Home » ფინანსები » ლარის გაუფასურების ანატომია
ლარის გაუფასურების ანატომია

ლარის გაუფასურების ანატომია

ეროვნული ვალუტის გაუფასურება ეკონომიკაში 2015 წლის მთავარი მოვლენა იყო

2015 წელს საქართველოში მთავარი ეკონომიკური მოვლენა ლარის კურსის გაუფასურება იყო. გასული წლის ოქტომბრამდე ეროვნული ვალუტა დევალვაციას განიცდიდა, როგორც ევროს ისე დოლარის მიმართ. ლარის გაუფასურება ჯერ კიდევ 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო. საბოლოოდ, ლარის კურსმა ვარდნა სექტემბერში შეწყვიტა და მას შემდეგ მეტნაკლებად სტაბილურობით ხასიათდება.

აღსანიშნავია, რომ ლარის კურსის გაუფასურების საწყის ეტაპზე მთავრობა ეროვნული ბანკისგან ითხოვდა მონეტარული ბერკეტების გამოყენებას და სავალუტო ბაზარზე ჩარევას, სებ–ი კი თავის მხრივ ქვეყანაში შემოსული უცხოური ვალუტის შემცირებულ მაჩვენებლებზე ამახვილებდა ყურადღებას, რაზე პასუხისმგებლობასაც ხელისუფლებას აკისრებდა. მართალია, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვაზე, ექსპორტის ზრდაზე და ზოგადად უცხოური ვალუტის შემოდინებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. თუმცა, სავალუტო კურსზე ზეგავლენის პირდაპირი ბერკეტი ერთადერთ სახელმწიფო ორგანოს – ეროვნულ ბანკს გააჩნია. სწორედ ქვეყნის ცენტრალურ ბანკს აქვს კურსის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად სავალუტო ბაზარზე ჩარევის ბერკეტები, რომელთა გამოყენებაზეც სებ–მა უარი განაცხადა. მიზეზად, სავალუტო რეზერვების განიავება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის უარყოფით მხარეები დაასახელა. შედეგად, მთელი წლის მანძილზე, ურთიერთბრალდებებში ლარის კურსი გაუფასურებას განაგრძობდა, მიუხედავად ამისა არცერთმა სახელმწიფო ორგანომ პოლიტიკა არ შეცვალა. რამდენიმეთვიანი კინკლაობის შემდეგ სებ–მა და მთავრობამ “საერთო ენაც” გამონახეს და ეროვნული ვალუტის დევალვაცია საგარეო ფაქტორებს გადააბრალეს. შედეგად ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკმაც მოიხსნა და ხელისუფლებამაც.

 

ლარის კურსის დინამიკა 2015 წლის მანძილზე

2014 წლის ნოემბერში დაწყებული ლარის კურსის გაუფასურება, როგორც ზემოთ აღინიშნა, 2015 წელსაც გაგრძელდა. გასული წლის ნოემბერში 1 დოლარი 1,75 ლარი, ხოლო 1 ევრო 2,18 ლარი ღირდა. 2015 წლის იანვრისთვის ლარი დოლართან მიმართებაში 1,88 ლ.–მდე, ხოლო ევროსთან 2,18 ლარამდე დაეცა. ლარის კურსმა გაუფასურების პიკს მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მიაღწია, როდესაც ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის თანახმად 1 დოლარი 2,44 ლ; ხოლო 1 ევრო 2,80 ლარი ღირდა. ოქტომრიდან ლარი მცირედით გამყარდა და ბოლო თვეებში დოლარის მიმართ 2,40–ის ფარგლებში დასტაბილურდა.

შედეგად, 1 წელიწადში, გასული წლის ნოემბრიდან დღემდე, ლარი დოლარის მიმართ 1,75-დან 2,40-მდე, ხოლო ევროს მიმართ 2,18-დან 2,60-მდე დაეცა.

 

ეროვნული ბანკის პოლიტიკა

მთელი წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის კურსთან მიმართებაში სტატისტის როლში იყო. პრინციპულად უარს აცხადებდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასა ან/და სავალუტო რეზერვების ხარჯვაზე.

