Home » ფინანსები » „ლარის გაუფასურება არა ეკონომიკურ-ფინანსური მდგომარეობით, არამედ პოლიტიკის მცდარობითაა გამოწვეული“

„ლარის გაუფასურება არა ეკონომიკურ-ფინანსური მდგომარეობით, არამედ პოლიტიკის მცდარობითაა გამოწვეული“

„საქართველოში დღეს ლარის გაუფასურება არ არის ეკონომიკური, ან ფინანსური მდგომარეობით გამოწვეული, ეს პოლიტიკის მცდარობითაა გამოწვეული, ასევე, იმ ხელოვნური აჟიოტაჟორი გაუფასურებით, რომელიც აბსოლუტურად მართვადია“, – ამის შესახებ ეკონომისტმა,  დემურ გიორხელიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დემურ გიორხელიძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა.

„თუ შევხედავთ, ეკონომიკასა და ფინანსებში რაღაც განსაკუთრებული რყევა არაფერი მომხდარა. ამდენად, თქმა იმისა, რომ რაღაც შოკმა აიძულა ლარი, გაუფასურებულიყო, სწორი არ იქნება. თურქეთის მაგალითის მოშველიება არ გამოგვადგება იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, თურქეთში ვარდნა ეკონომიკურ მდგომარეობათან სულაც არაა დაკავშირებული, პრეზიდენტმა ერდოღანმა გაათავისუფლა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეს იყო შოკი. ამიტომ, ამის გავლენა ჩვენთან არაა. ინტერვენციები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა განახორციელა, რა თქმა უნდა, კვლავ ხელს უწყობს კურსის გაუარესებას. ეროვნული ბანკი ფულს ყიდის კომერციულ ბანკებზე.

კომერციული ბანკები ამას სავალუტო ოპერაციებისთვის იყენებენ. თუ ამ პოლიტიკაზე ჩემი დაკვირვება და ლოგიკა სწორია, ცოტა ხანში კვლავ ეცდებიან, კურსი ჩამოიყვანონ სადღაც 3,3-ის ფარგლებში. გასაგებია, რომ სხვაობა ბანკებს საშუალებას მისცემს, განახორციელონ ოპერაცია – ჰაერიდან იშოვონ ფული.

ასე რომ, რაღაც განსაკუთრებული და უკონტროლო ქვეყანაში არ ხდება. ხდება ის, რაც ჩვეულებრივ ხდება ეკონომიკისა და ჩვენი მოქალაქეების საზიანოდ. კომერციული ბანკები ეროვნული ბანკის პოლიტიკის მეშვეობით სოლიდური ფულის გამომუშავებას აგრძელებენ. გასულ წელს კომერციული ბანკების მოგების 43% სავალუტო ოპერაციებიდან იყო, რაც სრულიად გაუგონარი მაჩვენებლია. ეს პოლიტიკის მცდარობაზე მიუთითებს.

ახლა შეიძლება, მოხდეს ის, რომ ფასები კვლავ გაუარესდეს. სუეცის არხის ჩაკეტვის გამო, ფაქტობრივად, მსოფლიოში ტვირთბრუნვა მოიშალა. ეს, ალბათ, სულ ცოტა 2-3 კვირას გაგრძელდება. ეს უზარმაზარ დარტყმას აყენებს ევროკავშირს.

ასე რომ, მოდი, ასე ვთქვათ, საქართველოში დღეს ლარის გაუფასურება არ არის ეკონომიკური, ან ფინანსური მდგომარეობით გამოწვეული, ეს პოლიტიკის მცდარობითაა გამოწვეული, ასევე, იმ ხელოვნური აჟიოტაჟორი გაუფასურებით, რომელიც აბსოლუტურად მართვადია.

გადამეტებული იქნება იმის თქმა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი რაიმე საფრთხეს უქმნის ლარს. რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი, მაგრამ ამით პროცესები არ ჩერდება. ეს არ არის მწვავე ხასიათის კრიზისი.

შემთხვევითი არ არის ის, რომ სავალუტო ფონდის წარმომადგენელი გასულ წელთან შედარებით წელს რაღაცა კარგს პროგნოზირებს. თუმცა, ნაკლებადაა იმედი, რომ სავალუტო ფონდის ხელმძღვანლის პროგნოზები საქართველოს პირობებში გამართლდება. ვფიქრობ, გასულ წელთან შედარებით კიდევ ვარდნა იქნება. სიტუაცია არ არის ხელსაყრელი. ჩვენზე განსაკუთრებით საგარეო ფაქტორები მოქმედებს“, – განაცხადა გიორხელიძემ.

Share