Home » ფინანსები » ლარის დევალვაცია მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია
ლარის დევალვაცია მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია

ლარის დევალვაცია მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია

ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრი მერყეობით ხასიათდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის შესყიდვა 2.7146 ლარად არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ლარმა პარასკევს დოლართან მიმართებაში გამყარების სწრაფი ტემპი დაიჭირა და ერთ დღეში 4 თეთრით 2.7505-დან 2.7146-მდე გამყარდა.

სავალუტო ბაზარზე ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის და უეცარი გამყარებისგან თავის არიდების მიზნით, სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. ლარის კურსის გაუფასურებას ეკონომისტი აკაკი ცომაია მოლოდინებს უკავშირებს. მისი თქმით, სწორედ ეს ფაქტორი იწვევს ლარის კურსის საკმაოდ დიდ რყევებს.

“ბოლო პერიოდში და არა მხოლოდ ბოლო 2 თვის პერიოდში, არამედ ბოლო რამდენიმე თვის პერიოდში ლარის კურსზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს მოლოდინების ფაქტორი. სწორედ ეს ფაქტორი იწვევს ლარის კურსის საკმაოდ დიდ რყევებს. არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში სტერეოტიპები, რომ თითქოს არსებობს რაიმე სეზონური ფაქტორები, არატურისტული სეზონები და ამგავრი მოსაზრებები, როცა ლარი უნდა გაუფასურდეს.

მომავლის რწმენა ადამიანებში არის ბუნდოვანი, გაურკვეველი. შესაბამისად, საზოგადოებაში არის მოლოდინი, რომ ლარი უფრო უნდა უფასურდებოდეს, ვიდრე მყარდებოდეს. ეს გადაიზრდება ხოლმე შესაბამის მოქმედებებში, ანუ ადამიანები ვიშორებთ ლარს და ვახურდავებთ მას დოლარში”, – აცხადებს ცომაია.

ეკონომისტების ნაწილი ლარის კურსის გაუფასურებას მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ. როგორც აკაკი ცომაია აღნიშნავს, ლარის კურსის დევალვაციას მოლოდინებთან ერთად ეს ფაქტორიც განაპირობებს და მთავრობის მხრიდან ყურადღება გასამახვილებელია შესყიდვების ნაწილსა და ბიუჯეტის ათვისებაზე.

“მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში ჩვენ მთავრობის შესყიდვების ნაწილი უნდა განვიხილოთ, ანუ სამთავრობო ხარჯები. სამთავრობო შესყიდვები გულისხმობს იმას, რომ რეალურად ხდება საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, რომელიც ხშირად არის იმპორტირებული საქონელი და მომსახურება. მაქვს ეჭვი რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს იმპორტის რაოდენობა საკმაოდ იზრდება. ერთი რომ არაგამჭვირვალეა ხარჯვა, მეორე რომ გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებენ უცხოური კომპანიები, რომლებიც რეალურად უმეტსწილად ქართული კომპანიები არიან. ასე თუ ისე, ხდება უცხოური ვალუტის გადინება საზღვარგარეთ. გარდა ამისა, როდესაც ადგილი აქვს ე.წ. არათანაბარ ხარჯვას, ანუ როდესაც ორ კვარტალში არაფერი იხარჯება და მესამე და მეოთხე კვარტალში იხარჯება მთელი ბიუჯეტი. ეს, რა თქმა უნდა, დიდ გავლენას ახდენს სავალუტო ბაზარზე, რადგან ერთბაშად გამოდის დიდი რაოდენობის უცხოური ვალუტის შესყიდვა. ეს იწვევს კურსის გაუფასურებას, რასაც, ბუნებრივია, თან ერთვება მოლოდინების ფაქტორიც”, – აღნიშნავს აკაკი ცომაია.

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე–პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის დევალვაცია განპირობებულია მაკროეკონომიკური პრობლემებით, რომელიც ჩვენი ეკონომიკის სეზონურობიდან გამომდინარეობს.

“უკვე ერთი თვეა ლარი გაუფასურებას განაგრძობს და ტრადიციულად, ამას ყველა სრული უმოქმედობითა და აბსურდული არგუმენტებით პასუხობს. ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული არგუმენტი, გახლავთ მეზობელი და მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების დევალვაცია. რომლებიც, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ან მყარდებიან ან სტაბილურობას ინარჩუნებენ, დოლართან მიმართებაში. რა ხდება სინამდვილეში, სინამდვილეში ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი მაკროეკონომიკური პრობლემები, რომელიც ჩვენი ეკონომიკის სეზონურობიდან გამომდინარეობს”, – აცხადებს ბაირახტარი.

მისივე თქმით, ძირითადი მონაცემები, რითაც ქვეყანაში დოლარი შემოედინება, შემცირებულია.

“მაგალითად, უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი მთავარი წყარო ექსპორტი, აგვისტოს თვესთან შედარებით, სექტემბერში 304 მლნ დოლარით არის შემცირებული. უცხოური ვალუტის კიდევ ერთი წყარო, ტურიზმი, ასევე კლების ტენდენციით ხასიათდება, თუ აგვისტოში ქვეყანას 1,3 მლნ ვიზიტორი ეწვია, სექტემბერში ეს რიცხვი 892, 463 ვიზიტორს არ აღემატებოდა. ფულადი გზავნილები, რომელიც მართალია მცირედით მაგრამ მაინც შემცირებულია სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით. აგვისტოში – 135მლნ, სექტემბერში 131 მლნ. თუ ამ ყველაფერს დავამატებთ ბიუჯეტის ათვისებასაც, რომლის მიხედვითაც აგვისტოს თვეში მაგალითად ინფრასტრუქტურული პროექტების მხოლოდ 34 % იყო ათვისებული, საკმაოდ ნათელს სურათს ვიღებთ იმისას, თუ რატომ უფასურდება ლარი. აქედან გამომდინარე, მგონი ამ ჩვენს მეზობლებზე გადაბრალებას, სჯობს დავსხდეთ და სიმართლეს გაუსწოროთ თვალი, ასე უფრო ადვილი იქნება პრობლემის გადაჭრა”, – აცხადებს ბაირახტარი.

ლიკა მაისურაძე

Share