“ყველაზე პოპულარული და ყველაზე არასწორი მეთოდია მოითხოვო, რომ ცენტრალური ბანკი ჩაერიოს და თავისი რეზერვები დახარჯოს. ეს საერთოდ არაეფექტურია, რასაც ადასტურებს არა მხოლოდ მრავალწლიანი მსოფლიო ეკონომიკური ისტორია, არამედ ჩვენი მეზობლების მაგალითები – იმ ქვეყნებმაც კი, რომლებიც გაცილებით მდიდრები არიან საქართველოზე ენერგომატარებლების ექსპორტის გამო, მრავალმილიარდიანი ინტერვენციების შემდეგ მაინც მოახდინეს ვალუტების დევალვაცია. რადგან როცა საუბარია ფუნდამენტურ დისბალანსზე, რეზერვების ხარჯვა დიდი უაზრობაა. ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით, და არც გაგვიკეთებია ეს”, – განაცხადა სებ–ის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რუსულ გამოცემა “ვლასტისთან” ინტერვიუში.

მიუხედავად სებ–ის პრინციპული პოზიციისა, რომ არ აპირებდა სავალუტო რეზერვების უაზრო ხარჯვას 2014 წლის ნოემბრიდან, 1 წლის პერიოდში, ცენტრალურმა ბანკმა ათჯერ მოახდინა სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის გაყიდვა, საერთო ჯამში 347 მილიონი დოლარის ოდენობით. სები–ის არათანმიმდევრულ და დაგვიანებულ სავალუტო ინტერვენციებს, როგორც მოსალოდნელი იყო შედეგი არ მოჰყოლია.

 

აუქციონის ჩატარების თარიღი სებ–ის მიერ ვალუტის გაყიდვა (USD)

11/25/2014 – 40,000,000

12/2/2014 – 40,000,000

2/11/2015 – 40,000,000

2/19/2015 – 40,000,000

2/24/2015 – 40,000,000

3/19/2015 – 40,000,000

4/28/2015 – 40,000,000

9/22/2015 – 26,960,000

10/27/2015 – 20,000,000

11/25/2015 – 20,000,000

 

 

“თანმიმდევრული” გიორგი ქადაგიძე

საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკას, ეროვნული ბანკი კრიტიკითვე პასუხობდა. სებ–ის პრეზიდენტი ხან ეკონომიკის ექპერტებს აკირიტიკებდა, ნეგატიური მოლოდინების შექმენაში და ხანაც მისტიურ “ფუნდამენტურ” პრობლემებს აბრალებდა ლარის კურსის დევალვაციას. თუმცა, რამდენად იყო ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კომპეტენტური და თანმიმდევრული ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში, ეს მკითხველმა თავად განსაჯოს. გთავაზობთ, სებ–ის პრეზიდენტის გაკეთებულ რამდენიმე განცხადებას ბოლო 1 წლის მანძილზე.

2014 წლის 5 დეკემბერი – 1 დოლარი=1,89 ლარი: “ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აქვს როგორც შიდა ასევე გარე ფაქტორებით გამოწვეული მიზეზები. ბოლო 7 წლის განმავლობაში ისტორიულად გამყარებულ დოლართან ერთად სახეზე გვაქვს სავალუტო შემოდინებების ძირითადი წყაროების შესუსტება, ან კლება. ამავე დროს ჩვენი გათვლებით, ეს დისბალანსი უკვე აღმოფხვრილია და უკვე ასახულია ლარის გაცვლით კურსში. რაც შეეხება იმ პროცესებს, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო დღეების განმავლობაში იგი დიდწილად გამოწვეულია ბაზრის მონაწილეების აჟიოტაჟური ქცევით, რაც ზოგადად დამახასიათებელია ამ დროს ფინანსური ბაზრებისთვის”.

2015 წლის 27 თებერვალი – 1 დოლარი=2,25 ლარი: “კურსთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა გარემოებას, რომ ლარის კურსის გაუფასურება გამოწვეულია ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით. ლარი გაუფასურდა 30 პროცენტით სამწუხაროდ,  30 პროცენტიანმა გაუფასურებამ გარკვეული პერიოდის მერე დაიწყო ასახვა იმპორტზე. ჩვენ ველოდებით, რომ იმპორტის შემცირების შესაბამისად, შემცირდება უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა, რაც შეარბილებს ნეგატიურ გავლენას კურსზე და ლარს ექნება სტაბილიზაციის და შემდგომი გამყარების ტენდენცია”.

2015 წლის 14 მაისი – 1 დოლარი=2,36 ლარი: “გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორები ძირითადად ამოწურულია და საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ არ ველოდებით კურსის გაუფასურებას სხვა თანაბარ პირობებში. რაც შეეხება მოკლევადიან მერყეობებს და იმ გაუფასურებებს, რომელსაც აქვს ადგილი, ამ მოვლენაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის მოლოდინები და სამწუხაროდ დღევანდელი მდგომარეობით მოლოდინები არის, მე ვიტყოდი გადაჭარბებულად უარყოფითი, რაც მოქმედებს გაუფასურების მიმართულებით.

