Home » ბიზნესი » ლარის გაუფასურების შედეგად ონლაინ კრედიტებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოგება გაორმაგდა
ლარის გაუფასურების შედეგად ონლაინ კრედიტებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოგება გაორმაგდა

ლარის გაუფასურების შედეგად ონლაინ კრედიტებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოგება გაორმაგდა

ლარის გაუფასურების შედეგად ონლაინსესხებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებელი და შედეგად, შემოსავლები გაეზარდა.

ამ განცხადებას პირველი საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელი გივი კორინთელი „კომერსანტთან“ აკეთებს.

მისი განმარტებით, რაც უფრო მეტად უფასურდება ლარი, ადამიანებს მით უფრო მეტად სჭირდებათ დამატებითი თანხები თუნდაც იმისთვის, რომ მიმდინარე, სასესხო ვალდებულებები გადაფარონ. სასესხო ვალდებულებების გადაფარვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად კი კორინთელი ონლაინ სესხებს და მიკროსაფინანსო ორგანზიაციებიდან გაცემულ სესხებს ასახელებს.

„ბანკი,რომელსაც ერთ კონკრეტულ მსესხებელზე უკვე გაცემული აქვს სესხი, განსაკუთრებით იპოთეკური, დამატებით, ახალ სესხს აღარ გასცემს. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ერთ ადამიანს 5-6 სესხი აქვს, აქედან 3-4 ონლაინია. სწორედ ეს არის ერთერთი მიზეზი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში გაზრდილი მოთხოვნისა”-აცხადებს კორინთელი.

მისივე შეფასებით, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სავარაუდოდ მოგება გაეზრდებათ, აქედან გამომდინარე ბიუჯეტში მეტი შევა, თუმცა აქვე არის მეორე, უარყოფითი მხარე – ის, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების ხარჯზე ხდება.

„როდესაც იზრდება ბიზნეს სესხების მიმართულება, მაშინ ეს დადებითია, თუმცა, თუ იზრდება სამომხმარებლო სეხების ნაწილი, რომელიც იმისთვის არის, რომ ვალუტის კურსით გამოწვეული დეფიციტი გადაიფაროს, მაშინ ეს ეკონომიკისთვის ცუდია”-აცხადებს კორინთელი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური ლებანიძე კი ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების რაოდენობის ზრდას შორის კავშირს ვერ ხედავს. მისი შეფასებით, ეროვნული ვალუტის პრობლემები ამ მაჩვენებლებზე არ მოქმედებს.

ლებანიძე აცხადებს, რომ მიკროსაფინანსო სექტორი 6-7 წლის განმავლობაში  იზრდებოდა.

ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პირველი ორი კვარტლის მაჩვენებლით, სექტორის მოგება თითქმის გაორმაგდა და 70,5 მილიონს გადააჭარბა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ 2015 წლის პირველ ორ კვარტალში გაცემული სესხების სტრუქტურა ასე გამოიყურება:

სამომხმარებლო სესხები – 532 734 284 ლარი;

სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა – 238 461 842 ლარი;

ვაჭრობა და მომსახურება – 222 003 897 ლარი;

ტურიზმი და სპორტი – 8 740 506 ლარი;

მშენებლობა – 7 423 587 ლარი;

გადამამუშავებელი მრეწველობა – 2 426 423 ლარი;

ტრანსპორტი – 1 751 144 ლარი;

განათლება და კულტურა – 259 122 ლარი;

მომპოვებითი მრეწველობა 17 796 ლარი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების” ანალიზის მიხედვით, 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მხრიდან ფინანსურ შუამავლობაზე გაცემული სესხების წილი 7.3%-ს (535 მილიონი ლარი) შეადგენს. 2014 წლის 1 ივლისთან შედარებით ზრდა 1.9% (233 მილიონი ლარი) იყო.

მათი ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლები ძირითადად საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე პირები და მცირე მეწარმეები არიან. ეროვნული ვალუტის გაუფასურებით გამოწვეულმა სირთულეებმა კი მათი მხრიდან ფინანსურ რესურსებზე გაზრდილი მოთხოვნა გამოიწვია.

commersant.ge

 

[wpolling id=”5″ width=”” height=””]
Share