მით უმეტეს, რომ 2017 წლის პირველ ნახევარში 26 %-ით მეტი უცხოური ვალუტა შემოვიდა ქვეყანაში ტურიზმიდან, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. ამას გარდა, სახეზე გვაქვს მთელ რიგ მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებასთან, რომლებიც მოქმედებენ უცხოური ვალუტის შემოდინებაზე. მაგალითად,  აგვისტოს თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15.1%-ით არის გაზრდილი ფულადი გზავნილების შემოდინება.  ასევე, ზრდა გვაქვს ექსპორტის მიმართულებით. თუ არ ჩავთვლით პირველ ორ კვარტალში ინვესტიციების მიმართულებით ჩამორჩენას, ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი წესრიგშია. შესაბამისად, ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებაში ეკონომიკურ პროცესებს ბრალი არ მიუძღვით. ჩნდება კითხვა მაშინ რამ გამოიწვია ეროვნული ვალუტის, თითქმის 10 თეთრიანი გაუფასურება? – ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მთლიანად მოლოდინების ეფექტთან. საქმე იმაშია, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა მოსაზრება, რომ ზაფხულის მიწურულს ეროვნული ვალუტა აუცილებლად დაიწყებდა გაუფასურებას, რასაც ხელი შეუწყო ზოგიერთი ექსპერტისა თუ პოლიტიკოსის ხმამაღალმა განცხადებებმა. სწორედ ამიტომ ამ პერიოდში მცირედი რყევაც კი სიგნალი იყო ამ ადამიანებისთვის, რათა მათ მასიურად დაეწყოთ ბაზრიდან დოლარის შესყიდვა, რამაც, ცხადია, ზეწოლა გაზარდა ეროვნულ ვალუტაზე და მივიღეთ კიდეც შედეგი”, – ამბობს ბაირახტარი.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის ბრალეულობა მხოლოდ ის არის, რომ ისინი ასეთ მომენტებში ნაკლებ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას, რაც კიდევ ხელს უწყობს არასწორი მოლოდინების ჩამოყალიბებას.

“ამ შემთხვევაში ხელისუფლებისა და სებ-ის ბრალეულობა არაფერია, გარდა იმისა, რომ ისინი როგორც ყოველთვის, საინფორმაციო ვაკუუმში ამყოფებენ საზოგადოებას, სწორედ ეს უწყობს ხელს აჟიოტაჟური კურსის ჩამოყალიბებას, ასეთ დროს რაც მეტად ინფორმირებულია საზოგადოება, მით ნაკლებია არასწორი მოლოდინების ჩამოყალიბების რისკი, რაც თავის მხრივ, იცავს ბაზარს აჟიოტაჟური კურსისგან”, – განმარტავს ბაირახტარი.

გაუფასურების მთავარ მიზეზად ასევე პანიკურ ფონი მიაჩნია ეკონომისტ ლევან ქისტაურს. მისი შეფასებით, კურსის ნებისმიერ ცვლილებაზე მსგავსი აჟიოტაჟი მხოლოდ ნეგატიურად მოქმედებს კურსზე.

“აგვისტოს მეორე ნახევრიდან ლარის დაახლოებით 4%-ით გაუფასურებას ჰქონდა ადგილი. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ პატარა ცვლილებაზე  არ არის საჭირო პანიკური ფონის შეიქმნა. საქართველოში არის თავისუფალი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი არ ერევა კურსის ფორმირებაში და კურსს განსაზღვრავს ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდება. შესაბამისად, რაკი გვაქვს თავისუფალი კურსის რეჟიმი, ასეთ რყევებს ყოველთვის ექნება ადგილი. ჩვენ არ გვაქვს ფიქსირებული კურსი. გარკვეული ცვლილებები და რყევები იქნება და ეს არის ასახვა იმისა, რაც ხდება ეკონომიკაში, ან საზოგადოების, ეკონომიკური სუბიექტების და შიდა მეურნეობების განწყობაში. მაკროეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექსპორტი იზრდება, საგადასახადო ბალანსში პოზიტიური ტრენდია, მაგრამ გვქონდა კურსის ვარდნა, რომელიც 10 სექტემბრის მერე გარკვეულწილად დასტაბილურდა და ისევ გამყარებისკენ წამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მაკროეკონომიკური ფაქტორები პოზიტიურ სურათს აჩვენებს წინა პერიოდებთან შედარებით, კურსის გაუფასურებას მაინც ჰქონდა ადგილი 4%-ით”, – მიიჩნევს ქისტაური.

ქისტაური გამორიცხავს ალბათობას, რომ რომელიმე მსხვილ კომერციულ დაწესებულებას გარკვეული ზეგავლენა მოეხდინა გაცვლით კურსზე.

“ვიღაცას სჭირდებოდა დოლარი და შეისყიდა, ვიღაცას კი სჭირდებოდა ლარი და გაყიდა უცხოური ვალუტა. ზაფხული ეკონომიკური აქტივობისთვის მაინც “მკვდარი” სეზონია და აქტიურობა უფრო სექტემბერში შეინიშნება. რაც შეეხება მანიპულაციას, საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ესეთ რამესთან გვაქვს საქმე”, – ამბობს ქისტაური.

განსხვავებული მოსაზრება აქვს “თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის” დირექტორს ვახტანგ ჭარაიას. როგორც ჭარაია მიიჩნევს, ხელისუფლებას არ აწყობს ლარის საკმარისზე მეტად გამყარება, რათა წლის ბოლოს ქვეყნის ბიუჯეტს პრობლემები არ შეექმნას.

“ზაფხულის სეზონის დამთავრებასთან ერტად, შეიძლება ნაადრევად დაიწყო ლარის გაუფასურება. თუმცა, ეს ზაფხულის სეზონის დამთავრებასთან დაკავშირებით მაინც მოსალოდნელი იყო. მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი მგონია ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი 2 ლარსა და 50 თეთრზეა გაანგარიშებული. ეროვნული ბანკი და ხელისუფლება ერთობლივად ცდილობენ, რომ ლარი იმ კურსთან მიიყვანონ, რომელიც ბიუჯეტის აძლევს ხელს გამართულ ფუნქციონირებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიუჯეტს შეექმნება პრობლემები. აქედან გამომდინარე, ერთი მიზეზი ბიუჯეტს უკავშირდება, მეორე მხრივ კი ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ საარჩევნო წელი გვაქვს და გარდა ამისა ხელისუფლებას დაუგროვდა დიდი მოცულობის თანხები თავის ანგარიშებზე, რომლის დახარჯვასაც მეოთხე კვარტალში აპირებს. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ახალი პროექტების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა და, შესაბამისად, ეს ყველაფერი უბიძგებს იქითკენ, რომ უფრო მეტი ლარი გამოდის ეკონომიკაში და, შესაბამისად, ლარის მასის ზრდა მის ფასზე უარყოფითად აისახება დოლართან მიმართებაში”, – აღნიშნავს ჭარაია.

ლევან ლაგვილავა

Share