2015 წლის 12 აგვისტო – 1 დოლარი=2,30 ლარი: “ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე არსებული შოკი მიღებულ გაუფასურებაში არის ასახული. მარტივად რომ ვთქვათ, ის მილიარდ დოლარიანი სავალუტო შემოდინებების დანაკლისი, რომელიც ჩვენ მივიღეთ უკვე ასახულია მოხმარების შემცირებაში და შესაბამისად, იმპორტის შემცირებაში. ივლისში იმპორტი ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით შემცირებულია დაახლოებით 21 პროცენტით, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ განსაკუთრებულ მერყეობას კურსზე არ ველოდებით. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც  გავლენას ახდენს კურსზე, არის უარყოფითი მოლოდინები, რომელიც დღეს  საზოგადოებაშია.

ლარის კურსმა გაუფასურების პიკს 2015 წლის 22 სექტემბერს მიაღწია, როდესაც 1 დოლარი 2,4499 ლარი ღირდა.

 

მძიმე შედეგები

ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის სებ–მა არაფერი გააკეთა. მიუხედავად მოსალოდნელი უამრავი უარყოფითი მოვლენისა. ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია ინფლაციის რეგულირებაზე და არა ლარის კურსის სტაბილურობაზე, – ეს იყო სებ–ის მთავარი გამამართლებელი არგუმენტი მისი კრიტიკოსების მიმართ.

ერთი წლის მანძილზე ლარის კურსის 40%–იანმა დევალვაციამ თავისი ასახვა ჰპოვა ქვეყნის მთელ ეკონომიკაზე. პირველ რიგში მძიმე დარტყმა მიადგა იმ მოსახლეობის ნაწილს, ვისაც შემოსავალი ლარში, ხოლო ბანკებიდან დოლარში აქვთ სესხები აღებული. ამას დაემატა კურსის გაუფასურების შედეგად გაძვირებული იმპორტი, რამაც უმეტეს პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვია. ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება, რომ პროდუქციის უმეტეს სახეობაზე ფასების ზრდას გამოიწვევდა, ძნელი სავარაუდო არ იყო. იმ პირობებში, როდესაც საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ეკონომიკა აქვს.

ეროვნული ბანკის არგუმენტი, რომ ის პირდაპირ არაა პასუხისმგებელი ლარის კურსის სტაბილურობაზე, წლის მეორე ნახევარში ფასი დაეკარგა, რადგან ვალუტის გაუფასურების შედეგად საქართველოს ეკონომიკა, უკვე ინფლაციის პრობლემის წინაში დადგა. ინფლაციის მიზნობრივ დონეზე შენარჩუნება კი სებ–ის ფულად–საკრედიტო პოლიტიკის ერთადერთი ვალდებულებაა, რომელსაც სამწუხაროდ ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა თავი ვერ გაართვა. შედეგად, გაზრდილი ინფლაციური მოლოდონის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა 2015 წლის მანძილზე მონეტარული პოლიტიკა მკვეთრად გაამკაცრა, თუმცა ინფლაცია მთელი წელი ზრდას განაგრძობდა და წლის ბოლო 5 თვის მანძილზე წლიური ინფლაციის დონემ ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მიზნობრივ მაჩვენებელსაც (5,0%) გადააჭარბა.

ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 6,3%–ი შეადგინა. ეს იმ ფონზე, რომ 2015 წლის მანძილზე, პერიოდულად რეფინანსირების სესხის საპროცენტო განაკვეთი 4,5%–იდან 8%–მდე გაიზარდა. გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკა გააძვირებს სესხებს, რაც თავის მხრივ ეკონომიკურ ზრდაზე ჰპოვებს უარყოფით ასახვას.

ასე რომ, თუ 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა, შემცირებული უცხოური ვალუტის ფონზე, ლარის კურის გაუფასურების წინაშე იდგა. ეროვნული ბანკის არასწორმა პოლიტიკამ, ლარის კურის სტაბილურობისთვის მონეტარული ბერკეტების გამოუყენებლობამ 1 წლის თავზე ქვეყანა უამრავი ეკონომიკური პრობლემის წინაშე დააყენა. მათ შორის, გაიზარდა ინფლაცია, გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა, რაც ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს, დაიხარჯა სავალუტო რეზერვები და ლარი 40%–ით გაუფასურდა. შედეგად საქართველო 2015 წელს გაუარესებული მაკროეკონომიკური პარამეტრებით ხვდება, რასთანაც გამკლავება ეროვნული ბანკის ახალ პრეზიდენტს მოუწევს.

 

მერაბ ჯანიაშვილი

 

 

Share