Home » ფინანსები » “ლარის გაუფასურება კომერციული ბანკების დასახმარებლად ლარის ჭარბი რაოდენობით მიწოდებითაა განპირობებული”
"ლარის გაუფასურება კომერციული ბანკების დასახმარებლად ლარის ჭარბი რაოდენობით მიწოდებითაა განპირობებული"
ფოტო: IPN

“ლარის გაუფასურება კომერციული ბანკების დასახმარებლად ლარის ჭარბი რაოდენობით მიწოდებითაა განპირობებული”

ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ამერიკაში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია ეროვნული ბანკის მიერ გაცემული რეფინანსირების სესხების მოცულობას ასახელებს. მისი თქმით, სებ-მა ბოლო თვეებში სესხების მოცულობა 250 მლნ-დან 1,3 მლრდ-მდე გაზარდა, რამაც ლარის დასუსტება გამოიწვია.

„ბოლო პერიოდის ლარის გაუფასურება ძირითადად გამოწვეულია ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში ლარის ზედმეტი, დაუსაბუთებელი მასის გაშვება. ბოლო ოთხ თვეში ეროვნულმა ბანკმა მილიარდ ლარზე მეტი ზედმეტი ფულის მასა გაუშვა მიმოქცევაში ე.წ. რეფინანსირების სესხების სახით. ივნისში ე.წ. რეფინანსირების სესხების მოცულობა 250 მილიონ ლარამდე შემცირდა. სწორედ იმ პერიოდში დასტაბილურდა კიდეც ლარი. თუმცა ივნისის შემდეგ ეროვნული ბანკი ისევ დაუბრუნდა ე.წ. რეფინანსირების სესხების მანკიერ პრაქტიკას და დღეისთვის მისმა მოცულობამ 1,3 მილიარდს მიაღწია. როგორც ვხედავთ, ოთხ თვეში მიმოქცევაში ზედმეტად გაშვებულია მილიარდ ლარზე მეტი, რამაც გამოიწვია ლარის გაცვლითი კურსის დაცემა, – განაცხადა „კომერსანტთან” საუბრისას ბასილიამ.

მისივე თქმით, რეფინანსირების სესხებს სებ-ი გასცემს იმიტომ რომ, კომერციულ ბანკებს არა აქვთ საკმარისი ფულადი რესურსი, რომ დაფარონ თავიანთი ვალდებულებები.

„ის, რასაც ეროვნული ბანკი აკეთებს, არ გახლავთ რეფინანსირების ერთკვირიანი სესხები, რაც მართლაც აუცილებელი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რეალურად, ეს გახლავთ საგანგებო სესხები, რათა თავიდან იქნეს აცილებული შეფერხებები კომერციული ბანკების საქმიანობაში, რამაც საბოლოოდ შესაძლოა, საბანკო სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს. ანუ, ეროვნული ბანკი ეხმარება კომერციულ ბანკებს, მაგრამ ეს დახმარება ნიშნავს მიმოქცევაში ფულის დამატებითი მასის გაშვებას, რაც უარყოფითად მოქმედებს ლარის გაცვლით კურსზე”, – დასძინა ბასილიამ.

საბანკო სფეროს სპეციალისტთა ერთი ნაწილი თემურ ბასილიას შეფასებას იზიარებენ. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი დავით ასლანიშვილი „კომერსანტთან” საუბრისას აცხადებს, რომ წინა წლებში რეფინანსირების სესხების ზრდა სახელმწიფოს მიერ შიდა ვალის მატებას უკავშირდებოდა. ახლა კი, როდესაც ბოლო თვეებში სესხის მოცულობა ისევ გაიზარდა, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ბანკები ლიკვიდობის პრობლემის წინაშე დგანან. ამასთან, მისივე თქმით, დღეს ლარის კურსის ვარდნის ერთ-ერთი მიზეზიც შესაძლოა, რეფინანსირების სესხების გაზრდილი მოცულობა იყოს.

„ახლა კი სიტუაცია ასეთია: მიმოქცევაში ლარის მასა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ამასთან, ფინანსთა სამინისტროს გამოშვებული აქვს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიც. შედეგად გვაქვს სიტუაცია, როდესაც რამდენჯერმე დაანონსებული ლარის გამყარების ამბავი არის არარეალური. ეროვნულ ვალუტას დაკარგული აქვს მთავარი ფუნქცია – ნდობა. ასე რომ, დღეს, როდესა ლარს ეს ფუნქცია დაკარგული აქვს, მასის ზრდის შემთხვევაში ხდება კონვერტაცია და ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის”, – განაცხადა ასლანიშვილმა.

ფინანსისტი და ეკონომისტი დავით წიქარიძე მიიჩნევს, რომ ლარის მდგომარეობა დღეს რეალურად ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობას ასახავს და ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის გაცემული რეფინანსირების სესხებთან ძირითადი კავშირი არ აქვს.

„ლარის გაუფასურების მიზეზი შეიძლება რეფინანსირების სესხებიც იყოს, მაგრამ მისი წილი ამაში მხოლოდ 5-10%-ია. მთავარი მიზეზი, რის გამოც დღეს ეროვნული ვალუტა უფასურდება, ესაა ჩვენი ეკონომიკა. ლარის მდგომარეობა დღეს ჩვენი ეკონომიკის მდოგმარეობას ასახავს. მის გაუფასურებაზე აბსოლუტურად ყველაფერი მოქმედებს. სანამ ეკონომიკა არ გაჯანსაღდება,ლარის ასეთი მდგომარეობა მუდმივად იქნება. და კიდევ ერთი მიზეზი, ესაა დეფიციტური ბიუჯეტი”, – აღნიშნა „კომერსანტთან” საუბრისას დავით წიქარიძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხების მოცულობა მაქსიმალურ ზღვარამდე გაზარდა. თუ ზაფხულში სებ-ი მუდმივმოქმედ და ერთდღიან სესხს, პრაქტიკულად, არ გასცემდა, აგვისტოს ბოლოდან ჯერ ერთდღიანის, შემდეგ კი დამატებით მუდმივმოქმედი რეფინანსირების სესხების გაცემა დაიწყო. ამჟამად კი კომერციული ბანკების მიერ სებ-იდან აღებული სესხის მოცულობა 1,250 მლრდ ლარს შეადგენს.

წყარო: კომერსანტი

Share